Accessibility links

logo-print

ომის დანაშაულების გამოძიება


არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები, რომლებიც ომის დანაშაულების კვლევაზე მუშაობენ გორში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები, რომლებიც ომის დანაშაულების კვლევაზე მუშაობენ გორში.

გორში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებმა, რომლებიც ომის დანაშაულების კვლევაზე მუშაობენ, ადგილობრივი საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებს და დაზარალებულ დევნილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა საქმეების გამოძიება. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ სპეციალური ანგარიშიც კი მომზადდა, სახელწოდებით „არ შეუძლია თუ არ უნდა?“. ამ ანგარიშის მიხედვით იკვეთება, რომ ქართული და რუსული საგამოძიებო ორგანოები არასრულფასოვან გამოძიებას ატარებენ. საქართველო რომის სტატუტის მონაწილეა და ვალდებულია ყველა საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება ჩაატაროს, თუმცა სამი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში პროგრესს ვერ ხედავენ. გარდა ამისა, მათთვის შესაბამისი ინფორმაციაც ხელმიუწვდომელია. არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“, რომელიც 2500 ორგანიზაციას აერთიანებს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობს და მონიტორინგს აწარმოებს იმ საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს. ორგანიზაციის კოორდინატორი ევროპაში კირსტენ დუჩენსი ამბობს, რომ არასაკმარისი ინფორმაცია გამოძიების პროცესს ბუნდოვანს ხდის.
ეფექტური საგამოძიებო პროცესი სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება, ვინაიდან არც ერთ მხარეს არ შეუძლია გამოძიებები აწარმოოს საწინააღმდეგო მხარეს...

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული დანაშაულებების განხილვა მის მანდატში ჯდება და ამჟამად საქართველოსა და რუსეთში აღნიშნული დანაშაულებების ადგილობრივ გამოძიებათა მონიტორინგს აწარმოებს. თუ ჰააგის სასამართლო დაადგენს, რომ მხარეებს არა აქვთ უნარი და სურვილი, რომ ეფექტურად გამოიძიონ საქმეები, მას შეუძლია თავად იკისროს სამართლიანობის დადგენა და დაიწყოს გამოძიება. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მკვლევარი სიმონ პაპუაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მათი ინფორმაციით, ომის შემდეგ 3000 კაცი იყო დაკითხული, მაგრამ საქმეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღების მცდელობა ორგანიზაციისთვის წარუმატებლად დასრულდა. სოფლებში დაზარალებულთა გამოკითხვისას კი ვერ დარწმუნდნენ, რომ გამოძიება წინ წავიდა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ნათია კაციტაძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია 400 დაზარალებულის - მათ შორის ეთნიკური ოსების -ინტერესებს იცავს, მაგრამ მათგან მხოლოდ 100 ადამიანს მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.

ანგარიშში იმ ბარიერების შესახებაც არის საუბარი, რომელთაც გამოძიება აწყდება. „ეფექტური საგამოძიებო პროცესი სერიოზულ წინააღმდეგობებს აწყდება, ვინაიდან არც ერთ მხარეს არ შეუძლია გამოძიებები აწარმოოს საწინააღმდეგო მხარეს და არ შეუძლიათ ითანამშრომლონ გამოძიების პროცესში. კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოებაა, რომ არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას. ორივე სერიოზულ დანაშაულებებში პასუხისმგებლობას მხოლოდ მეორე მხარეს აკისრებს. საქართველოს პოზიცია ასეთია: „საქართველოს პასუხი რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმაზე შემოიფარგლა მხოლოდ მის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს ზომები იძულებით იყო გამოწვეული და იყო პროპორციული, აუცილებელი და სრულიად გამართლებული მისი კანონმდებლობით და ქარტიით გათვალისწინებული უფლებით, გამოიყენოს ძალა თავის დასაცავად.“

რუსეთის გენერალური პროკურატურიდან საიას-თვის გაგზავნილ წერილებში ნათქვამია, რომ რუსეთი იძიებს მხოლოდ რუსი მშვიდობისდამცველების და რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს. მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო დაუბალანსებელს ხდის რუსულ გამოძიებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო პროცესი ერთ ადგილზეა გაყინული და ჰააგის სასამართლოს, პროკურორის ოფისს უკვე აქვს საფუძველი გამოძიება თვითონ დაიწყოს.
XS
SM
MD
LG