Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასებები


ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა
ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენცია გამართა
საარჩევნო კოდექსის პროექტის საექსპერტო დასკვნის მომზადების მიზნით, თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის ოთხკაციანმა ჯგუფმა 27 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა. დეპუტატებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კომისიის წევრებმა საზოგადოებას კოდექსში შესატანი ცვლილებების წინასწარი შეფასება გააცნეს, საბოლოო დასკვნას კი მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს გამოაქვეყნებენ.
ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის რწმუნებულებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში...

საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი განსახილველად ევროპის საბჭოს დამოუკიდებელ ექსპერტთა საკონსულტაციო ორგანოს - ვენეციის კომისიას -საქართველოს პარლამენტმა 12 სექტემბერს გაუგზავნა. ცვლილებების მიხედვით, დეპუტატთა რაოდენობა 150-დან 190-მდე გაიზრდება, საარჩევნო უბნებზე აღარ განთავსდება ვიდეოთვალი, არ განხორციელდება ამომრჩევლის მარკირება და წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები აუნაზღაურდებათ იმ პარტიებს, რომლებიც 5 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ვენეციის კომისიის მდივნისა და დელეგაციის ხელმძღვანელის თომას მარკერტის თქმით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საჩივრების განხილვის მექანიზმი და ვადები. დელეგაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კოდექსის ამჟამინდელი რედაქცია მნიშვნელოვანად შეიცვლება. თომას მარკერტი ეჭვით უყურებს საარჩევნო კამპანიებში პრეზიდენტის რწმუნებულთა მონაწილეობასა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას:

„ეს ორი საკითხი ნამდვილად იდგა ჩვენი შეხვედრების დღის წესრიგში. ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის რწმუნებულებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, ალბათ, აქაც შესაძლებელია არსებული ვარიანტის კორექტირება.“
ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სურვილი პატიმრებს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება...

თომას მარკერტის თქმით, საარჩევნო კოდექსის იმ პროექტში, რომელსაც კომისიის წევრები განიხილავენ, არაფერია ნათქვამი იურიდიული პირებისათვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვის თაობაზე. ვენეციის კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ შეიცვლება საარჩევნო ოლქების შექმნის მექანიზმიც. დღევანდელი სისტემის მიხედვით, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა პროპორციულად არაა წარმოდგენილი. ვენეციის კომისია ასევე მხარს უჭერს პატიმრებისათვის აქტიური საარჩევნო უფლების აღდგენას, თუმცა საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები შიშობენ, რომ არჩევნებში პატიმრების მონაწილეობით, საარჩევნო უბნებზე ვებკამერების აკრძალვითა და მარკირების გაუქმებით, არჩევნების სამართლიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა. აი, რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახმებ თომას მარკერტი, ვენეციის კომისიის მდივანი და საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის ხელმძღვანელი:

„ჩვენთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სურვილი პატიმრებს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ასეთივეა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი, ვალდებულია სისრულეში მოიყვანოს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ასევე აუცილებელია ყველა ზომის გატარება იმისათვის, რომ არჩევნები სასჯელაღსრულების სისტემაში მართლაც თავისუფალ გარემოში და ფარული კენჭისყრის პირობებში ჩატარდეს. რაც შეეხება ვებკამერების საარჩევნო უბნებზე გამოყენებას, ყოველთვის გვაწუხებდა ის, რომ შესაძლებელი იყო ამ კამერებს გამოეწვია ამომრჩეველთა სიფრთხილე და დაშინება. გარკვეული პრობლემები არსებობდა მარკირებასთან დაკავშირებითაც. აშკარაა, რომ მარკირებისა და ვებკამერის გამოყენების სანაცვლოდ, სხვა გზები და მიდგომები უნდა გამოინახოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ბიომეტრიული მონაცემების გამოყენება იქნებოდა ყველაზე კარგი და ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ამას ალბათ დიდი დრო დასჭირდება და ვერ მოესწრება უახლოესი არჩევნებისთვის.“

თომას მარკერტის თქმით, კომისია საბოლოო დასკვნას საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტის შესახებ გამოაქვეყნებს პლენარულ სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG