Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ადამიანების რიცხვი შვიდი მილიარდი გახდება. კიდევ რამდენს დაგვიტევს დედამიწა?!


21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის მოსახლეობამ ათ მილიარდს შეიძლება მიაღწიოს. უკვე წელს მოელიან, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანთა რიცხვი შვიდი მილიარდი გახდება. მსოფლიოში ამდენ ადამიანს არასოდეს უცხოვრია. რამდენს გაუძლებს დედამიწა, რამდენ ჰომო საპიენსს შეუძლია ერთად იარსებოს?

ადამიანთა რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით მაღალი სიჩქარით მეოცე საუკუნეში დაწყებულა, შუა წლებში ორი პროცენტისთვის მიუღწევია და დემოგრაფიულ აფეთქებაზე მაშინ დაუწყიათ ლაპარაკი. ეს ტემპი შემდეგ დაეცა და ახლა ის მხოლოდ ერთ პროცენტს უტოლდება. შესაბამისად, მატება ჯერ კიდევ ოთხმოციან წლებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამჟამად. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, როგორც ითქვა, 2100 წლისთვის მოსახლეობამ შეიძლება ათ მილიარდს მიაღწიოს. დემოგრაფია მათემატიკურ გამოთვლებზეა დამყარებული და მისი სრული ნდობა არ შეიძლება, პირობად დღევანდელი ვითარება და აქამდე არსებული ტენდენციებია აღებული. გაუძლებს თუ არა დედამიწა ამდენ ადამიანს მომავალში, ვერავინ იტყვის. ამაზე პასუხი არა აქვს არც დემოგრაფიული კვლევის საფრანგეთის სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს ჟილ პიზონს, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი, ანტუან ბლუა ესაუბრა:

„არ ვიცით, როგორია პლანეტის მაქსიმალური შესაძლებლობა. განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანია დღეს რესურსების მთავარი მომხმარებელი და გლობალური დათბობის მთავარი წყარო. თუ მომავლის ათი მილიარდი ადამიანი დღევანდელი ევროპელების ან ამერიკელების ცხოვრების სტილს მიბაძავს, პლანეტა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს. მაგრამ ცხოვრების ჩვენეული წესის შეცვლა შესაძლებელია. ის უფრო ეკონომიური უნდა გახდეს და გარემოს მიმართ მეტი პატივისცემა გამოავლინოს. და ეს დღესვე უნდა დავიწყოთ.“

ფრანგმა მეცნიერმა ახსენა „ეკონომიურობა“ და თქვა, რომ რესურსების მთავარი მომხმარებლები ევროპელები და ამერიკელები არიან. მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ამ ჯგუფებში - ამერიკელებსა და ევროპელებს შორის - არის უკიდურესი უმცირესობა, რომელიც სიმდიდრის ძალიან დიდ, სრულიად შეუსაბამო წილს ფლობს. ანტუან ბლუამ ჰკითხა მას, გასული წლები, ანუ პერიოდი, როცა მოსახლეობა იზრდებოდა და იზრდებოდა სიღარიბეც, როცა ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა, მოხდა ეკოლოგიური კატასტროფები, ხომ არ იყო დასტური მალთუსიანელთა თეორიისა, რომ მოსახლეობის რიცხვის ზრდა უსწრებს კვების პროდუქტების წარმოებას, რაც, თუკი მოსახლეობის ზრდა უკონტროლო გახდა, აუცილებლად მიგვიყვანს შიმშილობამდე.
პასუხი ასეთი იყო:

„დემოგრაფიული თვალსაზრისით, შობადობა 1990-იანი წლებიდან შემცირდა. დღეს საშუალო ქალი შობს ორ-ნახევარ ბავშვს, რაც ნახევარია მეოცე საუკუნის 50-იანი წლების მონაცემისა. მცირდება ოჯახების სიდიდეც. ეკონომიკური ზრდა არასტაბილური სიდიდეა: აზიასა და სამხრეთ ამერიკაში ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა. აფრიკაში ეს ზრდა ნაკლებია, მაგრამ მოსახლეობის რიცხვი იმატებს. მომავალში ყველაზე დიდი დემოგრაფიული ზრდა აფრიკაში იქნება. მომავალ ას წელიწადში აფრიკის მოსახლეობა, ალბათ, ოთხჯერ გაიზრდება. აფრიკის ქვეყნები - ასევე აზიის ზოგიერთი ქვეყანა - გააგრძელებენ სწრაფ დემოგრაფიულ ზრდას და მათი მიზანი ეკონომიკური განვითარება იქნება. ამის მიღწევა შესაძლებელია.“

ამას გარდა, ისიცაა შესაძლებელი, ფრანგი მკვლევარის აზრით, რომ პლანეტამ 7 მილიარდი ადამიანი გამოკვებოს. ის ამბობს, რომ შიმშილობა კონფლიქტის ზონებში ხდება ხოლმე იმ შემთხვევებში, როცა იქ გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის სხვაგან წარმოებული სურსათის მიწოდება ვერ ხერხდება. სულ უფრო და უფრო ხშირად ვართ მოწმე ვითარებისა, განაგრძობს პიზონი, რომ იმ რეგიონებს, რომლებსაც გვალვამ ზარალი მიაყენა, ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა ფორმით მიეწოდება სურსათი და ხერხდება შიმშილობის გამო სიკვდილიანობის თავიდან აცილება. ჩვენმა კორესპონდენტმა ჟილ პიზონს სთხოვა აზრის გამოთქმა გაეროს მოსახლეობის ფონდის წინადადებაზე, როგორ უნდა მოგვარდეს მოსახლეობის ზრდის შედეგად გამოწვეული პრობლემები. უწყება თვლის, რომ განათლება, ოჯახის დაგეგმვა და ბრძოლა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ამ მოგვარების პირობებია. იქნება თუ არა ეს გეგმა წარმატებული? პიზონის აზრით, ადამიანმა ალღო აუღო ვითარებას და სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი აჩენს ნაკლებ შვილს, ოჯახების სიდიდე მცირდება:

„მშობლებს ცოტა შვილი ჰყავთ და მათთვის იმოდენა თანხას გაიღებენ, რამდენიც ბავშვებს უქმნის უკეთეს პირობებს, ვიდრე მშობლებს ჰქონდათ. ეს გულისხმობს განათლებასა და კარგ სამსახურს. ეს ტენდენცია ყველგან შეინიშნება. ცალკეულ სახელმწიფოთა დემოგრაფიულ პოლიტიკას შეუძლია ამ პროგრამისთვის ხელის შეწყობა, თუმცა თავად ისინი ინიციატორები არ არიან. ასე რომ, ეჭვგარეშეა, კაცობრიობა ადამიანთა რაოდენობის სტაბილიზებას შეძლებს და ამის საფუძველი ცოტა ბავშვის ყოლაა“, უთხრა რადიო თავისუფლებას დემოგრაფიული კვლევის საფრანგეთის სახელმწიფო ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ჟილ პიზონმა.

დაბოლოს, გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ გაეროს მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად,მსოფლიოს მეშვიდმილიარდე მოქალაქის დაბადება 31 ოქტომბერს უნდა აღნიშნონ. წამში კი დედამიწაზე ძალიან ბევრი ბავშვი იბადება. რომელი დასახელდეს ოფიციალურად მეშვიდმილიარდედ, ძნელი ამოსარჩევი იქნება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG