Accessibility links

logo-print
მცირე ელექტრონული წიგნების გამოშვებით საქართველოში რამდენიმე გამომცემლობა უკვე დაინტერესდა. მათ შორისაა ლიტერატურული პორტალი „ლიბ ჯი“, რომელიც უახლოეს ხანში თავის მომხმარებელს შესთავაზებს წიგნებს ელექტრონული ტექსტების საკითხავი მოწყობილობისთვის, ”კინდლისთვის”.
„კინდლი“ ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც თან ძალიან მსუბუქია და თანაც ძალზე ”ტევადი”. „კინდლის“ ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.
‘ამაზონზე’ გაყიდვების რაოდენობა ელექტრონული წიგნებისა ზუსტად გაუთანაბრდა ჩვეულებრივ ბეჭდურ წიგნებს...

ვორდის ნებისმიერი ფაილი შეგიძლიათ აქციოთ ფაილად, რომელსაც „კინდლში“ წაიკითხავთ. ამისთვის სპეციალური კონვერტორები არსებობს. ჯერჯერობით ასე ხდება: შედიხარ ინტერნეტპორტალ „ლიბ.ჯი“-ზე, ირჩევ რომელიმე ნაწარმოებს, იმახსოვრებ, გადაგყავს „კინდლისთვის“ სასურველ ფორმატში და ელექტრონული წიგნი მზადაა. ამ ოპერაციას სულ რამდენიმე წამი სჭირდება, თუმცა უახლოეს ხანში დროის დახარჯვა თითქმის აღარ დასჭირდება - ელექტრონული ტექსტები „კინდლის“ ფორმატისთვისაც გამოქვეყნდება. ინტერნეტპორტალ „ლიბ ჯის“ ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი კეკელიძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

” ‘ამაზონზე’ გაყიდვების რაოდენობა ელექტრონული წიგნებისა ზუსტად გაუთანაბრდა ჩვეულებრივ ბეჭდურ წიგნებს. ეს გარკვეულწილად ნიშნავს ბეჭდური ეპოქის დასასრულს თუ არა, ამ დასასრულის დასაწყისს მაინც. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ნოვაციები ადვილად ფეხს ვერ იკიდებს, მაგრამ უკვე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელსაც ”კინდლი” ან „აიფადი“ შეძენილი აქვს.”

ასე რომ, ელექტრონული წიგნი ბიზნესის წყარო შეიძლება გახდეს. მართალია, ასეთი ტექსტის ”შეძენა” უფრო იაფია, მაგრამ ტექსტის განთავსებაც იაფია და შესაძლებელია ინტერნეტპორტალის მფლობელებმა წიგნის გამომცემელზე უფრო მეტი მოგებაც ნახონ. გიორგი კეკელიძის თქმით, კლასიკური ლიტერატურა უფასო იქნება, ისევე როგორც ინტერნეტპორტალ ”ამაზონზე”, სადაც ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი წიგნი უფასოდ შეიძინოთ.

”აქედან გამომდინარე, ჩვენმა ინტერნეტბიბლიოთეკამ გადაწყვიტა კლასიკური ნაწარმოებები გადაიყვანოს იმ ფორმატში, რომელიც ადვილად იქნება წასაკითხი ”კინდლისთვის”. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტექნიკურად უკვე სრულიად მზად იქნება. ანუ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება „კინდლის“ თუ სხვა ტიპის ელექტრონული რიდერი, სრულიად უპრობლემოდ შეეძლება გადმოწეროს ნაწარმოებები უფასოდ”, - გვითხრა გიორგიმ.
ამას ბევრი ადამიანი აღიარებს და იწონებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივი ბეჭდური წიგნის გამოცემაზე ძალიან ბევრი ქაღალდი იხარჯება...

თუმცა ეს ნოვაცია, ამავე დროს, საშუალებას მისცემს ელექტრონული ბიბლიოთეკების მფლობელებს რეკლამაც გაუკეთონ ახალ წიგნებს. გიორგი კეკელიძემ ისიც გვიამბო, როგორ აპირებენ ახალი ტექსტების განთავსებას ”კინდლისთვის”:

”ასევე გვექნება მეორე განყოფილება, რომელიც, ავტორთან და გამომცემლებთან შეთანხმებით, შემოგვთავაზებს მხოლოდ ნაწყვეტს ინტერნეტმკითხველისთვის, ხოლო დანარჩენის გადმოწერას მკითხველი შეძლებს რაღაც თანხის გადახდის შემდეგ ბარათით ან ფულის ჩასარიცხი აპარატებით.”

წიგნის ერა სრულდებაო, გვითხრა გიორგი კეკელიძემ. უამრავი ადამიანი მსოფლიოში უარყოფს ამ აზრს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი გარდაუვალია. მით უმეტეს, რომ, როგორც გიორგი კეკელიძემ გვითხრა, ”ბევრი სარგებლობაც მოაქვს”:

”ამას ბევრი ადამიანი აღიარებს და იწონებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივი ბეჭდური წიგნის გამოცემაზე ძალიან ბევრი ქაღალდი იხარჯება. თანაც ”კინდლში” წიგნის კითხვა უფრო კომფორტულია - იქ უფრო ბევრი ნაწარმოები შეიძლება მოათავსო. სხვა მხრივ, წიგნს მომხრეები მეტი ჰყავს ეგზოტიკური მიზეზების გამო (”წიგნის სუნი”) და როგორც სასაჩუქრე პროდუქციას.

მაგრამ ნუთუ უარი უნდა ვთქვათ ისეთ რიტუალზე, როგორიც ბავშვისთვის წიგნის კითხვაა? ბავშვთან ერთად წიგნის კითხვა ხომ აღმზრდელობითი რიტუალია, კონტაქტის საშუალება? - ვკითხეთ გიორგი კეკელიძეს.

” დღეს არსებობს სხვადასხვა ტიპის აპარატები. მაგალითად, იგივე „აიფადი“, რომელშიც სხვადასხვა ტიპის წიგნების ჩატვირთვა შეიძლება - ილუსტრაციებით. 2- 3 წელიწადში ეს ჩანაცვლება გარდაუვალი იქნება.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG