Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაზის თაობაზე შეთანხმება სამხრეთის დერეფანს გზას უხსნის


ილჰამ ალიევი და რეჯებ ტაიპ ერდოანი

ილჰამ ალიევი და რეჯებ ტაიპ ერდოანი

ბუნებრივი აირის მიწოდების და ტრანზიტის შესახებ შეთანხმების მიღწევით, თურქეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამშაბათს გადალახეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაღობა, რომელიც კასპიის რეგიონის გაზის ევროპისთვის მიწოდებას ხელს უშლიდა. ახლა გასარკვევი ის დარჩა, სამი გაზსადენის პროექტიდან რომელს ჩართავენ ამ პროცესში.

სამშაბათს თურქეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც ევროპისთვის კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ტრანზიტს შეეხება. ამით ხელი შეეწყობა ევროპის მცდელობას მოხდეს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია - გაზსადენების სამი მნიშვნელოვანი პროექტი კი ერთმანეთის მეტოქე გახდება ამ ახალი პერსპექტივისთვის ბრძოლაში.

თურქეთის ქალაქ იზმირში გაფორმებული შეთანხმება აზერბაიჯანის და, შესაძლოა, თურქმენეთის გაზს ევროპელი მომხმარებლისკენ უხსნის გზას. თურქეთი შეისყიდის გაზს აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან და შემდეგ, თავისი ტერიტორიის გავლით, მას ევროპაში გაიტანს.

მსგავსი შეთანხმების ამ დრომდე არარსებობა მიჩნეული იყო მნიშვნელოვან წინაღობად, რომელსაც ევროკავშირის სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტი აწყდებოდა. ამ პროექტის მიზანი ისეთი სატრანზიტო გზების შემუშავებაა, რომელიც გვერდს აუვლის რუსეთისა და ირანის ტერიტორიებს.

ახლა - შეთანხმების გაფორმების შემდეგ - აზერბაიჯანმა უნდა გადაწყვიტოს, რომელს აირჩევს გაზსადენების სამი პროექტიდან - თურქეთ-საბერძნეთ-იტალიის დამაკავშირებელს, ტრანსადრიატიკურ გაზსადენს თუ ევროკავშირისთვის ალბათ მნიშვნელობით პირველ პროექტს - ნაბუკოს. მიმდინარე თვის დასაწყისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, არჩევანს იმ პროექტზე შევაჩერებთ, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებაო.
ნაბუკო მიზნად ისახავს შაჰ დენიზის საბადოდან და აზერბაიჯანის სხვა წყაროებიდან გაზის ტრანსპორტირებას და სწორედ ამიტომ არის საჭირო აზერბაიჯანში ჩვენი ძალისხმევის გააქტიურება...

სამივე პროექტის წარმომადგენლები სამშაბათს თურქეთში ჩავიდნენ და მხარდაჭერის მოპოვებას შეეცადნენ.
ამ შეხვედრების შესახებ რადიო თავისუფლება ესაუბრა ნაბუკოს პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უწყების ხელმძღვანელს, კრისტიან დოლეზალს:

„ცხადია, რომ ნაბუკო მიზნად ისახავს შაჰ დენიზის საბადოდან და აზერბაიჯანის სხვა წყაროებიდან გაზის ტრანსპორტირებას და სწორედ ამიტომ არის საჭირო აზერბაიჯანში ჩვენი ძალისხმევის გააქტიურება. და სწორედ ამაზე ვმუშაობთ.“

ნაბუკო დიდი ხანია იბრძვის კასპიის გაზის ირგვლივ კონტრაქტების მოპოვებისთვის. მისი მეწილეები დამოუკიდებლად ცდილობენ აზერბაიჯანისა და თურქმენეთის წარმომადგენელთა დაყოლიებას გაზის მიწოდების თაობაზე. ევროკავშირი ნაბუკოს მყარად უჭერს მხარს, რისი მიზეზიც, შესაძლოა, მარტივი იყოს და იმ ფაქტორს უკავშირდებოდეს, რომ დანარჩენ ორ პროექტთან შედარებით ნაბუკოს უფრო მეტი მოცულობის გაზის ჩატანა შეეძლება ევროპაში.

თურქმენეთი, რომელსაც მსოფლიოში ალბათ სიდიდით მესამე გაზის რეზერვები მოეპოვება, ჯერჯერობით ყოყმანობს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ირგვლივ რაიმე შეთანხმების გაფორმებაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რეალურად მილსადენების მშენებლობა არ დაწყებულა. ამასთან, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებამ შესაძლოა გაანაწყენოს რუსეთი, რომელიც თურქმენეთის გაზის მთავარ მყიდველად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შეამცირა შესყიდული გაზის მოცულობა.

თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბოლო პერიოდში თურქმენეთის პოზიცია იცვლება. მათ განსაკუთრებულ იმედს უსახავს ამ ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის მიერ ახლახან საჯაროდ გაკეთებული და შემდეგ ადგილობრივი მედიით გავრცელებული განცხადება, რომ თურქმენეთი ევროპას გაზს მიაწვდის.
XS
SM
MD
LG