Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფია გუბაიდულინა – აკრძალული მუსიკა


სოფია გუბაიდულინა
სოფია გუბაიდულინა
24 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდება თანამედროვეობის უდიდეს კომპოზიტორს, სოფია გუბაიდულინას, რომლის ნაწარმოებები დიდი ხნის განმავლობაში სრულიად უცხო იყო მუსიკის მოყვარულებისთვის საბჭოთა კავშირში. თუმცა გუბაიდულინას მეგობრები, კოლეგები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში უწოდებდნენ მას „თანამედროვეობის ნომერ პირველ კომპოზიტორს“, ამბობდნენ, რომ იმას, რაც სოფია გუბაიდულინამ გააკეთა მუსიკაში, უყოყმანოდ შეიძლება ვუწოდოთ „რევოლუცია“.

სოფია გუბაიდულინას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მიხაელ კურტცის წიგნით, რომელსაც საინტერესო სახელწოდება აქვს – „არ ჰგავს არავის“, 2001 წელს გამოცემული გუბაიდულინას ბიოგრაფიით, რომელიც ასე იწყება: „მას მუდმივად გამორთული აქვს ტელეფონი. მთელი ცხოვრება მუსიკას ქმნის – არ დირიჟორობს, არ ასწავლის. ეს ქალი მონაზონია მუსიკის სამყაროში“.

1963 წელს, იმხანად ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორის, სოფია გუბაიდულინას ნაწარმოებები მოისმინა დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, რომელიც ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა ტალანტის გამობრწყინებას: „გისურვებთ, ყოველთვის იაროთ ასე – არასწორი გზით“. და მანაც ეს გზა, არასწორი გზა აირჩია, ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც. ტრადიციულ ტონალობებს გვერდი აუარა და იმ ცხოვრებაზეც უარი თქვა, რომელიც, ასე ვთქვათ, „მიღებული“ იყო. ასეთ ადამიანზე წიგნის დაწერა მართლაც რთულია. ამიტომ მიხაილ კურტცმა თავად გუბაიდულინას ჩანაწერები გამოიყენა, ის, რასაც თავის თავზე წერდა და ამბობდა: „ჩემი სურვილია არა იდეის გამოხატვა, არამედ გრძნობების გამოხატვა მუსიკაში“, „სიახლისთვის არ ვმუშაობ. მინდა მივაღწიო მაქსიმალურად მართალ მუსიკას“. შესაძლებელია, გუბაიდულინას ეს გამონათქვამები არაფერს გვეუბნებოდეს კონკრეტულად, მაგრამ საკმარისია მისი მუსიკა მოვისმინოთ, ოღონდ არა ერთხელ, რამდენჯერმე მოვისმინოთ, დავრწმუნდებით, რომ მართლაც ბგერებში გაცოცხლებულ გრძნობებთან გვაქვს საქმე.

სოფია გუბაიდულინამ 60-იან წლებში, კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, აქტიურად დაიწყო მუშაობა კინოში, თეატრში (მას ეკუთვნის, მაგალითად, მუსიკა როლან ბიკოვის ფილმისთვის „საფრთხობელა“), სიმფონიურ და კამერულ ნაწარმოებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ის ყოველდღიურად რაღაც ახალს ქმნიდა. 70-იან წლებში მისი ნაწარმოებებით დაინტერესდნენ სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები დასავლეთის ქვეყნებიდან. მაგრამ დაინტერსდნენ კომპარტიის იდეოლოგებიც – მათ მიერ დაქირავებულმა კრიტიკოსებმა გუბაიდულინას ნაწარმოებებში „მისტიციზმი“ და „ბურჟუაზიული ხელოვნების გავლენა“ დაინახეს. 1979 წლის ნოემბერში, კომპოზიტორთა კავშირის ყრილობაზე, კავშირის თავმჯდომარე ტიხონ ხრენნიკოვმა ჩამოთვალა ის შვიდი კომპოზიტორი, რომელთა ნაწარმოებები კრემლის სანქციის გარეშე შეასრულეს თანამედროვე მუსიკის ფესტივალებზე კიოლნსა და ვენეციაში. ერთ-ერთი გუბაიდულინა იყო. „ესაა მუსიკა დაწერილი მხოლოდ და მხოლოდ უცნაური ტემბრული კომბინაციებისთვის და ექსცენტრიული ეფექტებისთვის“ – აღნიშნა ხრენნიკოვმა – „მუსიკალური აზრი აქ არ არსებობს და თუ არსებობს, შემაწუხებელი ხმაურებით გამოიხატება“... კრემლის მთავარი კომპოზიტორის მოხსენების ტონმა და შინაარსმა გუბაიდულინას კოლეგებს და მეგობრებს 1948 წელი გაახსენა, როცა სტალინი იმავე მიზეზით თავს დაესხა დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და სერგეი პროკოფიევს. გუბაიდულინას მუსიკა აკრძალეს, მუსიკოს-შემსრულებლებს უბრძანეს, ბოიკოტი გამოეცხადებინათ გუბაიდულინასთვის.

ხრენნიკოვის მოხსენებაში არაფერია ნათქვამი რელიგიურ, მისტიკურ მოტივებზე სოფია გუბაიდულინას ნაწარმოებებში. თუმცა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა გუბაიდულინას გერმანიაში გამგზავრების, ჰამბურგთან ახლოს დასახლების საშუალება მიეცა, რელიგიურ მოტივებზე მუდმივად საუბრობენ – დასავლურის და აღმოსავლურის შერწყმა (კომპოზიტორი ნახევრად რუსი და ნახევრად ეთნიკური თათარია), ავანგარდისა და საეკლესიო მუსიკის შერწყმა – ეს აერთიანებს სწორედ სოფია გუბაიდულინას ნაწარმოებებს. ამ თვალსაზრისით, სოფია გუბაიდულინას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პიანისტმა მარია იუდინამ, რომელიც ძალიან რელიგიური ადამიანი იყო და ამას სტალინის დიქტატურის წლებშიც კი არ მალავდა.

მიხაილ კურტცი თავის წიგნში შედარებით ნაკლებად ცნობილ ამბებსაც ჰყვება კომპოზიტორის ცხოვრებიდან – მაგალითად, იხსენებს 1974 წელს, როცა გუბაიდულინას ბინა „კაგებეს“ თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამ შემთხვევაში, ისინი ეძებდნენ არა ნოტებს, არამედ მიმოწერას, რომელიც კომპოზიტორს დასავლეთში მცხოვრებ საბჭოთა დისიდენტებთან ჰქონდა. თუმცა 80-იანი წლების დასაწყისში ნოტების გამოც დაიწყო დევნა – კომპიზოტორის გატაცება ელექტრონული მუსიკით ასევე საეჭვოდ აღიქვეს. არც ის მოეწონათ, რომ გუბაიდულინა საბჭოთა კავშირში გაერთიანებული რესპუბლიკების მუსიკით დაინტერესდა და ეროვნული ინსტრუმენტების გამოყენება სცადა თავის ნაწარმოებებში (მათ შორის, ქართული ინსტრუმენტების). მაგრამ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს წამება დასრულდა. 1986 წელს ბერლინში შესრულდა სოფია გუბაიდულინას 12-ნაწილიანი სიმფონია – ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი. თითქმის ყველა კრიტიკოსმა აღიარა, რომ სოფია გუბაიდულინამ, ისევე როგორც შნიტკემ, გადატრიალება მოახდინა მეოცე საუკუნის მუსიკაში.

მიხაილ კურტცი გვახსენებს, რომ სოფია გუბაიდულინამ სრულიად განსხვავებულ ეპოქებში იცხოვრა – სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის ეპოქაში, მერე გაემგზავრა დასავლეთში და აქ დაიწყო დასავლურისა და აღმოსავლურის გაერთიანება. „მის მუსიკაში მთელი სამყაროა – წერს კურტცი – სამყარო, რომელსაც არც დრო აქვს და არც სივრცე“. ჩვენი მხრივ დავუმატოთ, სამყარო, რომლის შემქმნელი „არასწორად დადის და ამის არ ეშინია“.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG