Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 ოქტომბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღევანდელი ქართული პრესა ყურადღებით განიხილავს ინტერვიუს, რომელიც ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა მისცა ია ანთაძეს. ის გამოცემები კი, რომლებიც ინტერვიუს არ ახსენებენ, მაინც ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას აანალიზებენ. ჟურნალი ”ტაბულა”, მაგალითად, ორ პუბლიკაციას უძღვნის დღეს ბიზნესმენს. ერთ-ერთი ეკუთვნის გია ნოდიას, რომელიც წერს, „რა გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს ისეთი, დავით პაიჭაძესთან მისვლას რომ არ კადრულობს, როგორც, თუნდაც, ზვიად ძიძიგურიო“.

სხვა მოსაზრება აქვს კიდევ ერთ ექსპერტს, რამაზ საყვარელიძეს, რომელიც „კვირის პალიტრას“ გაესაუბრა. ის ამბობს, ”თუ ივანიშვილმა პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურად გაერთიანება მოახერხა, მაშინ ალბათ ალტერნატივაც ასეთი იქნება - ვინ არის ხელისუფლებისადმი კრიტიკული და ვინ არა. თუ ოპოზიცია არჩევნებისთვის ერთ მთლიან სტრუქტურად ჩამოყალიბდება, ალტერნატიულობის მოდელი იმის შანსს აღარ დატოვებს, რომ ოპოზიციონერობაში კიდევ კონკურენცია დაიწყოს - აქეთ მიჰყავს საქმე ბიძინა ივანიშვილსო”.

თუმცა კონსოლიდაციამდე, ალბათ, ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის მოგვარება იქნება საჭირო. ”ქრონიკა” ამასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას ესაუბრა, რომლის ევროპული ვოიაჟიც დიდწილად სწორედ ამ პრობლემას ემსახურება. ის ამბობს, ”ჩვენ ვცდილობთ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პოლიტიკური აქტი გადავაქციოთ არა მარტო შიდა დისკუსიის, სასამართლო პროცესების განხილვის საგნად, არამედ მას მიეცეს საერთაშორისო რეზონანსიო”.

ბიზნესმენს აკრიტიკებს ”კვირის პალიტრასთან” საუბარში ნუგზარ წიკლაურიც. ის ძირითადად მის გზავნილებს შეეხება: "ყველა ელოდა ბიზნესმენისგან, რომ ეკონომიკურ პროგრამას გამოაქვეყნებდა, მაგრამ ელიტური კარტოფილის ჯიშების გავრცელების მოწოდებით შემოიფარგლა და არანაირი ხედვა არ შემოუთავაზებია, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი ქვეყანაში. როდესაც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, უკვე კურიოზთან გვაქვს საქმე. ამბობს, რომ ორ წელიწადში დაამყარებს დემოკრატიას. სიტყვა "დამყარება" რა არის? დამყარება დიქტატურის შეიძლება. დემოკრატია შენდებაო“.

დაბოლოს, თინა ხიდაშელთან ინტერვიუს შესახებაც გეტყვით, რომელსაც ”ქრონიკა” აქვეყნებს. "გარწმუნებთ, ნაციონალები ძალიან ნანობენ ბოლო დრომდე მიღებულ გადაწყვეტილებებს. ასეთ რაღაცებს - დენთან ნაგვის გადასახადის მიბმას - ახლა ვეღარ გაბედავენ. ყველა აბსურდული და სულელური გადაწყვეტილება, რაც მათ ბოლო დროს მიიღეს, მიიღეს იმის იმედად, რომ არჩევნები და საარჩევნო ბატალიები შორს იყოო“, - უთხრა თინა ხიდაშელმა „ქრონიკას“ და დასძინა: ”გაჩნდა ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელმაც ამ ხელისუფლების მიერ სულელური კანონებით გაბრაზებული ხალხის განცდა და ამ სიბრაზის პოლიტიკურ კაპიტალად გადაქცევა მოახდინაო“. ინტერვიუს ”ქრონიკაში” წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG