Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ოფიცრის სიკვდილის მიზეზი ერთი თვის შემდეგაც უცნობია


თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო
სულ მალე ერთი თვე შესრულდება სამხედრო ძალების ვეტერანის, ოფიცერ სერგო თეთრაძის ბურუსით მოცული სიკვდილიდან. აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს. ერთი კვირის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. მაგრამ დრო გადის და ოფიცრის მეუღლეს ექსპერტიზისგან პასუხი დღემდე არ მიუღია, მაშინ, როცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვეტერანი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ და თეთრაძის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს სთხოვენ.

სამხედრო დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერი სერგო თეთრაძე 2007 წლიდან აღარ მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. აფხაზეთის ომის მონაწილე, 57 წლის გადამდგარი ოფიცერი ოთხი წლის წინ შეიარაღებული ძალების რიგებიდან, ასაკის გამო, დაითხოვეს. მას შემდეგ თეთრაძე, ოჯახთან ერთად, მცირე პენსიით ირჩენდა თავს და მეუღლესთან, მარინა თეთრაძესთან ერთად 15 წლის შვილს ზრდიდა. ასე იყოს ეს 17 სექტემბრამდე, ვიდრე საკუთარ დაბადების დღეზე დაპატიმრებული, სავარაუდოდ, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი ციხეში არ გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა, მარინა თეთრაძემ ჩვენ სატელეფონო ზარს კი უპასუხა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნამდე კომენტარის გაკეთებაზე უარი გვითხრა.

„იცით რა, ჯერ არ მიმიღია ექსპერტიზის დასკვნა. და მკვლელობაა ეს, სიკვდილი თუ რა, ჯერ არ ვიცი. მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას“.

ექსპერტიზის დასკვნა მარინა თეთრაძემ, როგორც თავად ამბობს, 24 ოქტომბერს უნდა მიიღოს. მანამდე კი იგი დუმილს ინარჩუნებს და შიშით გაოგნებული კითხულობს, თუ რას ერჩოდნენ მის მეუღლეს, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ჯარში, სამშობლოს დაცვის სამსახურში გაატარა. ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი არც საქართველოს სამხედრო უწყებას აქვს, რომელსაც მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ თადარიგის ოფიცრის მკვლელობაში ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივისტები. სალომე მახარაძემ, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა და მინისტრის პრეს-მდივანმა, რადიო „თავისუფლებას“ აღელვებულმა უთხრა, რომ ძალიან განიცდის იმ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რასაც ამ დღეებში სამინისტროს ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქვამენ.

„მე ამ ადამიანს (სერგო თეთრაძეს) არ ვიცნობდი და არ მაქვს მომხდართან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია, თუ ზოგადად რა მოხდა. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, იწყება გამოძიება. ვფიქრობთ რომ, რაც აქვთ საეჭვო გარემოებები, ყველაფერზე უნდა დააყენონ საკითხი, რომ მოხდეს გამოძიება და მოხდება გამოძიება. მაგრამ ასე უაპელაციოდ ადამიანებზე ხელის გაშვერა, რომ ის მკვლელია – ამას მე არ ვიცი, რა ჰქვია“.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა მკვლელებად რამდენჯერმე მოიხსენია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯერ კიდევ 30 სექტემბერს გამართა ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს წინ და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს „ჯაშუშომანიით შეპყრობილი ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი“ უწოდა.

„მინდა მივმართო, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტროს, რომ გამოვლინდეს სერგო თეთრაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები. მე მინდა ასევე დავაყენოთ ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას პასუხისმგებლობის საკითხი... დღეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს რეალურად ჯალათების ჯგუფი, რომლებმაც სერგო თეთრაძე შეიწირეს ასევე „შპიონომანიის“ ამ ეგიდით“.

სერგო თეთრაძის ბურუსით მოცული მკვლელობის ინფორმაცია ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსაც გააცნო და განაცხადა, რომ მანამდე არ გაჩერდება, ვიდრე ამ საშინელი ისტორიის ყველა დეტალი არ გაირკვევა. ალასანიამ ამ საკითხზე ცოტა ხნის წინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა, გადაცემა „დიალოგში“ და, ამჯერად, პასუხისმგებლობა თადარიგის ოფიცრის სიკვდილზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.

„ჩვენ, როცა ვჩერდებით და გაჩუმებული ვართ, ჩვენ, ძალაუნებურად, ვხდებით ასეთი დანაშაულის თანამონაწილე. იგივე სერგო თეთრაძის საქმე. ადამიანი, რომელიც შპიონომანიით შეპყრობილმა სააკაშვილმა და თავდაცვის უწყებამ დააპატიმრა და ცემით მოკლა“.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგო თეთრაძის დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია, რომელმაც სამხედრო ობიექტების გარეთაც შეიძინა სამძებრო-ოპერატიული ფუნქცია. სწორედ სამხედრო პოლიციის საქმიანობას ხელმძღვანელობს მეგის ქარდავა, რომელიც, თავდაცვის სამინისტროში დანიშვნამდე, სამეგრელო-ზემო სავანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელად მუშაობდა და მის სახელს უკავშირდება ზუგდიდში მომხდარი ტერორისტული აქტების გახსნა. სწორედ მეგის ქარდავას მიაწერენ განსაკუთრებულ სისასტიკეს ეჭვმიტანილ პატიმრებზე, მათ შორის, სერგო თეთრაძეზე. მაგრამ ასეა თუ არა ეს, ძნელი სათქმელია. ასეთ ბრალდებებს თავდაცვის სამინისტრო არ პასუხობს და არც სამართლებრივად აპირებს თავის დაცვას. სამხედრო უწყების ასეთ პასიურობას სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ასე ხსნის:

„მიუხედავად იმისა, რომ მე ვალდებული ვარ, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და გიშუამდგომლოთ ყველაფერზე, ეს არის საკითხი, რომელზეც ამ წუთას ლაპარაკი არის ზედმეტი იმდენად, რამდენადაც მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ზედმეტი აჟიოტაჟი და ემოციური ფონის შექმნა, ეს, მე მგონი, საგამოძიებო მოქმედებებისათვის არის დამამძიმებელი და გამამართლებელი გარემოება და მეტი არაფერი“.

მაგრამ, ვიდრე არ იარსებებს სანდო საექსპერტო დასკვნა, თუ რამ გამოიწვია ერთი კვირის შემდეგ დაპატიმრებული, როგორც მისი მეუღლე ამბობს, სრულიად ჯანმრთელი ადამიანის სიკვდილი ციხეში და რაში ედებოდა ბრალი გადამდგარ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს, – მანამდე „ემოციური ფონი“ კიდევ უფრო დამძიმდება და სამხედრო უწყებას კიდევ უფრო ძლიერ დისკომფორტს შეუქმნის პასუხგაუცემელი კითხვები. შაბათს, თავდაცვის სამინისტროს შენობის წინ საპროტესტო აქცია უკვე "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს. მათ გაშლილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით“ – „ვეტერანი სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG