Accessibility links

იური ლუჟკოვი: „ედინაია რასია“ მხარდამჭერებს კარგავს


მოსკოვის მოქმედი მერის, სერგეი სობიანინის ამ პოსტზე დანიშვნიდან ერთი წლის თავზე რადიო „თავისუფლების“ რუსულ სამსახურს ინტერვიუ მისცა იური ლუჟკოვმა – სობიანინის წინამორბედმა. ლუჟკოვმა მოსკოვის მერის პოსტზე 18 წელიწადი იმუშავა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა – სანამ პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა. ამ ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს შემოგთავაზებთ. როგორც ირკვევა, მოსკოვის ყოფილი მერი საკმაოდ პესიმისტურად აფასებს მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ პერსპექტივებს:

მედვედევით თუ უმისოდ, „ედინაია როსიისთვის“ ეს სერიოზული გაკვეთილი იქნება და ის მხარდამჭერთა ხმებს დაკარგავს, რადგან „ედინაია როსია“ არ მართავს. ის ხალხს კი არ იცავდა, არამედ მთავრობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ემსახურებოდა“.

აღსანიშნავია, რომ იური ლუჟკოვი „ედინაია რასიას“ უბრალოდ ერთ-ერთი დამაარსებელი არ ყოფილა. იგი ამ პარტიის სათავეებთან იდგა და ის მხოლოდ მოსკოვის მერის თანამდებობიდან მოხსნის პარალელურად დატოვა. „ედინაია რასიასთან“ გამომშვიდობებისას ლუჟკოვმა თანაპარტიელებს უსაყვედურა, ჩემს წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო ომს რატომ არ შეეწინააღმდეგეთო. დღეს კი ის ამ პარტიას პოპულარობის გარდაუვალ დაკარგვას უწინასწარმეტყველებს:

„ედინაია როსიის“ ავტორიტეტი დღეს, უბრალოდ, ნგრევის პროცესშია. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი რადიკალური ფორმით მიმდინარეობს. ინდივიდები – პარტიის ხელმძღვანელები – რჩებიან სუსტ ფიგურებად, არაფრით გამორჩეულად ორგანიზატორული, გონებრივი თუ სხვა შესაძლებლობებით. თავად პარტია კი – შესაძლოა, ამ ხალხის ასეთი მახასიათებლების გამო – კომფორტულ პარტიად იქცა. „ედინაია როსიის“ ხელმძღვანელობამ თავისთვის გადაწყვიტა, რომ მოსახერხებელია, როცა ემსახურები. ეს ყოველთვის უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე დამოუკიდებელი აზრის ქონა. იმისათვის, რომ ვინმეს არ დაეთანხმო, უნდა ფლობდე გარკვეულ პოტენციალს, ძალას – ადამიანის ძალას, რომელიც გარკვეულ ჯგუფს შეესაბამება. გრიზლოვი – რომელიც ამ პარტიის ლიდერი კი არა, მისი უფროსია – არის უღიმღამო პიროვნება, რომელიც ყოველთვის სხვების სამსახურში იდგა და რომელსაც არ შესწევს უნარი, დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეს“, – აცხადებს მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი.

რადიო „თავისუფლების“ რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ქვეყნის სათავეში მდგომი ტანდემის – პუტინ-მედვედევის – გეგმებიც შეაფასა:

„ამ პროცედურას რაც შეეხება – პუტინის პრეზიდენტის პოსტზე როტაციას – ეს, სხვა თუ არაფერი, უფრო სწორი ნაბიჯია, ვიდრე ამ თანამდებობაზე მედვედევის წარდგენა. მედვედევმა უკვე გამოავლინა, რომ არ შესწევს უნარი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვეტოს. ვერ გეტყვით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მედვედევის მუშაობაც ისევე მკვეთრად უარყოფით შედეგებს მოუტანს თუ არა ქვეყანას, როგორიც მისი პრეზიდენტობის დროს იყო. მედვედევი არ არის მზად, უმაღლეს სახელმწიფო დონეზე გადაჭრას ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის პოსტსაც ეხება. მოცემულ პერიოდში – ხელისუფლების, პრეზიდენტის შეცვლის დროს – რუსეთს სათავეში ისეთი პირი ესაჭიროება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ააღორძინებს – და ამას ნავთობით, გაზით და ბუნებრივი რესურსებით კი არ გააკეთებს, არამედ უბრალო პროდუქტებით და წარმოებით, დაწყებული სოფლის მეურნეობის სფეროთი, დამთავრებული ავტომობილებით, თვითმფრინავებით, ელექტრომოწყობილობებით, წამლებით და ასე შემდეგ - იმით, რაც, ფაქტობრივად, დაკარგული გვაქვს. უბრალო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 70 პროცენტი დღეს იმპორტით შემოდის და სახელმწიფო იმ ფულს ხარჯავს, რომელსაც ნავთობის სანაცვლოდ დოლარებთ იღებს“.
XS
SM
MD
LG