Accessibility links

logo-print
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მონიტორინგს მიუძღვნა კონფერენცია სახალხო დამცველმა, რომელმაც მონიტორინგის შედეგების ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღწერილია რვა რეზიდენტულ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების ცხოვრების პირობები და მათი მდგომარეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონიტორინგში მონაწილეობას იღებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორი პირი, რაც, სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, ხელს უწყობს მათ გააქტიურებას უფლებათა დაცვის სფეროში. კონფერენციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც. ისინი თავად საუბრობენ საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

”გვეშინია სიტყვა „ინვალიდის“ თქმის? რა მოხდა, მე ინვალიდი ვარ და არ მრცხვენია. თქვენ სიმღერა გეხერხებათ? ე.ი. სიმღერაში შეზღუდული შესაძლებლობა გაქვთ, ხო? თუ გნებავთ, ავიდეთ ზევით და თუ რომელიმე ავტობუსში ან მაღაზიაში ამ ჩემი ეტლით დახმარების გარეშე შევალ, მაშინ ხმას აღარ ამოვიღებ”, - ამბობს გიორგი ალავიძე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მათთვის სტატუსის მინიჭებაა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი წარმოადგენს მათ მიერ მონეტარული თუ ნებისმიერი სოციალური ბენეფიტის მიღების საფუძველს...
გიორგი ალავიძემ და მისმა მეგობრებმა რამდენიმე ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს, რომელსაც ”ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” დაარქვეს. გიორგი საქართველოში აღრიცხულ 150 ათასამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთაგან ერთ-ერთია. ის საკუთარი უფლებების დაცვასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობს, თუმცა, მისი თქმით, პრობლემები იმდენად ბევრია, რომ მხოლოდ სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონდომებით საქმე არ გაკეთდება. ის სახელმწიფოს გააქტიურებას მოითხოვს.

სახალხო დამცველთან არსებულმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრმა მიმდინარე წელს რამდენიმე ათეული წერილი მიიღო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხვადასხვა პრობლემებზე მიუთითებენ. მათ შორის რამდენიმე ტიპის პრობლემა იკვეთება, რომელთა შესახებაც ცენტრის თანამშრომელი ანა არგანაშვილი საუბრობს:

”ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მათთვის სტატუსის მინიჭებაა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი წარმოადგენს მათ მიერ მონეტარული თუ ნებისმიერი სოციალური ბენეფიტის მიღების საფუძველს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სამედიცინო-სოციალური მომსახურების მიღება. ასევე სერიოზულ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოხუცებულთა თავშესაფრები, რადგან სულ ორი თავშესაფარია, მსურველი კი უამრავია”, - ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებდა და როგორც ის 25 ოქტომბერს „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზეც აღნიშნავდა, სახელმწიფოს დღემდე არ მოუხდენია გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, კონვენციისა, რომელსაც ხელი 2009 წლის 10 ივლისს მოეწერა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ხარვეზი, რის შესახებაც სახალხო დამცველი ხელისუფლებას მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე არ შეკრებილა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია შედის და რომელიც, პირობისამებრ, თვეში სამჯერ უნდა შეკრებილიყო. ამ საბჭოს ძირითადი ამოცანები იყო ინვალიდობის სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია, სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული გეგმის მომზადების, სახელმწიფო პროგრამების შემუშავების კოორდინაცია და სხვა:
ეტლი მომპარეს. 10 წელია ეზოში არ გავსულვარ, არავის ჩავყავარ. მეც არასდროს მითხოვია...

”კარგი იქნება, თუკი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია იაქტიურებს. მეც მოგეხმარებით, რომ იქნებ შედგეს საბჭოს შეხვედრა და ვნახოთ რამდენად ქმედობაუნარიანია საბჭო და რისი გაკეთება შეიძლება ამ ფორმატში”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი. მონიტორინგი საქართველოს მასშტაბით რვა რეზიდენტულ დაწესებულებაში ჩატარდა და, როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მიუთითებენ, შედეგად საკმაოდ მძიმე სურათი გამოიკვეთა. დაფიქსირდა როგორც არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები, ასევე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების სერიოზული ნაკლებობა. მონიტორინგის ავტორები ასევე მიუთითებენ იმ არაადაპტირებულ გარემოზე, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას უზღუდავს, არამედ, რიგ შემთხვევაში, არც გადაუდებელ საჭიროებათა დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს.

აი, რამდენიმე ამონარიდი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარის ნაამბობიდან:

”ეტლი მომპარეს. 10 წელია ეზოში არ გავსულვარ, არავის ჩავყავარ. მეც არასდროს მითხოვია. როცა ვხედავ, არაფრად მაგდებენ, ვეღარ ვთხოვ.”

”თქვენი ვიზიტის გამო დღეს კარგი ბორშჩი და დიდი პურის ნაჭერი გვქონდა, ხვალ ამას აღარ მოგვცემენ”...

გიორგი ტუღუში ლაპარაკობს ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მსგავსი ტიპის მკურნალობას არ საჭიროებენ:

”ისინი საჭიროებენ ჰოსპიტალგარე მომსახურებას, თუმცა ეს სერვისები დღესდღეობით საქართველოში არ არის განვითარებული. დამიჯერეთ, გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს ჩვენი მედიაც, პოლიტიკოსებიც, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პენიტენციარულ სისტემას, ვიდრე მსგავსი ტიპის დაწესებულებებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რომ არ აინტერესებთ, უბრალოდ, როგორც ჩანს, ეს მიმზიდველ თემად არ ითვლება, რაც ჩემი არა მარტო გაოცების, არამედ აღშფოთების საგანიც არის”, - ამბობს გიორგი ტუღუში.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სახალხო დამცველის ოფისმა გამოსცა სქელტანიანი კრებული, რომელიც ასახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ სასამართლო საქმეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის თემაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG