Accessibility links

logo-print

”ქართუ ჯგუფზე" ზეწოლის ახალ ფაქტზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ”ქართუ ჯგუფზე" ზეწოლის ახალ ფაქტზე საუბრობს. პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური "ქართუ ჯგუფს" ერეკლე მეფის მოედანზე მდებარე როსტომ მეფის სასახლეში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის თანმშრომლებმა მოითხოვეს სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თანამშრომლებს ტერიტორია დაატოვებინეს და მიზეზად დაასახელეს არასწორად წარმოებული სამუშაოები. ზედამხედველობის სამსახურმა "ქართუ ჯგუფი" 4 ათასი ლარით დააჯარიმა და ხარვეზების 20 დღეში აღმოფხვრა დაავალა, თუმცა, პრესსამდივნოს განცხადებით, ”ქართუს” თანამშრომლებს შენობაში ამ დრომდე არ უშვებენ. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განმარტავს, რომ "ქართუ ჯგუფმა" როსტომ მეფის სასახლეში გარე სამუშაოები აგვისტოში დაასრულა და ობიექტის შემოწმების თხოვნით თბილისის მერიას 1 სექტემბერს მიმართა. პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურს როსტომ მეფის სასახლე 13 ოქტომბრამდე უნდა შეემოწმებინა, თუმცა, მისი ათამდე თანამშრომელი მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხადდა და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვა. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ასევე იუწყება, რომ თბილისის მერიამ ”ქართუ ჯგუფს” გაფრთხილების გარეშე, ერეკლეს მოედანზე ჩამოართვა მიწის ნაკვეთი და მიწისქვეშა ავტოსადგომი. პრესსამდივნოს ინფორმაციით, "ქართუ ჯგუფმა" ერეკლეს მოედანზე მდებარე 3 000 კვადრატული მეტრი ტერიტორია მიწისქვეშა ავტოფარეხის ასაშენებლად სახელმწიფოსგან შარშან შეისყიდა 59 წლის ვადით, გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი.
XS
SM
MD
LG