Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო და საქართველო რუსეთის პასუხს ელოდებიან


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთის პასუხს ელოდება იმ კომპრომისულ წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარეებს ჟენევის მოლაპარაკებების შუამავალმა ქვეყანამ, შვეიცარიამ შესთავაზა. საქართველომ თავისი თანხმობა 27 ოქტომბერს დაადასტურა, ხოლო რუსეთის პასუხი, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. შვეიცარიული მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტის სრული ტექსტი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, თუმცა რადიო თავისუფლება შეეცადა გარკვეული დეტალების გარკვევას.

ბოლო 18 წლის მანძილზე გაჭიანურებულ პროცესში რუსეთი ასე ახლოს ჯერ არასოდეს ყოფილა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან. სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთი ვმოს წევრი სულ რამდენიმე კვირაში გახდეს და, კერძოდ კი, 15 დეკემბერს, როცა ჟენევა მინისტრთა კონფერენციას უმასპინძლებს. თუმცა იმისათვის, რომ საქართველოს მხარდაჭერა მოიპოვოს, რუსეთმა ხელი უნდა მოაწეროს შვეიცარიელი შუამავლების მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებებზე, რაც, თავის მხრივ, უკვე გააკეთა ქართულმა მხარემ.

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა პრაქტიკულად ჩიხში შესულ პროცესში, რომელიც, ტექნიკური ხასიათის 2 რაუნდის ჩათვლით, 10 რაუნდს ითვლის, გარდატეხა ბევრისთვის მოულოდნელად მოხდა. რუსეთის მედიის ინფორმაციით, ყველაფერი ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე ზეწოლამ გადაწყვიტა, თუმცა ქართული მხარე ზეწოლის ფაქტორის არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ პროცესს თბილისი უბრალოდ კონსტრუქციული პოზიციით მიუდგა და გარკვეულ კომპრომისებზე საკუთარი ნებით წავიდა. მაგრამ იქვე აღინიშნება, რომ ეს კომპრომისები არავითარ შემთხვევაში არ ეხება საქართველოს ძირეულ ინტერესებს და იმ პრინციპულ მოთხოვნას, რასაც ქართული მხარე აყენებდა რუსეთის წინაშე.
მონიტორები ფიზიკურად დგანან სავაჭრო დერეფნების შესასვლელებში და როცა მოდის ტვირთი, ფიზიკურად ესწრებიან ადგილობრივი მებაჟეების მიერ ამ ტვირთის შემოწმებას...

ხაზი ესმება იმ გარემოებას, - და ეს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემაც აღნიშნა 27 ოქტომბერს, - რომ სტატუს-ნეიტრალურ წინადადებებში გათვალისწინებულია მექანიზმი, რაც სადავო საზღვრებზე გამჭირვალე ვაჭრობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ეს მექანიზმი კი შედგება ორი კომპონენტისგან: 1. მონიტორინგის საერთაშორისო სისტემა და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის სისტემა. სერგი კაპანაძის განმარტებით, ხსენებული მექანიზმი უზრუნველყოფს ”სავაჭრო დერეფნებში შემავალი და იქიდან გამომავალი ტვირთების მონიტორინგს.”

დეტალების დასაზუსტებლად რადიო თავისუფლება 28 ოქტომბერს ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუკავშირდა, საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შვეიცარიაში. ბევრის თქმა ამ ეტაპზე არც ელჩს შეუძლია, თუმცა მასთან საუბარში გავარკვიეთ, რომ სავაჭრო დერეფნები დაფარავს იმ ძირითად სატრანსპორტო გზებს, რომლებზეც ტვირთები მოძრაობს. მათ შორის იქნება განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის საბაჟო-საკონტროლო პუნქტები. თუმცა ეს ობიექტები, ისევე როგორც ყველა სხვა ობიექტი, ტვირთბრუნვის მონიტორინგის პროცესში გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით იქნება მოხსენიებული. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორების ფიზიკურ დასწრებას:
არის ინფორმაციის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ინფორმაციას, საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, აგზავნიან რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი საბაჟო სამსახურები...

”მონიტორები ფიზიკურად დგანან სავაჭრო დერეფნების შესასვლელებში და როცა მოდის ტვირთი, ფიზიკურად ესწრებიან ადგილობრივი მებაჟეების მიერ ამ ტვირთის შემოწმებას. ისინი არ შედიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ტექსტის მიხედვით, ისინი დგანან დერეფნების შესასვლელებში.”

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ ვინ იქნებიან ხსენებული საერთაშორისო მონიტორები და ჯერჯერობით არც ის კონკრეტდება, თუ ვისი მანდატით იმოქმედებენ ისინი - იქნება ეს, ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა. ელჩი განმარტავს მხოლოდ იმას, რომ მონიტორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ყველანაირი ინფორმაცია სავაჭრო დერეფნებში მოძრავი ტვირთების შესახებ:

”არის ინფორმაციის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ინფორმაციას, საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, აგზავნიან რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი საბაჟო სამსახურები. მონიტორები ნებისმიერ დროს შეამოწმებენ ამ ინფორმაციას.”

იმის გამო, რომ შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული წინადადებების სრული შინაარსი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია, ექსპერტები ჩვენთან საუბარში თავს იკავებენ ცალკეული დეტალის გაანალიზებისგან. ამ ეტაპზე მათ თავადაც ძალიან ბევრი შეკითხვა აქვთ და მსჯელობაში თავს იჩენს როგორც ოპტიმისტური ვარაუდები, ასევე უკიდურესი სკეპტიციზმიც.

რაც შეეხება მოსკოვის პასუხს, როგორც რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა ვმოს საკითხებზე, მაქსიმ მედვედკოვმა უთხრა სააგენტო ”იტარ–ტასს“, მოსკოვს შვეიცარიის წინადადებებთან დაკავშირებული პოზიციის მოსამზადებლად რამდენიმე დღე დასჭირდება. თუმცა, რადიო თავისუფლებისთვის ჟენევიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსკოვის საბოლოო პასუხი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი.

თუკი, თბილისის მსგავსად, მოსკოვის პასუხიც დადებითი იქნება, მაშინ ყველაფერი უპრობლემოდ წარიმართება - მხარეთა შეთანხმება შესაბამისად აისახება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე მომუშავე ჯგუფის ანგარიშში და მუშაობა დასრულდება 10-11 ნოემბრისთვის დანიშნულ ოფიციალურ სესიაზე. ამის შემდეგ კი, ჯგუფის ხელმძღვანელის შტეფან იოჰანესონის განცხადებით, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება, მთელი დოკუმენტაცია და რეკომენდაციები უკვე მინისტრებს გადაეცემათ 15 დეკემბრის კონფერენციისთვის მოსამზადებლად.

და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი უარყოფით პასუხს გასცემს შვეიცარიული მხარის კომპრომისულ წინადადებებს? მოახერხებს თუ არა ის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველოს გვერდის ავლით? ამ შეკითხვებთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს: თუკი ერთნი ფიქრობენ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, სხვებს ეეჭვებათ, რომ დასავლეთი ასეთ ექსკლუზიურ ”საჩუქარს” გაიმეტებს რუსეთისთვის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG