Accessibility links

logo-print

პოლიტიკური დევნა თუ მოვალეობის შეუსრულებლობა?!


ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე

ვიქტორ დოლიძე და ზურაბ აბაშიძე

თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ 28 ოქტომბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” წევრები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე. ზურაბ აბაშიძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, ვიქტორ დოლიძე კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა. მომხდარი ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდა, მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხაჩირაშვილის განცხადებით, თანამდებობიდან გადარჩევა არის პროცესი, რომელშიც პირადული არაფერია. მისი თქმით, ვიქტორ დოლიძისა და ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი მათივე ეგრეთ წოდებული ბუნდოვანი მიზნები გახდა:

” მიგვაჩნია, რომ თვითონ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის და ნებისმიერი თანამდებობა საკრებულოში უნდა ემსახურებოდეს თბილისში გარკვეული კონკრეტული პრობლემების მოგვარებას და არა რაღაც ბუნდოვანი მიზნების განხორციელებას, რომელიც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი.”

ჩვენ გაკვირდებოდით ერთი წლის განმავლობაში და თქვენ თურმე არ ემსახურებოდით ხალხის ინტერესებსო. ეს არის მათი გაუგებარი არგუმენტი...
იმას, თუ რას გულისხმობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირიშვილი მიზნების ბუნდოვანებაში, კარგად გამოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის განმარტებაში. იმის ნაცვლად, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის თავმჯდომარეს პრობლემები მშვიდ სამუშაო გარემოში მოეგვარებინათ, საზოგადოება მათ მეგაფონით ხელში სახელმწიფო დაწესებულებების წინ, ქუჩის აქციებზე ხედავდა, ამბობს ზაალ სამადაშვილი.

ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე კი არ გამორიცხავენ, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობასაც უკავშირდებოდეს. თბილისის საკრებულოში 28 ოქტომბერს დატრიალებულ მოვლენებს ისინი ბოლშევიკური პოლიტიკის გამოვლინებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული არგუმენტები, რომელთაც არგუმენტები არც კი შეიძლება ეწოდოს:

” ჩვენ გაკვირდებოდით ერთი წლის განმავლობაში და თქვენ თურმე არ ემსახურებოდით ხალხის ინტერესებსო. ეს არის მათი გაუგებარი არგუმენტი და პირდაპირ გეტყვით, ეს არის ბოლშევიკური წყობა, კომუნისტური წყობილების დაბრუნება ხდება საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ეს არის ბოლშევიზმი, კომუნისტური პარტია. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი და ვიქტორ დოლიძის, რაც დღეს სახელმწიფოში ხდება, ჩვენი დევნაა და ეს არის ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი.”

არგუმენტად მოიყვანო, რომ ზურა აბაშიძემ დასუფთავების სამსახურის ყვითელი ჟილეტი ჩაიცვა, სადღაც აქცია გამართა და ამიტომ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, მე მგონი, ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს...
ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის შეფასებები, თავის მხრივ, პრაქტიკულად მთლიანად გაიზიარა თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა. სოლიდარობა აშკარა იყო როგორც ბიუროს სხდომაზე, სადაც აბაშიძე-დოლიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა გადაწყდა, ასევე საკრებულოს სხდომაზე. თანამდებობრივი საკითხის გარდა, მსჯელობის საგანი გახდა ინციდენტი, რომელიც საკრებულოს ფრაქცია ” ჩვენი თბილისის” თავმჯდომარის, დავით საგანელიძის განმარტებით, უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის მხრიდან დედის გინებაში გადაიზარდა. პოლიტიკურ ოპონენტებთან ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთი საბაბი იყო იმისთვის, რომ ოპოზიციას საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა. სხდომამ კი ფარული კენჭისყრით დაამტკიცა, რომ ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე დაკისრებულ მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერ ართმევენ.

თბილისის 2010 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გასული წლის 17 ივნისს გაიმარა. სხდომამ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 12 კომისიიდან ორის თავმჯდომარეობა არგუნა ოპოზიციას, საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე ასევე ოპოზიციის კვოტით გავიდა. საკრებულოს წევრ თინა ხიდაშელს საკრებულოს უმრავლესობის ამჟამინდელი კი არა, ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება უფრო აკვირვებს. როგორც მათი დანიშვნა იყო მოულოდნელი, მოულოდნელია გადარჩევაც, გვითხრა თინა ხიდაშელმა, რომელმაც საკრებულოს 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება მოსთხოვა.

”არგუმენტად მოიყვანო, რომ ზურა აბაშიძემ დასუფთავების სამსახურის ყვითელი ჟილეტი ჩაიცვა, სადღაც აქცია გამართა და ამიტომ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, მე მგონი, ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს. ბატონმა ზაალმა საინტერესო ფრაზა თქვა, სამი თვის წინაც ვფიქრობდით ამას, მაგრამ მაშინ თავი შევიკავეთო. სწორია, იმიტომ რომ სამი თვის წინ ალბათ მართლა ფიქრობდნენ, რადგან „რვიანისგან“ ემუქრებოდათ საფრთხე. დღეს სხვა კონტექსტში აღმოჩნდა ეს პოლიტიკური ძალა და სხვა ტიპის ანგარიშსწორება გახდა საჭირო”, გვითხრა თინა ხიდაშელმა.

ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე კი, თანამდებობებიდან გათავისუფლების მიუხედავად, საკრებულოს რიგით წევრებად რჩებიან და ბრძოლის გაგრძელებას გასამმაგებული ენერგიით აპირებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG