Accessibility links

logo-print

ტუნისის დემოკრატიულ არჩევნებში ზომიერმა ისლამისტებმა გაიმარჯვეს


ტუნისში ზომიერი ისლამისტური ძალის გამარჯვებას აღნიშნავენ

ტუნისში ზომიერი ისლამისტური ძალის გამარჯვებას აღნიშნავენ

ტუნისი პირველი იყო არაბულ ქვეყნებს შორის, რომელშიც წლის დასაწყისში ამბოხების შედეგად მთავრობა დაამხეს და სადაც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. 23 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ოფიციალურად ჯერ არ იყო გამოცხადებული, როცა ზომიერმა ისლამისტურმა ძალამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა ეს გამარჯვება არ ნიშნავს მისთვის ადგილების უმრავლესობას პარლამენტში.
ამ არჩევნებს გავლენა ექნება სხვა ქვეყნებზე - ლიბიაზე, ეგვიპტეზე, სირიაზე, იემენზე და სხვა სახელმწიფოებზე...

„ენაჰდის“ პარტიას, ანუ აღორძინების პარტიას, ზომიერ ისლამისტურ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევენ. მან არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე გამოაცხადა, რომ არაბული გაზაფხულის შემდეგ ჩრდილში მყოფ ისლამისტებს შესაძლებლობა მიეცათ მართონ ქვეყანა. პარტიის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, აბდ ელჰამიდ ჯლოზიმ, დედაქალაქ ტუნისში განაცხადა, რომ პარტია ლიდერია არჩევნებში.

თუმცა პარტიის მიერ მოგებული ხმების რაოდენობა მას 217 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ვერ მოუტანს. კრებამ ახალი კონსტიტუცია უნდა შეიმუშაოს და აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, შემდეგ კი, უკვე 2012 ან 2013 წლებში, ახალი არჩევნები მოაწყოს. მანამდე მისი ამოცანა იქნება მთავრობის თავმჯდომარე აირჩიონ. „ენაჰდის“ მომხრეები ტუნისში ზეიმობდნენ თავიანთი პარტიის გამარჯვებას.

ევროპის კავშირის მეთვალყურეებმა ტუნისის არჩევნები შეაფასეს როგორც გამჭვირვალე. მათ მხოლოდ მცირე დარღვევები დაადგინეს. ტუნისში არჩევნების მეთვალყურედ იყო პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალეხანდრო ტოლედო, რომელმაც განაცხადა, , არჩევნების შედეგების მიუხედავად, გამარჯვებული ერთია - ესააა დემოკრატიაო: „ამ არჩევნებს გავლენა ექნება სხვა ქვეყნებზე - ლიბიაზე, ეგვიპტეზე, სირიაზე, იემენზე და სხვა სახელმწიფოებზე. მინდა გითხრათ, რომ ორგანიზატორებმა - საარჩევნო კომისიამ - შესანიშნავად იმუშავეს.“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდიც მიესალმა ტუნისის არჩევნებს, როგორც დემოკრატიის მიმართულებით გადადგმულ უზარმაზარ ნაბიჯს.

საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია იმართებოდა. 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთა აზრით, ისლამისტურმა პარტიამ არჩევნების დროს კანონი დაარღვია. კომისია თვლის, რომ ასეთი დარღვევები მინიმალური იყო. საერთოდ, „ენაჰდის“ პარტიის მიმართ კრიტიკოსები მოელიან, რომ ის ქალების უფლებებს და აზრის გამოთქმის თავისუფლებას შეზღუდავს. მაგრამ, პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, „ენაჰდას“ მოუწევს სეკულარულ, საერო პარტიებთან ითანამშრომლოს და უმრავლესობის კოალიცია შექმნას. ისლამისტურ პარტიას თავმჯდომარეობს რაჩიდ ღანუჩი, სწავლული, რომელიც 22 წლის წინ ემიგრაციაში წავიდა ბრიტანეთში. ის ევროპულ სამოსს ხმარობს, თუმცა მისი ოჯახის წევრი ქალები ჰიჯაბით ჩნდებიან საზოგადოებაში. ღანუჩის თქმით, მისი პარტია არ აპირებს ისლამური კანონის - შარიათის - შემოღებას ტუნისში. მისთვის სამაგალითოა ზომიერი ისლამისტი პოლიტიკოსი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

„ენაჰდის“ კონკურენტია პროგრესული დემოკრატიული პარტია, რომელიც გაფრთხილებით გამოდიოდა, თუ ისლამისტები გაიმარჯვებენ არჩევნებში, თანამედროვე ლიბერალურ ფასეულობებს საფრთხე შეექმნებაო. თვითონ „ენაჰდამ“ გამოაცხადა, რომ ის მზად არის კოალიცია შექმნას „რესპუბლიკის კონგრესთან“, რომელსაც უფლებადამცველი, საფრანგეთში ემიგრირებული დოქტორი განაგებს, და „ეტაკატოლთან“, სოციალისტურ პარტიასთან.
XS
SM
MD
LG