Accessibility links

logo-print
გამომცემლობა “სიესტამ” დიდი ამერიკელი მწერლის, ჰენრი დევიდ თოროს მთავარი წიგნი, “უოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება” გამოსცა. ქეთი ქანთარიას მიერ თარგმნილი ეს ნაწარმოები, ვფიქრობ, განსაკუთრებით დროული სწორედ დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდება. თითქმის ორი წელია, რაც ამ გადაცემას ვაკეთებ და ეს, ჯერჯერობით ყველაზე აქტუალური და თანამედროვე წიგნია, რომელიც კი ჩემს გადაცემაში მოხვედრილა. სწორედ ამიტომაც, დღეს პირველად ვიტყვი, რომ თოროს წიგნი ყველასთვისაა და იგი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა წავიკითხოთ.

თორომ სულ რაღაც 45-წლიანი ცხოვრება განვლო. დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სწავლის დროს კი იგი სპეციალურ სტიპენდიას იღებდა, როგორც ღარიბი სტუდენტი. უნივერსიტეტის შემდეგ რამდენიმე ადგილას მუშაობდა, თუმცა სტუდენტობის პერიოდიდან გამოყოლილმა გატაცებამ ემერსონის იდეებით იგი მის მიერ დაარსებულ ტრანსცენდენტალურ კლუბში მიიყვანა. წიგნის მთარგმნელის, ქეთი ქანთარიას აზრით, ტრანსცენდენტალისტებმა საუკეთესოდ შეურწყეს ერთმანეთს ევროპული აზროვნება და ამერიკული პროტესტანტობის ტრადიცია:

“ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კონკორდში ჩამოყალიბდა დაჯგუფება და ლიტერატურის და არამხოლოდ ლიტერატურის ისტორიაში, ეს იყო ამერიკელი ტრანსცენდენტალისტების დაჯგუფება, რომელმაც ევროპული ფილოსოფიისა და, ზოგადად, აზროვნების ტრადიციისა და ამერიკული პროტესტანტობის ტრადიციის საუკეთესო შერწყმა მოახდინა”.

სულ მალე თორო ამ კლუბის ერთ-ერთ აქტიურ და მნიშვნელოვან ფიგურად იქცა:

“ამ დაჯგუფებიდან ყველაზე გამორჩეული ფიგურა მაინც იყო თორო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მისი მნიშვნელოვნება ნაკლებად იგრძნობოდა დაჯგუფებაში, დრომ გამოაჩინა, ვინ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური თავისი აზროვნებით. ტრანსცენდენტალისტებს ყველას ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებრიობისა და ბუნების მიმართ. თოროს მთელი ნაწერები ეს არის ბუნებით განსაკუთრებული ტკბობა და სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებისადმი. მე მეჩვენება, რომ თორო ბუნებაში ეძებდა თავისუფალი ადამიანის დასაყრდენს. თავისუფალი ადამიანისა საზოგადოებისგან, ხელისუფლებისაგან, მატერიალური პირობებისაგან..."

თორო რაღაც პერიოდში ემერსონთანაც კი ცხოვრობდა, ეხმარებოდა მეურნეობაში, ბავშვების აღზრდაში... ყველაფერი ეხერხებოდა, დურგლობაც, ხუროს ხელობაც და მიწაზე მუშაობაც, თუმცა მიწაზე და ქვაზე უფრო მეტად იგი თავის თავს ამუშავებდა. მისთვის თვითშემეცნება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე კარიერა და სწორედ ამიტომ წინსვლასა და სახელმწიფო სამსახურს განმარტოება და დაუმორჩილებლობა ამჯობინა. იგი დაუპირისპირდა ოფიციალურ რელიგიას, მთავრობას გადასახადებს არ უხდიდა, მთავრობას, რომელიც ამ თანხებით მონათმფლობელობას უმაგრებდა საფუძვლებს. სხვათა შორის, ამის გამო, 1845 წელს იგი ციხეშიც კი მოხვდა, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა, განმარტოებულიყო და ორი წლით უოლდენის ტბისპირა ტყეში, თავისი ხელით აშენებულ ქოხში გაატარა. სწორედ ამ პერიოდის ფიქრებია გადმოცემული წიგნში, რომელიც მისი ცხოვრების Opus Magnum-ად იქცა, წიგნად, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა თავისუფალი აზროვნების განვითარებაზე:

“რით შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ქართველი მკითხველისთვის ასეთი წიგნი? პირველ რიგში, ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებისთვის (რომელიც, ალბათ, ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, თუ არის საერთოდ) და, ამ მხრივ, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის აღზრდა. ეს ძალიან იგრძნობა, მე მგონი, ჩვენს რეალობაში და საჭირო იყო რომელიღაც ასეთი მნიშვნელოვანი ავტორის თარგმნა, რომელიც ადამიანს უბრალოდ ასწავლის, როგორ მოიპოვოს ეს თავისუფლება და, საერთოდ, დააფიქროს ამაზე”, - ამბობს ქეთი ქანთარია.

ესაა წიგნი, რომელიც კი არ გვასწავლის, გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ გავთავისუფლდეთ მუდმივი შფოთვისა და დაძაბულობისგან, რომელიც ლამის უკურნებელ სენად გვექცა. ამ დაავადების მიზეზები ჩვენი საქმისადმი ჩვენსავე დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ, ამ საქმეების მნიშვნელოვნების გაზვიადებაში და საკუთარ თავზე მომეტებულ ზრუნვაში. საკუთარ თავზე ზრუნვაში აქ ზედმეტობები იგულისხმება, ზედმეტი საკვები, ზედმეტი შემოსავალი, 10 ხელი ტანსაცმელი და სხვ.

თორო იმ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ხალხს ელაპარაკება თავის ნაწერში და ცდილობს ამ ხალხის აზრზე მოყვანას, გათავისუფლებას, ცნობისწადილითა და ახალი სულისკვეთებით აღვსებას.

“როგორ შეიძლება ადამიანი იყოს დამოუკიდებელი - მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, რამდენადაც ეს შესაძლებელია... საერთოდ, მიკვირდა, იმ სოციალურად მძიმე გარემოში, რომელიც ჩვენთან შეიქმნა, არავინ არ გამოჩნდა ისეთი, ვინც ადამიანს ამ თვალსაზრისით წაეხმარებოდა, რათა ამ მორალური დაჩაჩანაკებისა და უსუსურობის განცდის პერიოდში არავინ არ გამოჩნდა, არც ავტორი, არც... პოლიტიკას შევეშვათ, პოლიტიკურ პარტიებს და სოციალურ თემატიკას... არავინ მოისურვა, რომ ყველაზე ღარიბ, დაუცველ ადამიანს გვერდით დადგომოდა და რაღაცა სულისკვეთება შთაებერა, რომელიც აუცილებელია, რომ ის დარჩეს ადამიანად და დარჩეს ღირსების მქონე ადამიანად. აი, ასეთი ავტორია თორო, მე ამისთვის მიყვარს ის განსაკუთრებით, ამ წიგნის მხატვრულ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ", - აღნიშნა ქეთი ქანთარიამ.

ეს წიგნი, რომელიც სხვათა შორის, კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა, იხსნება თოროს უმნიშვნელოვანესი ესეთი, “სამოქალაქო ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის შესახებ”. ესე უკვდავი ოცნებით იწყება: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს”. მინდა, რაც შეიძლება მალე და სისტემურად ვიხილო იგი განხორციელებული. განხორციელებულს კი, საბოლოო დედააზრად ეს ჰქოდეს: ,,საუკეთესო ხელისუფლება ისაა, რომელიც საერთოდ არ მართავს”. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ”.

წიგნის ყდაზე რობერტ ფროსტის სევდიანი სიტყვებია გამოტანილი: “თოროს ამ ერთ წიგნში ყველაფერია, რაც ამერიკაში გვქონდა და დავკარგეთ”. მართალია, ფროსტის ეს სიტყვები ამერიკას ეხება და სხვა ქვეყნის დანაკარგზე, სხვა ქვეყნის წარსულზეა აქ საუბარი, მაგრამ არც საკუთარ განძზე დაფიქრება გვაწყენდა, განძზე, რომელიც ჯერ არც დაგვიკარგავს, არამედ მომავალში უნდა მოვიპოვოთ. ჩვენით უნდა შევქმნათ, თავისუფალმა ადამიანებმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG