Accessibility links

logo-print

"თავისუფალი დემოკრატები" ოფიცრის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვენ


"თავისუფალი დემოკრატები" თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ვეტერან სერგო თეთრაძის მკვლელობაში მონაწილე პირთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია-ბრიფინგი გამართეს. ახალგაზრდები თავდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა "ვეტერანი სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს". პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ, პასუხისგებაში მისცენ ყველა ის პირი, რომლებმაც წამებით მოკლეს სერგო თეთრაძე. ასევე, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ითხოვენ, დადგეს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას პასუხისგებლობის საკითხი და სასწრაფოდ გათავისუფლდეს თანამდებობიდან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თეთრაძე, რომელიც სავარაუდოდ, შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს, მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 57 წლის ვეტერანი სერგო თეთრაძე 2007 წლის შემდეგ სამხედრო ძალებში აღარ მსახურობდა. აფხაზეთის ომის ვეტერანი ოფიცერი 17 სექტემბერს დააკავეს და 24 სექტემბერს ოჯახს შეატყობინეს, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG