Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტები ირწმუნებიან, რომ ისინი გაიტაცეს


26 ოქტომბერს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან გამართული აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ისინი რექტორის მისაღებში საშიმშილოდ დასხდნენ, მათთან უცხო პირები მივიდნენ, ძალის გამოყენებით ჩასხეს მანქანაში, სოფელ ძეგვში წაიყვანეს და იქ დატოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუდენტები კი სახალხო დამცველს მიმართავენ. განსხვავებული აზრის დევნა, გამჭვირვალე ბიუჯეტის არარსებობა, სტიპენდიების გაცემის არასამართლიანი წესი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს უპირისპირდება.
მე და ჩემი სამი მეგობარი რექტორის მისაღებში დაახლოებით პირველი საათისათვის დავსხედით საშიმშილოდ...

იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს ჟურნალისტებმა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის მისაღები დატოვეს, რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე სახალხო დამცველის ოფისის ფოიეში უყვება:

”მე და ჩემი სამი მეგობარი რექტორის მისაღებში დაახლოებით პირველი საათისათვის დავსხედით საშიმშილოდ. ერთი საათის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მოვიდნენ, - ვთვლით, რომ ისინი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, რადგან მათ ტაბელური იარაღი ჰქონდათ, - გარეთ ძალით გაგვიყვანეს, ჩაგვსვეს ე.წ. „მარშრუტკაში“, უკან მეორე მანქანა გამოგვყა და გაურკვევლი მიმართულებით წაგვიყვანეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, სოფელ ძეგვში ტალახში ჩამოგვყარეს. ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენ არ გვესაუბრა, ტელეფონები წაგვართვეს. ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და ერთ-ერთ სტუდენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.”

როგორც ალექსამდრე კობაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, მან, ივანე მეფარიშვილმა, გიორგი ცინცაძემ და მათთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა სტუდენტმა, რომელსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურს, თბილისში დაბრუნება საღამოს მოახერხეს.

”ორი სოფელი ფეხით გამოვიარეთ. მეოთხე სტუდენტს, რომელიც ჩვენ გვახლდა, სიცხე ჰქონდა, მაგრამ მათ არაფერი არ აინტერესებდათ. გვითხრეს, ფეხით უნდა დაბრუნდეთ ქალაქშიო. დაახლოებით ხუთი იყო დაწყებული, რომ იქაურმა მოსახლეობამ სამარშრუტო ტაქსზე მიგვითითა, რომელიც თბილისში მოდიოდა. ჩავსხედით მანქანაში და დიდუბეში ჩამოვედით”, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.

მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს, დღის 12 საათისათვის, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ორგანიზებული მცირერიცხოვანი აქცია, სახელწოდებით ”მოუსმინეთ სტუდენტებს”, გაიმართა და რაც რექტორის მისაღებში სამმა სტუდენტმა შიმშილობა გადაწყვიტა, რადიო თავისუფლება საღამოს 5 საათამდე ცდილობდა მოშიმშილე სტუდენტებთან ტელეფონით დაკავშირებას, რათა კიდევ ერთხელ გადაემოწმებინა მათი მდგომარეობა, მაგრამ სტუდენტებთან დაკავშირება ვერაფრით ვერ მოხერხდა. ისინი არც ტელეფონს პასუხობდნენ და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში სიუჟეტის მოსამზადებლად მისული რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემის - ”ეხო კავკაზას” - ჟურნალისტი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში არ შეუშვეს. როგორც მოგვიანებით რადიო თავისუფლებას ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბორის გოთოლენდიამ სატელეფონო საუბარში განუმარტა, რექტორსა და სტუდენტებს შორის შეთანხმება შედგა და სტუდენტებმა მისაღები საკუთარი სურვილისამებრ დატოვეს.

არაფერი სმენია სტუდენტების ძალის გამოყენებით დაშლის შესახებ თავად თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, მან ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან შეიტყო:

არჩილ ფრანგიშვილი: პირველად მესმის თქვენგან ეს ამბავი და თუ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არ შეიძლება უნივერსიტეტთან იყოს დაკავშირებული, რადგან მე მათთან საუბარს მოვრჩი და ამის მერე რა და როგორ მოხდა, ვერ გეტყვით.

რადიო თავისუფლება: ანუ უარყოფთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას?

არჩილ ფრანგიშვილი: არა, მე არაფერი ვიცი.

რადიო თავისუფლება: ისინი ამბობდნენ, ჩვენ აქედან ფეხს არ მოვიცვლითო... როდესაც თქვენ კაბინეტიდან გახვედით, ისინი იქ აღარ დაგხვდნენ?

არჩილ ფრანგიშვილი: მე რომ კაბინეტიდან გავედი, ისინი იქ აღარ იყვნენ. და ახლა მოგახსენებთ სხვა რამეს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ის, რაზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, რომ ისინი აქ ისხდნენ და ამბობდნენ, რომ მისაღებს არ დატოვებდნენ, რას ნიშნავს არ დავტოვებთ? ჩვენ მოვრჩით საუბარს, რა ტერიტორიის ოკუპაციას აკეთებ? თუ შენ ამ ქმედებაზე მიდიხარ, ეს არის უნივერსიტეტის წესდების დარღვევა და, შესაბამისად, მივიღებ იმ ზომებს, რომელიც არის წესდებიდან გამომდინარე.

რადიო თავისუფლება: ანუ შეგეძლოთ, რომ ისინი გაგეძევებინათ?

არჩილ ფრანგიშვილი: რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ მე ეს ფაქტი არ ვიცი, რადგან მე რომ გავედი, იქ არავინ დამხვედრია.

პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ სტუდენტებად დაყოფა, განსხვავებული აზრის დევნა, გამჭვირვალე ბიუჯეტის არარსებობა, სტიპენდიების გაცემის არასამართლიანი წესი - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს 26 ოქტომბერს ღიად დაუპირისპირდა. ისინი რექტორთან შეხვედრას და აღნიშნულ პრობლემებზე საუბარს მოითხოვდნენ, თუმცა, როგორც არჩილ ფრანგიშვილმა აქციის ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს საკუთარ კაბინეტში განუცხადა, მან სამჯერ გამართა შეხვედრა მათთან, თუმცა სტუდენტთა ამ ჯგუფისაგან არგუმენტირებული და ჩამოყალიბებული მოთხოვნები ვერ მოისმინა.

ალექსანდრე კობაიძემ, ივანე მეფარიშვილმა და გიორგი ცინცაძემ 27 ოქტომბერს სახალხო დამცველს წერილობითი განცხადებით მიმართეს. როგორც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ირაკლი მჟავანაძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, ისინი მომხდარ ფაქტს დეტალურად შეისწავლიან და, შესაბამისად, კომენტარსაც მოგვიანებით გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG