Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლური კინო


გასულ კვირას ბათუმში დაიხურა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. როგორც ფესტივალის გახსნის წინ შევიტყვეთ, ამ კინოფორუმზე, რომლის მთავარი პრიზია ”წმინდა ანდრეას ჯვარი”, ას ფილმზე მეტი იყო წარმოდგენილი და აქედან კონკურსისთვის 35 სურათი შეირჩა. გამოდის, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში მინიმუმ 100 ფილმის გადაღება სრულდება ეგრეთ წოდებულ ”მართლმადიდებლურ თემაზე”... ვამბობთ ”ეგრეთ წოდებულ”, რადგან დღემდე პირადად ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება რას ნიშნავს ”მართლმადიდებლური კინო”. რა გამოარჩევს ასეთ ფილმებს? - ღმერთის სიყვარული? მორჩილება? მაგრამ ასეთ ფილმებს კათოლიკეები, პროტესტანტები, აგრეთვე, მუსულმანები, ბუდისტებიც იღებენ. თუკი ფესტივალის საზღვრები გაიხსნება და მათაც ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ კინოფორუმში ”წმინდა ანდრეას ჯვრის” მოსაპოვებლად, მისცემენ თუ არა ჟიურის უფლებას ფესტივალის ორგანიზატორები, რომელთაგან ერთ-ერთი, რამდენად უცნაურადაც უნდა მოეჩვენოს ვინმეს, აჭარის განათლების სამინისტროა, ამ პრიზით დააჯილდოოს არამართლმადიდებელი რეჟისორის ფილმი? მინისტრის მოადგილე აიდა აბუსერიძე აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს:

დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე თითქმის იმ დროიდან, რაც ეს ფესტივალები ეწყობა, მუშაობს მსოფლიო ქრისტიან კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ჟიური, რომელიც თავის პრიზს გადასცემს ხოლმე ერთ საკონკურსო და ერთ კონკურსგარეშე ფილმს. უფრო სწორად, ესაა არა ”ქრისტიანული”, არამედ ”ეკუმენიური ჟიური” - ასე უწოდეს ჟიურის მას შემდეგ, რაც კათოლიკე კინემატოგრაფისტებმა მოახერხეს პროტესტანტებთან გაერთიანება. 90-იანი წლების დასაწყისში ამ ორგანიზაციაში რუსი მართლმადიდებელი კინემატოგრაფისტებიც გაერთიანდნენ. საუბარი იყო ქართული მხარის მონაწილეობაზეც, მაგრამ ქართველი მართლმადიდებელი კინემატოგრაფისტების ამ ორგანიზაციაში შესვლას ჯერ სამოქალაქო ომმა შეუშალა ხელი, მერე კი საქართველოში დაწყებულმა კამპანიამ ეკუმენიზმის წინააღმდეგ. არადა, ქართული კინოს ისტორიას რომ გადახედოთ, რომ დაინტერესდეთ ქართველი რეჟისორების მონაწილეობით საერთაშორისო კინოფესტივალებზე, დარწმუნდებით, რომ სხვადასხვა დროს არაერთი ქართული ფილმი დაუჯილდოებიათ ქრისტიან კინემატოგრაფისტთა პრიზით.
ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ქრისტიანული კულტურა არის ბიზანტიური და რომ კვლავ განიცდის ბერძნული სამყაროს გავლენას, არ უნდა იყოს მართებული...

თუმცა 90-იანი წლების პირველი ნახევრიდან თავად რუსი მორწმუნე რეჟისორების დამოკიდებულებაც არ იყო ერთგვაროვანი ეკუმენური ჟიურის მიმართ. მით უმეტეს, რომ რუსეთში დაიწყეს მართლმადიდებელ კინემატოგრაფისტთა ფილმების კინოფესტივალების მოწყობა. სწორედ ასე უწოდა ამ ტრადიციის ფუძემდებელმა რუსმა მსახიობმა და რეჟისორმა ნიკოლაი ბურლიაევმა პირველ კინოფორუმს. ბურლიაევი, რომელიც იმხანად შავრაზმელ პოლიტიკოსებს დაუახლოვდა და ცნობილი იყო თავისი შოვინისტური გამონათქვამებით, ფესტივალებისთვის რუსულ პროვინციას ანიჭებდა უპირატესობას.

ეს თემა შემთხვევით არ გახდა აქტუალური პუტინის რუსეთში - ოფიციალური რუსული კულტურა - მათ შორის, კინემატოგრაფი - თავისი ენით ჰგავს სტალინის ეპოქის კულტურას. უბრალოდ, ემატება რელიგიური თემები, უფრო სწორად, ეკლესიის თემა, მართლმადიდებელი ეკლესიის თემა - ტაძრები, ზარები, ჯვრები რუსული კინოს ატრიბურტი გახდა. ასეთი ფილმების ჩართვა ეგრეთ წოდებულ ”მართლმადიდებლურ კინოფესტივალებზე” ჩვეულებრივი ამბავია.

თეოლოგ ბასილ კობახიძის თქმით, რელიგიის იდეოლოგიზაცია ამ სტილის საფუძველია და არის ის, რაც აერთიანებს თანამედროვე ქართულ და რუსულ მართლმადიდებლობას. ასეთ კულტურაში განსაკუთრებული სიახლე გამორიცხულია. როგორც ბასილ კობახიძე ამბობს:

”ეს იდეოლოგია, სამწუხაროდ, დაეფუძნა ორ უმნიშვნელოვანეს რამეს - პირველია ღმერთი, რელიგია და მეორე - ეროვნული იდენტობა, ისტორიული დიდება, წარსული... ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი ქრისტიანული კულტურა არის ბიზანტიური და რომ კვლავ განიცდის ბერძნული სამყაროს გავლენას, არ უნდა იყოს მართებული. რეალურად, საეკლესიო კულტურაზე გავლენა აქვს მხოლოდ ერთ რამეს, ესაა რუსეთი.”

ბასილ კობახიძის თქმით, იდეოლოგიის მოთხოვნილება მთელ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში იგრძნობა. არაა შემთხვევითი, რომ ფილმებს, რომელთაც მხარს უჭერს მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც წესი, ქვეყნის წარსულში გადავყავართ, ანდა ავტორები ერთგვარ უდროობაზე აკეთებენ აქცენტს შესაბამისი სახეებით. აქ ჩნდება კიდევ კონფლიქტი - რელიგია და კინო, რომელიც თავისი ბუნებით კონკრეტულ, რეალური ცხოვრების ხატებს ეყრდნობა, მეტისმეტად პირობითსა და დროიდან ამოვარდნილს ”არ ცნობს” - კინოს ენა ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რომელსაც ავტორები იგონებენ. ასეთი ესთეტიკიდან სტალინურ ესთეტიკამდე მართლაც ერთი ნაბიჯია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG