Accessibility links

logo-print
გასული შაბათ-კვირა ევროკავშირისთვის ფინანსური კრიზისის გადაჭრის გზების შესახებ გამართული შეხვედრებით იყო სავსე. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ საბერძნეთის დავალიანების, ევროპის ბანკების გაძლიერებისა და ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნების დახმარების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჯერაც წინ არის. ამ შეხვედრებს ეძღვნება „ახალი ევროპის“ დღევანდელი გამოშვება.

ბოლო დღეებში ევროკავშირის ლიდერები ბევრ შეხვედრას მართავენ, რომელთა მთავარ თემად კვლავ საფინანსო კრიზისი რჩება. მორიგი მნიშვნელოვანი სამიტი ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, გაიმართება - განიხილავენ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს საბერძნეთისთვის დავალიანების შემცირება, ევროპის ბანკების რეკაპიტალიზაცია და ევროს მოქმედების ზონის დამხმარე ფონდის გაზრდა, რათა მოხერხდეს დამოუკიდებელ ობლიგაციათა ნაწილობრივი დაზღვევა.

ამ შეხვედრების საბოლოო შედეგი და ის, თუ როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჯერჯერობით კვლავაც დისკუსიის საგანია, რაც საფინანსო ბაზრებზე დაძაბულობას და არასტაბილურობას იწვევს. სამშაბათს ბაზრებზე ევროპული აქციების ვარდნა აღირიცხა - მას შემდეგ, რაც მორიგ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამიტზე მისაღებ განცხადებაში ჩაწერილ ერთ-ერთ ფრაზას. საქმე ეხება მოწოდებას, კრიზისთან საბრძოლველად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კვლავაც მიმართოს არასტანდარტულ ზომებს, რაც, როგორც სააგენტო „როიტერსი“ ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, გულისხმობს ობლიგაციების შესყიდვას იტალიისა და ესპანეთის მსგავსი ქვეყნებისგან.

ამას ისიც ემატება, რომ, გერმანიის პარლამენტარების გადაწყვეტილებით, ევროს მოქმედების ზონის კრიზისთან მიმართებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მათ უნდა განიხილონ და დაამტკიცონ. ამის გამო კი ევროკავშირმა შესაძლოა სწრაფი რეაქციები ვერ გამოავლინოს ევროს კრიზისთან მიმართებით.

შეხვედრები, როგორც გითხარით, გრძელდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შაბათ-კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განსახილველი საკითხების სირთულეს: „მინდა გითხრათ, რომ საქმე საკმაოდ კომპლექსურ საკითხებთან გვაქვს. სირთულეს ის იწვევს, რომ მათ უზარმაზარი თანხები ესაჭიროება. ამასთან, საქმეში სხვა მხარეების ჩართვაც აუცილებელია - განსაკუთრებით კერძო პარტნიორების, რომლებთანაც შეთანხმებას მოხალისე საწყისებზე უნდა მივაღწიოთ.“

როგორც ჩანს, უახლოესი 6-დან 9 თვის განმავლობაში ევროპის ბანკებს დაახლოებით 108 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი კაპიტალის მოძებნა მოუწევთ, საბანკო სისტემის გაძლიერების მიზნით.

საამისოდ ბანკებმა, პირველ რიგში, ბაზრებს უნდა მიაკითხონ - შემდეგი ნაბიჯი კი ცალკეული, ეროვნული მთავრობების მხრიდან გამოყოფილი დახმარების გამოყენება იქნება. ევროკავშირი ზომებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც საჭირო გახდება.

ქვეყნები, სადაც ბანკებს ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ, - მაგალითად, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია, - ამ სქემას ყოყმანით ხვდებიან - ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ მიღწეული იქნება შეთანხმება 440 მილიარდი ევროსგან შემდგარი ევროკავშირის დახმარების ფონდის - ევროპული ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის - გაზრდის თაობაზე.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საბერძნეთის დავალიანება, რომელიც ამ ეტაპზე მთლიანი შიდა პროდუქტის 200 პროცენტს უახლოვდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ საბერძნეთის დავალიანების 60 პროცენტით შემცირების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში ათენის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 110 პროცენტს გაუტოლდებოდა. თუმცა ამ იდეას რამდენიმე წევრი ქვეყანა ყოყმანით ეკიდება და მისი განხორციელების პერსპექტივები კვლავაც ბუნდოვანია.

განხილვის პროცესში არსებულ საკითხებს შორისაა აგრეთვე ის, თუ რა ფორმით შეიძლება ევროს მოქმედების ზონის სხვა ქვეყნების დაცვა მსგავსი მასშტაბის კრიზისისგან.

ოთხშაბათის სამიტზე განსახილველი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ყველა დანარჩენს უკავშირდება, ალბათ მაინც ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის გაზრდა იქნება. ამჟამინდელი მოცულობით ფონდს შესაძლებლობა აქვს ევროს მოქმედების ზონის შედარებით პატარა ქვეყნებს დაეხმაროს, - მაგალითად, საბერძნეთს, ირლანდიას და პორტუგალიას, - მაგრამ არა უფრო დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს - იტალიას და ესპანეთს.

ყველა ამ მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ევროკავშირის სამიტი ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, გაიმართება.
XS
SM
MD
LG