Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ეკლესია ჯერ ისევ ელოდება თურქეთის პასუხს


ოშკი
ოშკი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ჯერჯერობით არ მიუღია პასუხი წერილზე, რომელიც მან თურქეთის პრემიერ-მინისტრს 26 სექტემბერს გაუგზავნა და რომელიც ქართული ტაძრებისა და მონასტრების საქართველოსთვის დაბრუნების თხოვნას გულისხმობს. საკითხით დაინტერესებას გამოხატავს საგარეო საქმეთა სამინისტრო. რამდენად კანონიერია საქართველოს მოთხოვნა და რამდენად მოსალოდნელია მისი დაკმაყოფილება?

”გთხოვთ, უახლოეს პერიოდში განიხილოთ ჩვენი ეკლესიის სამართლიანი თხოვნა - თურქეთის ტერიტორიაზე იურიდიული სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკუთრების შესახებ”, - ამ სიტყვებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯებ ტაიპ ერდოანს ერთი თვის წინ მიმართა. თუმცა ამ ეტაპისთვის არსებობს ერთადერთი პასუხი, რომლის მიხედვითაც ”წერილი განხილვის პროცესშია”.
როგორც 23 ოქტომბერს, საკვირაო ქადაგების დროს, სამების ტაძარში შეკრებილ ადამიანებს განუმარტა თავად კათალიკოს-პატრიარქმა, საქართველო თურქეთისგან მოელის იმას, რაც უკვე მიიღო რამდენიმე სხვა ქვეყანამ:

”(თურქეთის) ხელისუფლებამ გამოუშვა ასეთი ბრძანება, რომ გადაეცეს იმ ერს, ვისი ტაძრებიც არის თურქეთში. გადასცეს ბერძნებს, სომხებს, რუსებს. ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუციათ.”

ილია მეორემ აღნიშნა ასევე, რომ ქართული ტაძრებისა და მონასტრების დაბრუნების საკითხისთვის თვალყურის საგანგებოდ დევნება მან თურქეთში საქართველოს ელჩს და კონსულს დაავალა და ამ საკითხს მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დაკონკრეტების გარეშე გამოთქვა იმედი, რომ გათვალისწინებული იქნება ქართული მხარის მიერ წამოყენებული რამდენიმე პრინციპული წინადადება.

თუმცა არსებობს განსხვავებული და არცთუ იმედისმომცემი განმარტებებიც. მაგალითად, თეოლოგ ლევან აბაშიძის აზრით, იმ დადგენილების თანახმად, რომელიც 27 აგვისტოს გამოსცა თურქეთის მთავრობამ, ქართული ეკლესია თანაბარ სიბრტყეში ვერ განიხილება იმავე ბერძნულ, სომხურ თუ რუსულ ეკლესიებთან ერთად. საქმე ის არის, რომ ამ დოკუმენტით თურქეთის სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისის სამართლიანობის აღდგენა, ანუ 1936 წლის შემდეგ ჩამორთმეული საეკლესიო ქონების დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო ხსენებულ პერიოდში თურქეთის ახლად შექმნილ სახელმწიფოს საქართველოსთვის არაფერი ჩამოურთმევია.

”რასაკვირველია, ვთქვათ, ხახულიც და ოშკიც ქართულ კულტურას ეკუთვნის და ოდესღაც შედიოდა ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში... მაგრამ ისევე როგორც თურქეთის ტერიტორიაზე იყო სომხური თემი და ამ თემს ეკუთვნოდა სომხური ეკლესიები, ისევე როგორც იყო ბერძნული თემი და ამ თემს ეკუთვნოდა ბერძნული ეკლესიები, ასეთი ქართული მართლმადიდებლური თემი თურქეთის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში არ ყოფილა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლევან აბაშიძე.

მართალია, თეოლოგი ბუნებრივად და პრიორიტეტულად მიიჩნევს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას, საქართველოს ინტერესების განხილვა ერდოანის მთავრობის ბოლო დადგენილების კონტექსტში მას მაინც შეცდომად მიაჩნია.

ის ფაქტორი, რომ თურქეთის მთავრობის 27 აგვისტოთი დათარიღებული დოკუმენტის შინაარსი პირდაპირ არ შეესაბამება ქართული ეკლესიის ამჟამინდელ მოთხოვნას დაუბრუნონ ეკლესია-მონასტრები, არსებითად გათვალისწინებულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წერილშიც, მაგრამ ამ წერილში ილია მეორე რეჯებ ტაიპ ერდოანს ქართული ეკლესიის მძიმე ისტორიას შეახსენებს და ქართული ეკლესიის საკითხის ცალკე განხილვას ითხოვს. კათალიკოს-პარტიარქი წერს, რომ ”1930 წელს, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებით და თურქეთის ახლად შექმნილი სახელმწიფოს კანონმდებლობით განისაზღვრა რამდენიმე დენომინაციის სტატუსი”, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხვდა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკიდურესად შევიწროებული და დევნილი საქართველოს ეკლესია.

ძნელი სათქმელია რამდენად გაითვალისწინებს ანკარა ასეთ არგუმენტებს - მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე ჭიანურდება ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის.

საუბარია სამთავრობო დონეზე პრინციპულად მხარდაჭერილ ხელშეკრულებაზე, როლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული ძეგლების - ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთა ეკლესიის - გადარჩენა და რესტავრაცია. სანაცვლოდ კი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განახლდეს სამი და აშენდეს ერთი მეჩეთი, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ბათუმში დამწვარი აზიზიეს მეჩეთის სანაცვლოდ.

ხელშეკრულების ამ სახით გაფორმებას საქართველოში სერიოზული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ და მათ შორის იყო საპატრიარქოც. ცნობილი პოზიციის მიხედვით, მეჩეთების განახლება-მშენებლობის თემის წამოწევას საპატრიარქო გაუმართლებლად მიიჩნევდა იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს არ გადმოეცემოდა თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლები - არდაშენის ტაძარი და ხახულის მონასტერი.

რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, 24 ოქტომბერს ვერ შეძლო იმის დადგენა, თუ რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს ამჟამად. თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ვერ ხერხდება ხელშეკრულების გაფორმება ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის და, შესაბამისად, ვერ ხერხდება ქართული ხუროთმოძღვრების ოთხი უძველესი ძეგლის გადარჩენა-რესტავრაცია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG