Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიდგომებს შვეიცარია საქართველოში განიხილავს


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა ბათუმში განიხილეს. საუბარია შვეიცარიის შუამავლობით შემუშავებულ კომპრომისულ წინადადებებზე, რასაც საქართველომ 27 ოქტომბერს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთის პასუხი ჯერ ისევ უცნობია. თბილისის განმარტებით, კომპრომისული დოკუმენტი მოიცავს საქართველოსთვის პრინციპულ საკითხებს, თუმცა იმავე საკითხებს განსხვავებულად კითხულობენ რუსეთში. დღეს თემას აშშ გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკების თაობაზე თქვა დღეს, ბრიფინგზე, ვაშინგტონზე:

„ჩვენ ასე გვესმის, რომ მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობს. წინსვლა გვახარებს, თუმცა მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. საქართველომ შვეიცარიის წინადადება მიიღო. რუსები შესწავლის პროცესში არიან. ვმუშაობთ (თუ შვეიცარელები მუშაობენ), ჯერ კიდევ დარჩენილ საკითხებზე და კვლავ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კარგი გზა ამ განსაკუთრებული საკითხების მოგვარებისთვის“.

შვეიცარიის პრეზიდენტი მიშელინ კალმი-რეი საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვიდან, სადაც ის 30 ოქტომბერს დმიტრი მედვედევს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა თავისი შვეიცარიელი კოლეგა კვირა დღეს მიიღო, რაც, ალბათ, იმაზეც მიანიშნებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის 2011 წლის ბოლომდე გაწევრიანების საკითხი აქტუალურობას ინარჩუნებს. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მიბაძავს თუ არა რუსეთი საქართველოს და დაეთანხმება თუ არა ის შვეიცარიელი შუამავლების მიერ შემუშავებულ კომპრომისულ წინადადებებს.

თუკი დმიტრი მედვედევის მთავარი მრჩევლის არკადი დვორკოვიჩის კომენტარით ვიმსჯელებთ, რასაც ”ნიუ-იორკ თაიმსი” ბეჭდავს, ”არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განმარტებებს მოითხოვს.” დვორკოვიჩი ამბობს, რომ სწორედ ამგვარი გაურკვეველი საკითხების გარკვევას ისახავს მიზნად შვეიცარიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.

მიშელინ კალმი-რეი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
მიშელინ კალმი-რეი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა
ეს ვიზიტი უკვე შედგა და მიშელინ კალმი-რეი 31 ოქტომბერს უკვე შეხვდა ბათუმში მიხეილ სააკაშვილს. თუმცა მოკლე განცხადებაში, რომელიც დაახლოებით 17 საათზე გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა თბილისი მოსკოვიდან ჩამოტანილ ხედვებს. განცხადებაში ხაზგასმულია მხოლოდ ის გარემოება, რომ საქართველოს მიერ უკვე ხელმოწერილ კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით ჯერ ისევ უცნობია ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ”მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს”.
მონიტორინგი ნიშნავს დაკვირვებასა და აღნუსხვას, თუ რა ტვირთი გადაადგილდება... და შემდეგ ეს ინფორმაცია მიეწოდება საერთაშორისო სუბიექტს...

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შვეიცარიის შუამავლობით შემუშავებულ კომპრომისულ წინადადებებში გათვალისწინებულია საერთაშორისო კონტროლის დაწესება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რაც მოიცავს განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის საბაჟო-საკონტროლო პუნქტებს, თუმცა ეს ობიექტები სტატუს-ნეიტრალურ დოკუმენტში გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით იქნებიან მოხსენიებული. ამ ტერიტორიებზე განთავსებული იქნება სავაჭრო დერეფნები, რომელთა შესასვლელებშიც ფიზიკურად განლაგდებიან საერთაშორისო მეთვალყურეები. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მონიტორინგს კერძო კონტრაქტორები განახორციელებენ, თუმცა მათ დაიქირავებს ნეიტრალური მხარე, მაგალითად - ევროკავშირი.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია განმარტავს სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებაში, მონიტორები სრულად გააკონტროლებენ საზღვარზე მოძრავ ყველანაირ ტვირთს:

”მონიტორინგი ნიშნავს დაკვირვებასა და აღნუსხვას, თუ რა ტვირთი გადაადგილდება... და შემდეგ ეს ინფორმაცია მიეწოდება საერთაშორისო სუბიექტს, მხარეს, რომლის მიმართაც იქნება ანგარიშვალდებული ადგილზე მოქმედი სტრუქტურა, და შემდეგ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხარეებისთვისაც.”

შვეიცარიის შუამავლობით შემუშავებული კომპრომისული წინადადებების სრული ტექსტი ჯერ ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა არსებობს გარკვეული ნიშნები იმისა, რომ ამ ტექსტის შინაარსს განსხვავებულად კითხულობენ მოსკოვში. საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” აქვეყნებს მედვედევის მთავარი მრჩევლის არკადი დვორკოვიჩის სიტყვებს, სადაც ის საბაჟო კონტროლს გამორიცხავს:
ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მოხდა შეთანხმების გაფორმება და შეთანხმების საბოლოო შეკვრა საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ საქართველო რუსეთს თანხმობას ვერ მისცემს...

”დოკუმენტების პროექტში, რაც განიხილებოდა შვეიცარიისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე, ერთხელაც კი არ იყო ნახსენები საბაჟო კონტროლი (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის) საზღვრებზე.”

”ნიუ-იორკ თაიმსი” 30 ოქტომბერს გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთს შვეიცარიის მიერ შემუშავებულ კომპრომისულ წინადადებებში რაღაცის შეცვლა სურს, თუმცა რისი, ამას გამოცემა ვერ აკონკრეტებს. მაგრამ თუკი მოსკოვი ტვირთბრუნვის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპის გადახედვას მოინდომებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უარს ამბობს კომპრომისულ წინადადებებზე, რადგანაც საქართველომ დოკუმენტს სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით მოაწერა ხელი. ასეთ შემთხვევაში საქართველოც უარს იტყვის რუსეთის გაწევრიანებაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აღნიშნავს ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარში, პასუხის მოსაფიქრებლად რუსეთს ცოტა დრო რჩება:

”ამ ერთი კვირის განმავლობაში თუ არ მოხდა შეთანხმების გაფორმება და შეთანხმების საბოლოო შეკვრა საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ საქართველო რუსეთს თანხმობას ვერ მისცემს.”

თუკი რუსეთი თანახმა იქნება, შეთანხმებული საკითხები შესაბამისად უნდა აისახოს ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე მომუშავე ჯგუფის საბოლოო ანგარიშში, რომელზე მუშაობაც 10-11 ნოემბერს ჯგუფის დასკვნით სესიაზე უნდა დასრულდეს, ხოლო შემდეგ ყველა დოკუმენტი 15 დეკემბრის კონფერენციისთვის მინისტრთა კომიტეტს უნდა გადაეცეს. 15 დეკემბერი ის თარიღია, როდესაც რუსეთი შეიძლება გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. თუკი ევროკავშირის წიაღში გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, რუსეთის წარმატება ამ მხრივ საქართველოსთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG