Accessibility links

”ბანკ ქართუში” არ დანიშნება დროებითი ადმინისტრაცია


”ბანკ ქართუში” დროებითი ადმინისტრაციის დანიშნვის საჭიროება არ არსებობს”, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. მისი განმარტებით, ბოლოდროინდელი პროცესების გასარკვევად ”ქართუში” ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობს სტანდარტული ორთვიანი შემოწმება, რომელიც შესაძლოა ვადაზე ადრე, ან პირიქით, უფრო გვიან დასრულდეს.
ქადაგიძის თქმით, არ დგას ”ბანკი ქართუს” რაიმე ფორმით მართვის, ან საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხი. "ჩვენ ასევე მზად ვართ ბანკისთვის გავცეთ ფინანსური რესურსი 2 მილიონი დოლარის და 1 მილიონი ევროს, ანუ დაყადაღებული თანხის ოდენობით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაცია”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 18 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს ”ბანკი ქართუს” თანამშრომლები, რომლებსაც საინკასაციო ავტომანქანით ”საქართველოს ბანკიდან” მიჰქონდათ 2 მილინი დოლარი და 1 მილიონი ევრო. თანხა ამჟამად დაყადაღებულია.
XS
SM
MD
LG