Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოქვეყნა გამოკვლევა


ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გამოქვეყნა ახალი გამოკვლევა, ”საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება.” ორგანიზაციამ გამოიკვლია სიძლიერე იმ 12 ძირითადი ინსტიტუტისა, რომელსაც საკვანძო როლი აქვს ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფიციის აღკვეთის მხრივ. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ხელისუფლების აღმასრულებელი შტო, მეორეზე სამართალდამცავი უწყებები და მესამეზე სახალხო დამცველის აპარატი. მათ მოსდევენ კონტროლის პალატა, პარლამენტი, ბიზნესი, საჯარო სამსახური, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოება. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დასკვნით, 2003 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ შორის სამართალდამცავი უწყებები და გაუმჯობესდა მისი შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. ამასთან, პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტის შედეგად, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა დონეებზე თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. ორგანიზაციის დასკვნითვე, სისუსტით გამოირჩევიან პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოში გაჩნდა არაერთი საკანონმდებლო ნორმა კეთილსინდისიერი მმართველობის უზრუნველსაყოფად, თუმცა, ეს ნორმები პრაქტიკაში სრულფასოვნად ყოველთვის არ ხორციელდება.
XS
SM
MD
LG