Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხები იმერეთში დახმარებას ელიან


იმერეთი
იმერეთი
გასულ კვირას განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებას იმერეთში არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ბაკურ კვეზერელის სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულით, ზაზა გოროზიათი შეცვლა დარგის განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი არაა.

იმერელი გლეხები, რომელთა ნაწილსაც რადიო თავისუფლება ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში გაესაუბრა, საკადრო ცვლილებებსა და ცვლილებებით გამოწვეულ საკუთარ მოლოდინზე ღიად საუბრობენ, ყოფილი მინისტრის საქმიანობას კი ძირითადად ტელეეკრანზე ნანახი სიუჟეტებით აფასებენ. რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის დარგი კვეზერელის სამწლიანი მინისტრობის პერიოდში ნაწილობრივ განვითარდა, თუმცა არიან სკეპტიკურად განწყობილნიც:

-სიმინდის გარდა არაფერი არ გვინდა?

-ინიშნება ახლა ექიმი. კომუნისტების დროს ოპერის დირექტორი პარტიული უნდა ყოფილიყო, ახლაც ისეა ერთპარტიულობა - ახალი მინისტრი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. კარგი კაცია, მაგრამ ჯერ დარგის სპეციალისტი უნდა იყოს.

-ვინ რა მომიტანა? არავის არაფერი მოუტანია - არც ძველს და არც ახალს.

-ძველი მინისტრის გაკეთებული ისეთი საქმეები ჩამოთვალეს, მეც ვეთანხმები. ახალგაზრდა კაცია და იმუშავა, ნამდვილად კარგად იმუშავა, ბევრ რამეში წარმატებები გვაქვს და ახალი მინისტრის შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელი არ იყო და არავითარი ურთიერთობა არ მქონია, - უთხრეს რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებას ქუთაისის აგრარულ ბაზარში.

მოსახლეობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად გლეხების ხელშეწყობას მიიჩნევს. რესპონდენტების თქმით, საწვავისა და პესტიციდების სიძვირე და ტექნიკის სიმცირე სოფლებში მიწებს დაუმუშავებელს ტოვებს, რაც, თავის მხრივ, სხვა სოციალური პრობლემების წინაპირობაა და გლეხები სოფლებს მასობრივად ტოვებენ.

-ახლა ვნახოთ, რა დაეტყობა სოფლის მეურნეობას. გლეხების დახმარებაა ყველაზე მთავარი, რომ გლეხებს გაუადვილდეთ შრომა. ზოგს სათბურები სესხით აქვთ გაკეთებული და ამ სესხს ვეღარ ფარავს, საწვავს ვერ შოულობს, სათესლე და სანერგე მასალა ძვირია და ვერ თესავს, ვერ რგავს. სოფელს ძალიან უჭირს დღეს.
-სასუქი და ბენზინი ძვირია - ვერ ხნავენ, ვერ უვლიან და წავიდა სახნავ-სათესი მიწები ველად.

- სოფლის მეურნეობის მინისტრი უნდა დადიოდეს ყანაში, გებულობდეს გლეხის ჭირ-ვარამს, ახლოს მივიდეს გლეხთან და გაიგოს რა აკლია მას. ზეპირად ლაპარაკობენ, მოვიტანეთ სიმინდიო. არ ივარგა იმ სიმინდმა, - ამბობენ იმერელი გლეხები.

თავის მხრივ, ზაზა გოროზიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრობლემების შესასწავლად თითოეული რაიონის გამგებელსა და ხელმძღვანელს შეხვდება, გლეხები კი მინისტრს პრობლემების უკეთ გასაცნობად მოსახლეობასთან შეხვედრებს ურჩევენ და ამბობენ,რომ პროდუქტების რეალიზაციისთვის აუცილებელია მცირე საწარმოების შექმნა.

-გლეხს არა აქვს პროდუქტის გასაყიდად, რეალიზაციისთვის ბაზა. ამ პროდუქტს ყველას ბაზარში ვერ გაყიდის. უნდა იყოს ადგილობრივი საკონსერვო საწარმოები,სადაც ადგილობრივი მუშახელიც დასაქმდება და გლეხიც მეტ პროდუქტს გაყიდის, - ამბობენ გლეხები.

სოფლის მეურნეობა ქვეყანაში პრიორიტეტულ დარგადაა გამოცხადებული და ხელისუფლება მოსახლეობას დამატებით სუბსიდიებსა და შეღავათებს ჰპირდება, გლეხები კი პროდუქტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ პირობად დარგის განვითარებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG