Accessibility links

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან


სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მაშველები განაგრძობენ მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას. კვირას მომხდარმა 7.2 ბალის მიწისძვრამ 250-ზე მეტი ადამიანი შეიწირა და ათასობით პირი უსახლკაროდ დატოვა.

მიწისძვრა ძირითადად ქურთებით დასახლებულ ვანის პროვინციაში მოხდა. ათასობით ადამიანი მიწისძვრის გამეორების შიშით ღამეს ქუჩებში, სიცივეში ატარებს. პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ამ რეგიონში თოვლია მოსალოდნელი.

გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება. ვანში და ერჯიშის რაიონში მაშველებს მუშაობა ფარნების შუქზე უწევთ. ბევრი ადამიანის ამოყვანა ხერხდება, თუმცა ბევრი კვლავ ნანგრევებში რჩება.
საჭიროების შემთხვევაში თურქეთი სხვა ქვეყნებს მიმართავს დახმარების თხოვნით. ახლა რეგიონში მუშაობენ მაშველთა რაზმები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ბულგარეთიდან...

„მე და ჩემი ძმა [ერჯიშში] ნანგრევების ქვეშ მოვყევით. მე ამომიყვანეს, მაგრამ ის ჯერაც იქაა დარჩენილი“, - იხსენებს ერთ-ერთი მამაკაცი. მეორე კი დასძენს, რომ მაშველების წინაშე რთული ამოცანა დგას: „ვითარება ძალიან მძიმეა. ნანგრევების ქვეშ ჩვენი ბევრი მეგობარი და ნათესავი რჩება. მათ შესახებ არაფერი ვიცით.“

პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი კვირას ღამით ჩავიდა ვანში. ის აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ერდოანი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს ეპიცენტრის ახლოს მდებარე პატარა ქალაქებსა და სოფლებზე. სატალეფონო კავშირების გაწყვეტის გამო იქ შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მწირია.

თურქეთს დახმარებას სთავაზობენ ნატო, აშშ და სხვა ქვეყნები. თურქეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, რომ ქვეყანას დახმარება შესთავაზეს საბერძნეთმა და ისრაელმაც, ამ ქვეყანასთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად. თუმცა ერდოანმა ვანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ დახმარებას სხვა ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში სთხოვს:

„საჭიროების შემთხვევაში თურქეთი სხვა ქვეყნებს მიმართავს დახმარების თხოვნით. ახლა რეგიონში მუშაობენ მაშველთა რაზმები აზერბაიჯანიდან, ირანიდან და ბულგარეთიდან.“

სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მხარეა. იქ ათწლეულების მანძილზე ხდებოდა შეტაკებები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის. ვანში ჩასვლას ისიც ართულებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანდა აეროპორტი, ჩაიხერგა გზები.

პარალელურად, მთავრობა იმ ათასობით ადამიანის დახმარებას ცდილობს, რომლებიც ღამეს ქუჩაში ათევენ იმის გამო, რომ უსახლკაროდ დარჩნენ ან მიწისძვრის განმეორების შიშით სახლში დაბრუნებას ვერ ბედავენ. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ვანში კარვების დასახლება გამართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა რამდენიმე მათგანი დაშავდა. ტრაგედიის გამო საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს და დახმარება შესთავაზეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG