Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართვლოს მოლაპარაკება ჟენევაში ხვალაც გაგრძელდება


ჟენევაში შვეიცარიის შუამავლობით გრძელდება საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. როგორც შვეიცარიაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 25 ოქტომბერს დაწყებული მოლაპარაკებები 27 ოქტომბერსაც გაგრძელდება და ამიტომ ამ ეტაპზე ნაადრევია შედეგებზე საუბარი. მან თქვა, რომ ჟენევაში მიმდინარე მე-8 რაუნდის მსვლელობისას, საქართველომ დამატებითი კონსტრუქციული მიდგომები გამოავლინა: ”შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველომ, გარკვეულ ასპექტებთან მიმართებით, კიდევ ერთხელ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი საიმისოდ, რომ რუსეთმა და საქართველომ მოახერხონ შეთანხმების მიღწევა, რითაც ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზაობა და სურვილი, რომ მოძებნილ იქნას ურთიერთმისაღები შეთანხმება ამ პროცესის ფარგლებში.” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებით და მეზობელ ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობით, თუმცა, არ დათანხმდება მოსკოვის მხარდაჭერას საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. ბაქრაძემ მნიშვნელოვანი უწოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ჯონ ბეინერის მხარდაჭერას. რესპუბლიკელმა ბეინერმა ვაშინგტონში, კვლევითი ცენტრის Heritage Foundation-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ არ უნდა დათანხმდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, სანამ მოსკოვი თბილისთან არ მოაგვარებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას და პატივს არ სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG