Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 ოქტომბერი, 2011


21 ოქტომბრის გაზეთი „რეზონანსი“ მორიგ სამთავრობო ცვლილებას ეხმაურება. როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა – ზაზა გოროზიამ შეცვალა. გაზეთი იუწყება, რომ სააკაშვილი კიდევ რამდენიმე მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის მოხსნას გეგმავს. ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროების ცნობებზე დაყრდნობით, ”რეზონანსი” წერს, რომ გოროზიას თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია შეცვლის. ჯერჯერობით, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, შეიცვალოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც და მან თავისი კარიერა რომელიმე ქვეყანაში ელჩის პოსტზე განაგრძოს. გაზეთი იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლის მიზეზი შესაძლოა ბიუჯეტის პროექტი გახდეს – მის სავარაუდო შემცვლელებს შორის კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი მოიაზრება.

„18 ელჩის მესიჯი“ – ასეა დასათაურებული სტატია, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას ეძღვნება. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს შეხვედრა მთელი მსოფლიოსათვის გარკვეული გზავნილი იყო. ციტატა: „ძალიან საინტერესო ფაქტია ეს მისვლა, შემადგენლობაც და მისვლის განრიგიც. ამერიკის ელჩი მივიდა და მთელი დელეგაცია წაიყოლია, თანაც ყველა საელჩოს პირველი პირი იყო მისული. ეს იმას ნიშნავს, რომ მის პიროვნებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...”

„თბილისში გარემოვაჭრეების ტოტალური დარბევა მიდის“ – იტყობინება გამოცემა და გვთავაზობს რეპორტაჟს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარემოვაჭრეები ჩივიან, რომ პატრულის თანამშრომლები მათ საქონელს ართმევენ და ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებიან: „ისინი ცემასაც არ მოერიდნენ, ხელი დალურჯებული მქონდა და მუხლიც გატეხილი, როდესაც ქუჩაში გამვლელი წამოდგომაში მეხმარებოდა, პატრულის თანამშრომლებმა მას უთხრეს – ხელს ნუ ჰკიდებთ, ლოთი-ბრადიაგაა“ – ამბობს ჟურნალისტთან საუბარში მოხუცი გარემოვაჭრე ქალბატონი.

ბიძინა ივანიშვილის თემა აქტუალურია გაზეთ „ვერსიისთვისაც“ – ნომერს ხსნის ინტერვიუ ხელისუფლების გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი გაბაშვილთან. „ის ან იძულებულია იყოს პუტინის აქტორი – ამბობს გაბაშვილი ივანიშვილზე – ან ეს სიამოვნებს. ჩემი პოზიციაა, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. პუტინისათვის კი აყვავებული საქართველო კოშმარია, ქაოსში ჩაფლული კი ჭეშმარიტი ოცნება“. გაბაშვილი დასძენს, რომ „პირადად ის ივანიშვილს სერიოზულ კონკურენტად ვერ აღიქვამს“. ივანიშვილი ძალიან მისაღები იყო როგორც ქველმოქმედი, ხოლო როგორც პოლიტიკოსი მისაღებია თუ არა ხალხისთვის, ეს არჩევნებზე გამოჩნდება“.

ქართული პრესა აქტიურად აშუქებს ლეიბორისტულ პარტიაში არსებულ განხეთქილებას, რაც მისი აქტიური წევრის, ნესტან კირთაძის პარტიის დატოვებით დასრულდა. თავად ლეიბორისტები, წერს „ახალი თაობა“, კირთაძის წასვლას დიდ პოლიტიკურ დანაკარგად არ მიიჩნევენ. კირთაძე კი აცხადებს: „მე არ ვარ ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი, მე მეცნიერი ვარ, პროფესორი და ვალდებულებითა და პრინციპებით სავსე ადამიანი. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა შანსი, რომ ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს“. აზრთა სხვადასხვაობა მასა და შალვა ნათელაშვილს შორის სწორედ ივანიშვილის ფიგურამ წარმოშვა, რომელსაც ლეიბორისტების ლიდერმა „მეორე სოროსი“ უწოდა.

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს ინტერვიუს „ქართული აკადემიის“ წევრ ნუკრი ქანთარიასთან – სახელწოდებით „ხელისუფლებაში ისეთი აგონია და ნერვიულობა ჩანს, რომ ტყვია მიზანში ვერ მოხვდება და უკან შემოუბრუნდებათ“. ინტერვიუ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდგომი მოვლენების ანალიზს გვთავაზობს. გაზეთი ასევე ავრცელებს რობერტ სტურუას „გარდიანში“ დაბეჭდილ წერილს. ციტატა წერილიდან: „ირონიულია, რომ ხელისუფლებამ, რომლის პოლიტიკაც დაფუძნებულია სიძულვილზე, შიშსა და რუსოფობიაზე, დამსაჯა მე, რადგან დავინტერესდი ჩვენი პრეზიდენტის ეთნიკური წარმომავლობით. თუ მე მართლაც დავარღვიე კანონი, მზად ვარ ყველა კითხვას დამოუკიდებელ სასამართლოზე ვუპასუხო“, – წერს სტურუა.

და ბოლოს, გაზეთი „24 საათი“ ეხმაურება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ჟენევაში გამართულ შეხვედრას, რომელიც ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა – ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეთანხმება კვლავაც ვერ შედგა: „თუ ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა გაზეთთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG