Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოიხსნა?


ორშაბათი
ჩვენმა პრეზიდენტმა, ვაგლახ, საეჭვოდ რისკიანი ნაბიჯი გადადგა: თამამდებობიდან გაათავისუფლა მინისტრი, რომელსაც ხალხმა სამართლიანად უწოდა "სოფლის მეურნეობის კოლოსი" და "სოფლის აღმაშენებელი..."

პრეზიდენტმა ვეება დარტყმა აგემა ქართულ საზოგადოებას: მას დავით (მეხუთე) კვეზერელი მოუხსნა...

შესაბამისად, ობლად დატოვა სოფელი და ობლად დაარჩინა ყველა პატიოსანი მეურნე...

სამშაბათი
თუმცა ამ ნაბიჯით ოპონენტებიც დააბნია; არავინ მოელოდა, რომ ასეთი გამოწვევების ფონზე პრეზიდენტი ქართული სოფლის მეურნეობის დედაბოძს შეელეოდა... მთავარი (ფატალური) ოპონენტი, ბ. ივანიშვილი, პირდაპირ განცვიფრებულა: "რა ქნა? დავით (მეხუთე) კვეზერელი მოხსნა? ღმერთო, რას აპირებს... რას უნდა მოასწავებდეს ეს გადაწყვეტილება?"

ოთხშაბათი
რას-რას და ამას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ჩვენს ხელისუფალს: ქართველთა გაოგნებას ყოველთვის ახერხებს. არაორდინარულ გადაწყვეტილებათა დიდოსტატია. ქვეყანა ახალი, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, გაჩნდა ნეო-მძვინვარე პოლიტ-ოპონენტი, დასავლეთმა და რუსეთმა ლამისაა ერთმანეთს დასცხონ ჩვენი გულისთვის... და, ამ დროს, ის ასეთ გამაოგნებელ ფანდს გვთავაზობს: დავით (მეხუთე) კვეზერელს ხსნის... ხომაა შოკი? ხომაა აქ რაღაც ბისმარკული? ქეთრინ ეშტონს ჩანგალი გავარდნია ხელიდან (თურმე, სუპს მიირთმევდა, როცა კვეზერელის მოხსნის შესახებ აუწყეს): "ეს თაუჩერებელია, - უთქვამს მას ქართულად (ჯერ კიდევ როდის შეგვახსენა იოანე ზოსიმემ, აპოკალიფსისის წინ ყველა ქართულად ალაპარაკდებაო, - ქუეზერელი ჩაქსნა? ქი მაგრამ რათომ? რას აფირებს?"

ამერიკის ელჩი ფსიქოლოგთან მივარდნილა.

"ცუდად ვხდები, როცა რაღაცების ახნას ვერ ვახერხებ, - უთქვამს მას, - დამღალა საქართველომ: აქ ყველაფერი აუხსნელია".

ხუთშაბათი
მაგრამ, აჰა, მთავარი ოპონენტი განეიტრალებულია: მთავრობაში გოროზმა ფალავანმა, სამეგრელოს ყოფილმა დიდმთავარმა დავით (მეექვსე) გოროზიამ დაიბუდა. პოლიტ-ექსპერტთა აზრით, ეს მართლაც ხილული მესიჯი უნდა იყოს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო ცვლილებებისთვისაა მზად...

ცვლილებები არ იქნება! ყოველ შემთხვევაში, სოფლის მეურნეობაში მაინც...

პარასკევი
გამოქვეყნდა დავით (მეხუთე) კვეზერელის წიგნი: "ჩემი რჩეული და საბედისწერო ტელეინტერვიუები". და, სხვათა შორის, ტონანახევარი გაიყიდა მარტო პირველ დღეს.

ეჰ, მენანება, მენანება ეს კაცი...

და მენანება ეს ინტერვიუებიც...
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG