Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არჩევანის ზღვარზე


შვეიცარიის შეთავაზების გაზიარების შემთხვევაში, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი წელსვე შეიძლება გახდეს, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს გაუჭირდება წინადადების იმ ნაწილის გაზიარება, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე საერთაშორისო მეთვალყურეების განთავსებას ითვალისწინებს. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, შვეიცარიის შეთავაზება შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს.
შვეიცარიული მხარის ბოლო წინადადებაში საუბარია საერთაშორისო მონიტორინგზე, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო მხარის მიერ დაქირავებული სტრუქტურით...

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შედის როგორც საქართველოს, ასევე მისი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში. ეს აზრი კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად საქართველოს ნაციონალურ ინტერესებში შედის საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესება, რასაც ითვალისწინებს კიდეც შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის - წინადადება, რომელზე თანხმობასაც გიგა ბოკერია გონივრულ კომპრომისს უწოდებს:

„შვეიცარიული მხარის ბოლო წინადადებაში საუბარია საერთაშორისო მონიტორინგზე, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო მხარის მიერ დაქირავებული სტრუქტურით და მას ექნება ყველა ის უფლება, რაც აქვს ნებისმიერ დამკვირვებელს. იგულისხმება სრული გამჭვირვალობა - რა ტიპის გადაადგილება ხდება, რა საქონელი მოძრაობს და ასე შემდეგ. ლაპარაკია როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუზე მდებარე სასაზღვრო პუნქტებზე. ეს არის რუსეთის ფედერაციისათვის ბოლო შანსი, რომელსაც იმედი გვაქვს, რომ გამოიყენებენ.“

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალური მოსკოვი არ ჩქარობს პასუხის მიცემასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. ცნობილია, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხანგრძლივი მოლაპარაკების მანძილზე გამუდმებით აპროტესტებდა საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების ერთობლივ მონიტორინგს იმ მოტივით, რომ სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის საბაჟო-საკონტროლო პუნქტები აღარ მდებარეობენ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. საქართველოს მოთხოვნების საპასუხოდ ორიოდე თვის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ერთმანეთში არევას:

„მზად ვართ, ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ... ღვინოზე, მინერალურ წყლებზე - კი, ბატონო, მაგრამ თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლის სანაცვლოდ შეეცდებიან შემოგვაჩეჩონ არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლა, მაშინ ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, არ წავალთ. ამ შემთხვევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაც კი არ იქნება ის ფასი, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი.“
რაც შეეხება საქართველოს ქმედებას, ის იმთავითვე იყო განწირული ჩავარდნისათვის, რადგანაც აშკარად პოლიტიზებული იყო...

თუმცა დმიტრი მედვედევის ეს განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა აუცილებლად უარს იტყვის შვეიცარიის შეთავაზებაზე. „კომსომოლსკაია პრავდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესვლა, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების საკითხია და ეს ნება რუსეთის ხელმძღვანელობამ უკვე გამოავლინა:

„ჩემი პროგნოზით, რუსეთი ორგანიზაციის წევრი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მინისტრთა სესიაზე გახდება. რაც შეეხება საქართველოს ქმედებას, ის იმთავითვე იყო განწირული ჩავარდნისათვის, რადგანაც აშკარად პოლიტიზებული იყო და გამომდინარეობდა საქართველოს ინტერესებიდან დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებით.“

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ირიბად შვეიცარიის უკანასკნელ შეთავაზებაშიც არის ასახული. ამ გარემოებას ხაზს უსვამს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლადო პაპავა:
საქართველოს ის სირთულეები, რომლებიც შეიძლება შექმნოდა აშშ-სა და ევროკავშირთან, ეხსნება. ჯობია ამ სისტემით მოხდეს რუსეთის შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში...

„მოსკოვმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ამ დროს საზღვარზე მონიტორების გაჩენა ნიშნავს იმას, რომ თვითონ რუსეთი თმობს ამ აღიარების სტატუსს, ანუ ეჭვი შეაქვს. შეგახსენებთ, რომ ასეთი პრეცედენტი არსებობს დნესტრისპირეთში, მოლდავეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დნესტრისპირეთი არ არის აღიარებული რუსეთის მიერ. ანუ პრაქტიკულად ეს არის რუსეთის მხრიდან პოზიციების დათმობა, თუკი დათანხმდება.“

საქართველოს თანხმობით რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღება ეკონომიკური სახის სარგებელს საქართველოსაც მოუტანს, ვინაიდან რუსეთს გაუჭირდება პოლიტიკური მოტივებით ქართული პროდუქციისათვის ბაზრის ჩაკეტვა. ლადო პაპავას თქმით, საქართველოსთვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით უკიდურესად წამგებიანი იქნებოდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღება საქართველოს თანხმობის გარეშე, რისი ალბათობაც, პაპავას ვარაუდით, შვეიცარიის წინადადებამ ერთიორად შეამცირა. თანაც, უარის შემთხვევაში, რუსეთი უარს ეტყვის არა საქართველოს, არამედ შვეიცარიას, რაც არსებითად ცვლის ვითარებას.

„საქართველოს ის სირთულეები, რომლებიც შეიძლება შექმნოდა აშშ-სა და ევროკავშირთან, ეხსნება. ჯობია ამ სისტემით მოხდეს რუსეთის შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ვიდრე კენჭისყრით, იმიტომ რომ კენჭისყრით საქართველო-რუსეთის საზღვარზე არაფერი იცვლება, ხოლო ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან კი გამოდის, რომ ჩვენ არ გავითვალისწინეთ მათი ინტერესები“, - უთხრა ლადო პაპავამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG