Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო, რუსეთი და საქართველოს ოკუპაციის პრობლემა


20 ოქტომბრის მორიგი უშედეგო რაუნდის მიუხედავად, საქართველო მზად არის კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის გარშემო. თუმცა საქართველოს მხარე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუკი რუსეთს რეალურად სურს ვმო-ში გაწევრიანება, პოზიციების გადახედვა თავად მას მოეთხოვება. არსებობს თუ არა გზები ჩიხიდან გამოსასვლელად?

მიუხედავად იმისა, რომ ვმო-ში რუსეთის ხილვა, უფრო ცივილიზებულ სავაჭრო ჩარჩოებში მისი მოქცევის იმედით, თბილისის სურვილიც არის, ქართული მხარე მაინც არ აპირებს შეცვალოს მთავარი პირობა, რომლის შეუსრულებლადაც რუსეთი ვერ მიიღებს საქართველოს აუცილებელ მხარდაჭერას ვმო-ში გასაწევრიანებლად.

საქართველო კვლავაც დაჟინებით მოითხოვს, რომ დაწესდეს საერთაშორისო კონტროლი და შედეგად, გამჭირვალე გახდეს საქონელბრუნვის პროცესი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებსა და რუსეთს შორის არსებულ საზღვარზე. საუბარია „განთიადი-ადლერისა“ და „როკი-ქვემო ზარამაგის“ საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე.
20 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 ოქტომბერს მოლაპარაკებათა გაგრძელებას და პოზიციების მოსინჯვას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული აზრი.

თბილისის ეს პრინციპული მოთხოვნა სრულ შესაბამისობაშია
ვმო-ს გარშემო რუსულ-ქართული მოლაპარაკებების შუამავალი მხარის, შვეიცარიის, პოზიციასთან, რომელიც საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოქმედი „სავაჭრო დერეფნის“ იდეას ეყრდნობა. სწორედ ამ იდეის გარშემო მსჯელობდნენ მხარეები ბოლო რამდენიმე რაუნდის განმავლობაში, მაგრამ რვა ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, როცა შვეიცარიის მხარე უკვე ტექნიკური საკითხების შეთანხმებაზე იყო კონცენტრირებული, რუსეთმა პრაქტიკულად წყალში ჩაყარა მთელი შრომა. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და რომ ამ „რეალობას“ არ შეესაბამება მათ საზღვარზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება.

ასეთი შედეგის შემდეგ, 20 ოქტომბერს, მოლაპარაკებათა მე-7 რაუნდზე დასასწრებად, ქართული მხარე შვეიცარიელმა შუამავლებმა მხოლოდ დაჟინებული თხოვნის შედეგად დაიყოლიეს. მართალია, მე-7 რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ქართული მხარის განწყობა მომავალ რაუნდთან მიმართებით, გარკვეულწილად, გაუმჯობესდა.

„თუ წინა რაუნდის შემდეგ ჩვენ ვამბობდით, რომ რა აზრი აქვს შემდეგ შეხვედრას, თუკი რუსეთის მხარე მოლაპარაკებათა ძირითად არსს ეწინააღმდეგება, 20 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 25 ოქტომბერს მოლაპარაკებათა გაგრძელებას და პოზიციების მოსინჯვას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული აზრი“, – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჟენევაში, ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მართალია, მოლაპარაკებათა კონფიდენციალური ხასიათის გამო, ელჩი ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს, თუ რაში ხედავს „გარკვეულ აზრს“ ქართული მხარე, თუმცა ის ზოგადად აცხადებს, რომ საქართველო არ ღალატობს მოლაპარაკებებისადმი ძველებურ „კონსტრუქციულ მიდგომას“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთისთვის, რომელმაც, დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის ფონზე, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანების იმედი არაერთხელ გამოხატა. თუმცა 19 ოქტომბერს, მხარდამჭერთა საზოგადოებრივი კომიტეტის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ვმო-ს პერსპექტივებთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმიც გამოამჟღავნა:

”თუკი გვეტყვიან, რომ არ ვვარგივართ, რაღაც მიზეზების გამო, ჩვენ ამას გადავიტანთ... და ეს ასეა – აბსოლუტურად ზუსტად, აბსოლუტურად გულწრფელად.”
ჩვენი პარტნიორები პატივს სცემენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, თვითონ რუსეთისგან განსხვავებით...

დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში დასავლელი პარტნიორების სავაჭრო ინტერესებშიც შედის და ეს რომ მართლაც ასეა, არაერთხელ გამოხატეს ვაშინგტონში თუ ევროკავშირის დედაქალაქებში. მაგრამ აშკარაა ისიც, რომ რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის მიდგომათა მკვეთრი განსხვავება არსებობს. გავიხსენოთ, რომ, დაახლოებით, ორი კვირის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომ ზეწოლა მოახდინონ საქართველოზე, რომ მან არ შეუშალოს ხელი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას.

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ჟენევაში, ელჩი ზურაბ ჭიაბერაშვილი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევს საუბარს იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს ზეწოლის პრინციპით უდგებიან:

„ყველამ იცის, რომ ეს ქვეყნების სუვერენული უფლებაა და ჩვენი პარტნიორები პატივს სცემენ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, თვითონ რუსეთისგან განსხვავებით. ის, რომ ამ საკითხზე გველაპარაკებიან ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პირდაპირ მითითებებსა და ინსტრუქციებს იძლევიან“.

ამავე კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ 19 ოქტომბერს ორმა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა როი ბლანტმა და ჯეიმს ინჰოუფმა მოუწოდა ობამას ადმინისტრაციას სრულად გაითვალისწინოს საქართველოს ინტერესები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობაზე თანხმობის მიცემამდე. სენატორები მიიჩნევენ, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან მიმართებით გამოვლენილი საქართველოს ინტერესი სამართლიანად უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და რომ ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ინტერესი.

„ასეთი აღიარების გარეშე, თანხმობა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე ტოლფასი იქნება რუსეთის მიერ იარაღის ძალით დაკანონებული ახალი საზღვრის საერთაშორისო დადასტურებისა. ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი შედიოდეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესში“, – ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორების წერილში.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ რესპუბლიკელების პოზიცია არ არის. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტშია განხილული ანგარიშში, რომელიც 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეა დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.

ამ ანგარიშის მიხედვით, „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რუსეთის გაწევრიანების საკითხთან მიმართებით, საქართველოს პრეტენზიების გათვალისწინება“ რეკომენდაციათა იმ ჩამონათვალში შედის, რომელიც შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ურჩევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG