Accessibility links

logo-print

აპატურაი თბილისში


კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი

მიმდინარეობს მზადება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომისთვის, რომელსაც 9-10 ნოემბერს თბილისი უმასპინძლებს და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. სწორედ ამ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებული დეტალების შესათანხმებლად ესტუმრა თბილისს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. 27 ოქტომბერს თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ნატოსა და საქართველოს წარმატებულ ურთიერთობებზე საუბრის პარალელურად, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსულ ჯეიმს აპატურაის გარკვეული განმარტებების გაკეთებაც მოუწია.

რაც მე მოსკოვში ვთქვი და აქაც გავიმეორე, არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, (ჩიკაგოში) ხელახლა მტკიცედ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება...
27 ოქტომბერს, როცა ჯეიმს აპატურაი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს უკვე გავრცელებული ჰქონდათ ცნობები იმის შესახებ, რომ მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთვის “მეპის” (MAP) მინიჭების პერსპექტივა გამორიცხა. რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ეს პროგნოზი უკავშირდებოდა ნატოს სამიტს, რომელსაც მომავალი წლის მაისში შეერთებული შტატების ქალაქი ჩიკაგო უმასპინძლებს. მოსკოვიდან წამოსულ ამ შინაარსის ცნობებს, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლიდა პრესკონფერენცია, რომელიც 27 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. თუმცა ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, აპატურაის განცხადების საპასუხოდ, გავრცელდა შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, ჯონ ბასის კომენტარი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმის ზუსტად თქმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩიკაგოს სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნები.

რაც შეეხება თავად ჯეიმს აპატურაის განმარტებებს, ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ პრესკონფერენციაზე, მან აბსოლუტურად უარყო რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია:

”მე ეს არასდროს მითქვამს. რუსეთის სააგენტოებს არ მოუყვანიათ ჩემი ციტატა. ეს იყო ინტერპრეტაცია, რასაც არ ვეთანხმები. მე არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, თუ რა მოხდება ჩიკაგოს სამიტამდე და არანაირი გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული. რაც მე მოსკოვში ვთქვი და აქაც გავიმეორე, არის ის, რომ დარწმუნებული ვარ, (ჩიკაგოში) ხელახლა მტკიცედ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება.”
მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება და მათზე საგანგებო ყურადღება იქნება გამახვილებული, როგორც ქვეყნის განგრძობადი პროგრესის ნიშნებზე...

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, ჯეიმს აპატურაის თქმით, კვლავაც ძალაშია და ნატოს წევრი სახელმწიფოები აბსოლუტურად ერთგული რჩებიან ამ ძირითადი პრინციპისა. თუმცა ჯერ არავის გაუცია პასუხი შეკითხვებზე, თუ როდის და როგორ გახდება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მანამდეც არაერთხელ თქმულა და ჯეიმს აპატურაიც იმეორებს, რომ ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების წარმატებაზეა დამოკიდებული. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში და ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესში, თუმცა კიდევ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ამ კონტექსტში დასახელებულ მიმართულებებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მომავალი არჩევნების თემა:

”ნება მომეცით, ამ კუთხით გამოვყო არა მხოლოდ სამხედრო და თავდაცვის სფეროს რეფორმები, არამედ ასევე სასამართლო რეფორმა და საარჩევნო სისტემის რეფორმა. მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება და მათზე საგანგებო ყურადღება იქნება გამახვილებული, როგორც ქვეყნის განგრძობადი პროგრესის ნიშნებზე.”

არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მნიშვნელოვანი რომ იქნება ნატოსა და საქართველოს სამომავლო დაახლოების ტემპის განსასაზღვრად, ამას ადასტურებს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძეც, რომელიც 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წინაშე ჯეიმს აპატურაისთან ერთად წარდგა.

ჯეიმს აპატურაისა და გიორგი ბარამიძის შეხვედრა

ჯეიმს აპატურაისა და გიორგი ბარამიძის შეხვედრა

გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ რეფორმების გაგრძელება და ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება კვლავაც რჩება საქართველოს უპირველეს ამოცანად. მიღწევებიდან გამომდინარე, ნატოს ჩიკაგოს სამიტს საქართველო გარკვეული წინსვლის იმედებს უკავშირებს, თუმცა ”მეპი”, რომლის მიღებაზეც საქართველოს უარი უთხრეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ვიცე-პრემიერის თქმით, ”სულაც არ არის პანაცეა” და შესაძლებელია, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად სულაც აღარ დასჭირდეს ”მეპი” - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა:

”მეპი სხვა არაფერია, თუ არა მექანიზმი იმისათვის, რომ ქვეყანა მოემზადოს ნატოში გასაწევრიანებლად, რეფორმების გატარების გზით. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, არჩევნების ჩატარების, საკანონმდებლო რეფორმის, სასამართლო რეფორმის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და ასე შემდეგ... - აი, ყველა ამ სფეროში რეფორმების გატარების მექანიზმია ეს და დღეს ჩვენ ეს მექანიზმი გვაქვს... ანუ მთავარი ის კი არ არის, რა სახელის მექანიზმი გაგვაჩნია; მთავარი ის არის, თუ რას ვაკეთებთ.”

რამდენად წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მექანიზმის ფარგლებში, რასაც ხშირად საქართველოს ”საშინაო დავალებასაც” უწოდებენ ხოლმე, ეს კიდევ ერთხელ შეფასდება 9-10 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე. გიორგი ბარამიძის თქმით, მართალია, საქართველოსთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე თამასა, რუსეთის ფაქტორის გამო, სხვა შემთხვევებზე უფრო მაღალია, მაგრამ დაუძლეველი არაფერია და რამდენიმე წელიწადში სავსებით რეალისტური იქნება საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.
XS
SM
MD
LG