Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო


2012 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა, უმალვე გახდა ოპოზიციისა თუ ექსპერტთა ერთი ნაწილის კრიტიკის საგანი. პარლამენტარების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების შემდეგ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდა შემდგომი დამუშავებისთვის. ოპოზიციის ძირითადი კრიტიკა სოფლის მეურნეობისა და სოციალური სფეროს დაფინანსების მოცულობამ გამოიწვია.
2012 წლის ბიუჯეტი იქნება პენსიების ზრდის ბიუჯეტი, იქნება, იმავდროულად, პენსიონერთა დაზღვევის ბიუჯეტი...

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 674 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც დაახლოებით 350 მილიონით აღემატება წლევანდელ ბიუჯეტს. მმართველი პოლიტიკური ძალა ახალი ბიუჯეტის მთავარ ღირსებად მის დეტალიზაციას და სოფლის მეურნეობისა და სოციალური სფეროს პრიორიტეტულობას ასახელებს. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს:

”2012 წლის ბიუჯეტი იქნება პენსიების ზრდის ბიუჯეტი, იქნება, იმავდროულად, პენსიონერთა დაზღვევის ბიუჯეტი, იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ფართომასშტაბით განხორციელების ბიუჯეტი, იქნება წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის.”

ამასვე ირწმუნება 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ავტორი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობასთან და ინფრასტრუქტურის განვითარებასთნ ერთად ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტია ჯანდაცვა და განათლებაც. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა არგუმენტებს არ იზიარებს ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქცია. მისი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მთავრობის მიერ დასახელებული პრიორიტეტების ნაწილის დაფინანსება, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შემცირებულია:

”პრიორიტეტი ამ ბიუჯეტში ისევ და ისევ არის თავდაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელთა დაფინანსება 50 მილიონით იზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი 10 მილიონით კლება აქვს, რაც სრულიად არალოგიკურია ამ შემთხვევაში.”
ბიუჯეტის კანონში ჩამოწერილია პრიორიტეტებად ის ფუნქციები და პროგრამები, რომლებიც მთავრობის სტრუქტურებმა ისედაც უნდა შეასრულოს...

ოპოზიციის ასეთ კრიტიკას მმართველი პოლიტიკური ძალა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შედეგებს უპირისპირებს, კერძოდ კი, მარცვლეული კულტურების გაორმაგებულ და ყურძნის გაზრდილ მოსავალს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარი იქნება, ასევე იზრდება სოფლის დახმარების პროგრამის დაფინანსებაც. თუმცა ახალი ბიუჯეტის პროექტის მომხრეები ყურადღებას ამახვილებენ მისი შინაარსის კონკრეტულობაზე, სწორედ ამას აკრიტიკებს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე:

”ბიუჯეტის კანონში ჩამოწერილია პრიორიტეტებად ის ფუნქციები და პროგრამები, რომლებიც მთავრობის სტრუქტურებმა ისედაც უნდა შეასრულოს. ბიუჯეტის 12-13 პროცენტი არავინ იცის რაში იხარჯება, -უბრალოდ, აწერია სხვა ხარჯები.”

ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წლევანდელი ბიუჯეტისგან მხოლოდ ციფრებით განსხვავდება.

ასეთ კრიტიკას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობაში გადაგზავნა. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების შემდეგ, ნოემბრის პირველ ნახევარში, ის კვლავ პარლამენტს დაუბრუნდება საბოლოო განხილვისა და დამტკიცებისთვის.
XS
SM
MD
LG