Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები


სირიის ოპოზიციამ მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობენ და უშიშროების ძალების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ოთხშაბათს სირიას ესტუმრება არაბული ქვეყნების წარმომადგენელთა დელეგაცია კატარის პრემიერ-მინისტრის ხელმღვანელობით. ვიზიტის მიზანია, განხილულ იქნეს ოპოზიციასა და პრეზიდენტ ბაშარ ასადს შორის ეროვნული შერიგების დიალოგის გამართვის შესაძლებლობა. დღეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლმა“ გამოაცხადა, რომ სირიის სახელმწიფო საავადმყოფოებში პაციენტებს აწამებენ. ლონდონში მოქმედი ორგანიზაციის თანახმად, სირიის ხელისუფლებამ საავადმყოფოები გადააქცია პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა „რეპრესიის ინსტრუმენტად“. „ამნესტის“ თანახმად, ბევრი სამოქალაქო პირი უფრო უხიფათოდ მიიჩნევს, უარი თქვას საავადმყოფოებში დაწოლაზე. გაეროს მონაცემებით, სირიაში ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ძალადობას სამი ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG