Accessibility links

logo-print

ჟენევაში გრძელდება WTO-ში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები


მეორე დღეა ჟენევაში შვეიცარიის შუამავლობით გრძელდება საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით და მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობით, თუმცა, არ დათანხმდება მოსკოვის მხარდაჭერას საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. ბაქრაძემ მნიშვნელოვანი უწოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ჯონ ბეინერის მხარდაჭერას. რესპუბლიკელმა ბეინერმა ვაშინგტონში, კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ არ უნდა დათანხმდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, სანამ მოსკოვი თბილისთან არ მოაგვარებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას და პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG