Accessibility links

logo-print
აგვისტოს ომის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, აფხაზური, ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. ერთ-ერთი დისკუსიისას, რომელიც თურქეთში გაიმართა, გაჩნდა იდეა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის კვლევის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ერთობლივი კრებული მოემზადებინათ.

„ქართულ-ოსური კონფლიქტი – მშვიდობის ძიებაში“ – ასე ჰქვია კრებულს, რომელიც ექსპერტებმა გამოსცეს. ორივე მხრიდან ექვსმა მკვლევარმა დაწერა სტატიები კონფლიქტის, დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, დემოგრაფიული სურათისა და დევნილთა დაბრუნების პერსპექტივების შესახებ. ქართული მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ გიორგი თარხან-მოურავი, ივლიანე ხაინდრავა და რევაზ გაჩეჩილაძე.

კოორდინატორი იყო არჩილ გეგეშიძე. ოსური მხრიდან კრებულზე მუშაობდნენ ბატრაძ ხარებოვი, მერაბ ჩიგოევი და მარია კოტაევა. ოსური მხარის კოორდინატორი კოსტა ძუგაევი იყო. ექსპერტები სტამბოლში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრისას გაჩნდა სწორედ ასეთი კრებულის შექმნის იდეა. მეორედ კი ერთმანეთს უკვე მომზადებული სტატიები გააცნეს. ავტორების მიზანი არ ყოფილა 2008 წლის აგვისტოს ომის ანალიზი, მათ აქცენტი ომის შემდგომ პერიოდზე, ნდობის აღდგენის, სამოქალაქო დიალოგის პერსპექტივასა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეს. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი, არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალს პოლიტიკოსები ვერ პოულობენ, ამ დროს კი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა და მცირედი წვლილის შეტანა ნდობის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანია. მისი აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტი ნაკლებადაა შესწავლილი და ეს სიცარიელე უნდა შეივსოს.
განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ავტორები ზოგად პრინციპებზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული სტატიის წერისას სრული თავისუფლება ჰქონდათ. ამიტომ ქართველ და ოს ავტორებს შორის არ არის ტერმინოლოგიური და, ხშირ შემთხვევებში, არც შინაარსობრივი თანხვედრა. მაგალითად, ოსური მხარე, რასაც სახელმწიფო საზღვარს უწოდებს, ქართული მხარე მას ადმინისტრაციულად მოიხსენიებს. ამის მიუხედავად, ყველა სტატია კონსტრუქციულ ჭრილშია განხილული და იგრძნობა, რომ ექსპერტები ერთმანეთისადმი პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. კრებულის შესავალ ნაწილში ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი კოსტა ძუგაევი წერს, რომ ასეთი სახის ექსპერტული პუბლიკაციები აგვისტოს ომის შემდეგ პირველია. ეს კი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. კრებულის რედაქტორი სწორედ ამ უნივერსიტეტის პროფესორი სიუზენ ალენ ნანია. კოსტა ძუგაევი აღნიშნავს, რომ, 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, მისი მოგვარების პერსპექტივა რეალური იყო, საქმე წინ მიდიოდა, მაგრამ აგვისტოს ომმა ყველა პროცესი შეაჩერა. მისი აზრით, ომიდან სამი წლის შემდეგ შესაძლებელი ხდება, სამეცნიერო საზოგადოება ჩაერთოს პროცესში და დაიწყოს პრობლემების გააზრება. კოსტა ძუგაევის განცხადებით, ეს კრებული პირველი მერცხალია, რომელმაც პოლიტკორექტულობა და მკვლევარებს შორის ურთიერთპატივისცემა წარმოაჩინა.

ორივე მხარის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სახის კვლევა უნდა გაგრძელდეს და სხვა პოლიტოლოგებმა და კონფლიქტოლოგებმაც უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა. არჩილ გეგეშიძის მოსაზრებით, ამგვარი ექსპერტული სტატიები და დასკვნები მომავალში პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილებების მიმღებებთათვის ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა გახდეს.

კრებული „ქართულ-ოსური კონფლიქტი – მშვიდობის ძიებაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით გამოიცა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG