Accessibility links

logo-print
16 ოქტომბერი, კვირა
პირველად ვწერ დღიურს, ისიც იმ დროს, როდესაც ჩემს ცნობიერებაში საკუთარი ყოფის ადგილი აღარ არის დარჩენილი და მხოლოდ იმაზე უნდა ვისაუბრო, რას ვგრძნობ და რაზე ვფიქრობ. იმასთან შედარებით, რა პროცესიც დაიწყო ქვეყანაში, ჩემი პერსონალური „რა? სად? როდის?“ არავის უნდა აინტერესებდეს, მათ შორის არც მე.

ვინც სხვაგვარად თვლის, მაპატიოს.

ადრე გამეღვიძა. წვიმა ცრის. ქართულ სამზარეულოში თითქმის ჰერმეტიულად დახურულ ქვაბში გაწყალებული საზოგადოება ნელ-ნელა დუღილს იწყებს. ამის შემხედვარე მაძღარს ლუკმა ყელში გაეჩხირა. მშიერი, იმედდაკარგული, დათრგუნული, შეურაცხყოფილი კი ჯერ შორიდან უყურებს ქვაბს და ელოდება, როდის შეატორტმანებს დაგროვილი ორთქლი სარქველს. ასე ურჩევნია. მას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ სიზმარია.

გული გაუჩერდა.

გაულაწუნეს. არ უშველა.

პირიდან პირში ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს. არ უშველა.

შეულოცეს. არ უშველა.

ბოლო საშუალება დარჩა – შოკი.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება ვერც ერთ სქემაში ვერ ჩასვა კომაში მყოფმა საზოგადოებამ და იმქვეყნად მიმავალი გვირაბიდან დაუწყო უსუსური ძახილი - „თავი დამანებე, კარგად ვარ!.. არ მინდა მობრუნება, აქ უკეთესია!...“

საღამოს სპეციალური რეპორტაჟი ვნახე „იმედზე“. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გადაცემა ივანიშვილის ფარული რეკლამისთვის იყო შექმნილი, რადგან „ფანტომასის“ ნიღბის უკან მხოლოდ პოზიტივი ჩანდა, რომელიც ლაშა ხარაზიშვილმა საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელშიც ჩაიტანა. იმედი მაქვს, მოვა დრო და ბატონი ბიძინა მას მადლობას გადაუხდის ამ უნებლიე სამსახურისთვის.

არც ბატონმა შალვა ნათელაშვილმა დააკლო ხელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამერიკულ პროექტად მოიხსენია. საოცარია, თუ ეს კაცი ერთისთვის რუსული პროექტია, მეორისთვის კი - ამერიკული, იქნებ ზუსტად ის ჭირდება მუდმივი ინტერესთა ბალანსის მაძიებელ პატარა ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ბატონმა ბიძინამ შალვასაც მადლობა უნდა გადაუხადოს.

უნდა დავმშვიდდე.

ძილის წინ ვკითხულობ მურაკამის და, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება, ცხვირზე დასკუპული სათვალით და გადაშლილი წიგნით ხელში, მეძინება.


17 ოქტომბერი, ორშაბათი
ისევ ივანიშვილი.

დაიწყო მითიური გმირის რეალურ გმირად ტრანსფორმაციის პროცესი.

როიტერისთვის მიცემული ინტერვიუ და პასუხები ხელისუფლების ტესტ-კითხვებზე - „რუსეთის გაუგონარი აგრესია“ - ფრიადი, „ოკუპაცია“ - ფრიადი, „რუსეთისთვის უმჯობესი იქნებოდა უფრო დემოკრატიული საარჩევნო გარემო“ - ფრიადი და ა.შ. ეს კაცი ხუთოსანი ყოფილა! ყველა არსებულ კითხვაზე გასცა პასუხი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ახალ „ჩამჭრელ“ კითხვებს შემოგვთავაზებს.

კვირაა და მეც ვისვენებ.

„ნანუკას შოუს“ საერთოდ არ ვუყურებ და ამიტომ არ მქონდა ნანახი გადაცემა, რომელშიც ბერა ჰყავს სტუმრად. ახლა ვნახე. სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. მომინდა, ჩემს შვილს ასეთი ძმა ჰყავდეს. ბერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქვენა აზრების მქონე ადამიანს არ შეეძლო ასეთი ახალგაზრდის აღზრდა. ბერაა ბიძინას მთავარი სიმდიდრე და არა ის ფული, რაზეც მუდმივად საუბრობენ. ამბობენ დანარჩენებიც ასეთები არიანო.

ძილის წინ ვკითხულობ მურაკამის და, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება, ცხვირზე დასკუპული სათვალით და გადაშლილი წიგნით ხელში, მეძინება.

18 ოქტომბერი, სამშაბათი
11 საათზე „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში მივედი. აქ ძირითადად ის ჟურნალისტები არიან, რომლებთანაც სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ურთიერთობა არ მაქვს. ყველანი ახალგაზრდები არიან, ამდენად დღეს თუნდაც რაიმეს ისე არ აკეთებდნენ, მინდა დავიჯერო, რომ მათში აუცილებლად გაიღვიძებს მოქალაქეობრივი და პროფესიული ღირსება. ამიტომ ვცდილობ, მამა-შვილურად ვესაუბრო. მგონი, გამომივიდა და ისინიც ჩამყვნენ. ეს მახარებს. კარგ გუნებაზე ვდგები და ფინჯან ყავაზეც არ ვამბობ უარს.

„რემბო“ დაიჭირეს, „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს სასაცილო ბრალდებით, ივანიშვილის დაცვა განაიარაღეს.

რატომღაც არ მიკვირს, სტილი დაცულია.

ვეძებ სათვალეს. ვერ ვპოულობ. ადგომა და მოძებნა მეზარება. გადაშლილი წიგნი გაუნძრევლად რჩება სასთუმალთან. ვიძინებ. გამოვიდა, რომ დღეს ტრადიციული რიტუალი ნახევრად შევასრულე – დილას ყავა კი დავლიე, მაგრამ საღამოს წიგნი არ წავიკითხე. ზოგჯერ ასეც ხდება.

19 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ადრე გამეღვიძა.

გუშინდელმა ამბებმა სისხლთან ერთად გულში გაიარა და ისევ თავში დაბრუნდა. საფეთქლებზე მომაწვა და ფიზიკურად ვგრძნობ პულსაციას. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თუ არ გამოვუშვი, მოვკვდები. მესმის, რომ ალბათ ვერაფერს ვუშველი, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებას მოითხოვს.

ამიტომ, სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მეშვეობით ვაქვეყნებ განცხადებას:

„გუშინ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებებში გამოჩნდა ძალზედ სახიფათო ტენდენციები, რომლებსაც უცილობლად მივყავართ დიქტატურისკენ და, შესაბამისად, ქვეყნის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ. ეს სახიფათოა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ საკუთრივ ხელისუფლებისთვისაც. შექმნილი ვითარებით აუცილებლად ისარგებლებს რუსეთი, რადგან იარსებებს მისი უცვლელი ლიდერის დანაპირების შესრულების წინაპირობა, რაც წინასაარჩევნოდ მშვენიერი საჩუქარი იქნება მისთვის. მინდა ვთხოვო ყველას, დაიოკონ ემოციები და პოლიტიკური პროცესი დააბრუნონ ნორმალური განვითარების კალაპოტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა, დიდი ალბათობით, გარდაუვალია.“

ცოტა მომეშვა.

უწმინდესის ქადაგებას გავეცანი. სამწუხაროა, რომ კათოლიკოს-პატრიარქს დროდადრო სჭირდება ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ მისი მისია გაერთიანებაა, და არა რომელიმე პოზიციის მხარდაჭერა.

ტრადიციულად, ძილის წინ ვკითხულობ მურაკამის და, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება, ცხვირზე დასკუპული სათვალით და გადაშლილი წიგნით ხელში მეძინება.

20 ოქტომბერი, ხუთშაბათი
გადავწყვიტე, დღეს მაინც ვიმუშაო. მოვიკითხე მიმდინარე საქმეები. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის. ისევ გადამიარა შრომის სურვილმა და სახლში წავედი. ტელევიზორიდან გავიგე, რომ თურმე ამ დრომდე ივანიშვილის რეზიდენციაში ვიმყოფები. რეაქცია არ მაქვს, მიჩვეული ვარ.

ძალიან გული დამწყვიტა ერთმა ჩემმა მეგობარმა. ეს დღეები სულ ვცდილობდი, აზვირთებული კონფლიქტი შემეჩერებინა. ეტყობა, ვერ მოვახერხებ და მოსახდენი მოხდება.

სანამ სათვალეს და მურაკამის ვიპოვიდი, უკვე ჩამეძინა.

21 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს წერტილი დავუსვი ერთ დიდი ხნის ურთიერთობის ისტორიას. გული დამწყდა.

თითქმის ორმოცდაათი წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, ბალიშზე თავი ისე როგორ დამედო, რომ კისერი არ მტკენოდა. ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა – ამდენი ხანი ვიცხოვრე, მაქვს ილუზია, რომ რაღაც შევქმენი და ამ დროს ელემენტარული საყოფაცხოვრებო დეტალი გამომრჩა, რომელმაც განვლილი ცხოვრება გამიმწარა. ბალიშზე თავის დადება კი ვისწავლე, მაგრამ მეორე ელემენტარულ ჭეშმარიტებას დღეს გავუსწორე თვალი - თუ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს ზე-ამბიციები უჩნდებათ, ამაში ჩვენ ვართ დამნაშავე. ახლა გვიან არის გამოსწორება, მხოლოდ შოკი თუ გაასწორებს ამ საქმეს. ვეცდები, მომავალში ასეთი შეცდომა აღარ დავუშვა.

აშშ-ის ელჩის განცხადებამ, ვფიქრობ, დროებით შეაჩერა უკვე დაძრული მანქანა, რომელსაც შეეძლო, მორიგ ძალზედ სახიფათო სპირალში შეეყვანა ქვეყანა. სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ეს შედარებითი სიწყნარე დიდხანს გაგრძელდება.

საღამოს „კავკასიაში“ ვიყავი სოსო ცინცაძესთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს „მალიარს“ და „სანტექნიკს“ ვუწოდებთ, ერთი სახლის რემონტს, როგორც ჩანს, ვერ გავაკეთებთ. ეს სოსოს ნაკლებად ეხება, მაგრამ ქვეყანაში გაჩნდა ე.წ. „ექსპერტთა“ მთელი კასტა, რომელიც პირდაპირ ინტეგრირებულია ერთ პოლიტიკურ ძალაში და მთლიანად ჩართულია პროპაგანდისტული მანქანის მუშაობაში. როგორც გაირკვა, ეს ტექნოლოგია არ არის ეფექტიანი. ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათდამი ნდობა საზოგადოებაში 2%-ს ვერ სცდება.

დაღამდა. ისევ ჩვეული რიტუალით ვარ დაკავებული.

22 ოქტომბერი, შაბათი
დღეს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ დილიდან კარგი ამინდია, ახლა ვზივარ რადიო თავისუფლების ეთერში და ამას ყველაფერს ვყვები.

ვინც ვერ მომისმინა, წაიკითხავს.

მეც ხომ არ გამიჩნდა ზე-ამბიციები?!

ღირს ამაზე დაფიქრება...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG