Accessibility links

logo-print
”ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალი ”ახალი კაპიტალი” შპს ”ლაით ჯგუფს” მოუწოდებს, ერეკლე მეფის მოედანზე მდებარე მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში საკუთარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს. როგორც ”ახალი კაპიტალი” აცხადებს, შპს ”ლაით ჯგუფს” არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია სასახლეში შესასვლელად და იქ სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად. საპირისპიროს აცხადებენ თავად ”ლაით ჯგუფში”. ორი მხარის დავაში კიდევ ერთი სახელი - შპს ”პროფერტი მენეჯმენტი” - ფიგურირებს.
ეს 60 კვადრატული მეტრი არის ჩვენიო და კიდევ 150 კვადრატული უნდა ავიღოთო...

29 ოქტომბერს, საღამოს ხუთი საათისათვის, ერეკლე მეფის მოედნის 3 ნომერში მდებარე მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში, როსტომ მეფის სასახლეში, შპს ”ლაით ჯგუფის” წარმომადგენლები გამოჩნდნენ და სასახლის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დასაწყებად შენობაში შესვლა მოითხოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შპს ”ბურჯის” სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი კვეზერელი უყვება. სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს როსტომ მეფის სასახლის სარემონტო სამუშაოებს:

“ეს 60 კვადრატული მეტრი არის ჩვენიო და კიდევ 150 კვადრატული უნდა ავიღოთო. ვინ გაუფორმა, როდის გაუფორმა, არაფერი ვიცით. თქვენს სახლში რომ ვინმემ ოთახი გააქირაოს, აი, ასეთი ამბავია. მოვიდნენ, ჩვენიაო, გვიან ღამით დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, იატაკი გააკეთეს, ჭერი...” - ჰყვება გიორგი კვეზერელი.

როგორც „ქართუ ჯგუფის“ იურისტი არჩილ კბილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირწმუნება, შპს „ლაით ჯგუფს“ არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია იმისა, რომ როსტომ მეფის სასახლეში სარემონტო სამუშაოები აწარმოოს:

”ამ შენობის თაობაზე სხვადასხვა სუბიექტთან შექმნილია ოფიციალური დოკუმენტები. მათ ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ გააჩნიათ, რომ ამ გაურემონტებელ შენობაში შემოვიდნენ. ასეთი სურვილი მხოლოდ იმ კომპანიამ გამოიჩინა, რომელსაც არ ვიცნობთ და რომელმაც წარმოგვიდგინა ჩვენთვის გაურკვეველი ხელშეკრულება”, - ირწმუნება არჩილ კბილაშვილი.

თუმცა სრულიად საპირისპირო აზრი აქვს როსტომ მეფის სასახლეში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით შპს „ლაით ჯგუფის“ დირექტორს პაატა ფხაკაძეს. რადიო თავისუფლება მას სასახლის იმ ნაწილში შეხვდა, სადაც ის ამჟამად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს და, მისი თქმით, რემონტის შეჩერებას არც აპირებს, რადგან ამისათვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ის რადიო თავისუფლებას განუმარტავს, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს მან შპს „პროფერთი მენეჯმენტთან“ და მის ხელმძღვანელ გიორგი გიგინეიშვილთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და, შედეგად, აღნიშნული ფართი მიიღო. მან თავისი ნათქვამი „პროფერთი მენეჯმენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენითაც გაამყარა:

პაატა ფხაკაძე: ნამდვილად არ ვაპირებ შენობის დაცლას, რადგან ფართი გიორგი გიგინეიშვილმა იჯარით მომაქირავა. მათ კარგად იციან, ვინ არის გიორგი გიგინეიშვილი.

რადიო თავისუფლება: ”ახალმა კაპიტალმა” იცის, ვინ არის გიორგი გიგინეიშვილი?
მათ ვუსვამთ მარტივ კითხვას, ვინ არის ”პროფერთი მენეჯმენტი” და რა კავშირი აქვს ჩვენთან. ისინი გვპასუხობენ, ჩვენ არ ვიცით...

პაატა ფხაკაძე: კი, რა თქმა უნდა, იცის. აი, ეს არის ის ხელშეკრულება, რომელიც მე ”ახალ კაპიტალს” წარვუდგინე. ეს დოკუმენტი თუ მართლა გაყალბებულია, მაშინ მოვთხოვოთ პასუხი იმას, ვინც გააყალბა.

რადიო თავისუფლება: ”პროფერთი მენეჯმენტის” საკონტაქტო ინფორმაცია თუ გაქვთ?

პაატა ფხაკაძე: არა, თვითონ მათთან გაარკვიეთ დანარჩენი, ძალიან გთხოვთ.

ვინ არის პაატა ფხაკაძის მიერ ნახსენები გიორგი გიგინეიშვილი და რას საქმიანობს შპს „პროფერთი მენეჯმენტი“, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. მის შესახებ არაფერს ამბობს „ლაით ჯგუფის“ დირექტორი პაატა ფხაკაძე და მის შესახებ არაფერი იცის კომპანია ”ახალმა კაპიტალმა”. „ქართუ ჯგუფის“ იურისტი არჩილ კბილაშვილი ამბობს:

”მათ ვუსვამთ მარტივ კითხვას, ვინ არის ”პროფერთი მენეჯმენტი” და რა კავშირი აქვს ჩვენთან. ისინი გვპასუხობენ, ჩვენ არ ვიცით რა კავშირი აქვს ”პროფერთი მენეჯმენტს” თქვენთან, მაგრამ ვიცით, რომ ”პროფერთი მენეჯმენტმა” ეს ქონება ჩვენ გადმოგვცაო”, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.
თუ მესაკუთრის შენობაში შედის არაუფლებამოსილი პირი და ეს პირი ნებაყოფლობით არ ტოვებს ამ ფართს, მაშინ პოლიციის ადგილობრივი დაწესებულება, მას შემდეგ, რაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს მესაკუთრე, ვალდებულია გამოცხადდეს ადგილზე...

სანამ თხრობას გავაგრძელებდეთ, აქვე გეტყვით, რომ, როგორც გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი, ერეკლე მეფის მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური ბიზნესცენტრის მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომების აღმოჩენის შემდეგ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც ბიზნესცენტრში ყოველგვარი სამშენებლო-სარემონტო პროცესი შეჩერდა. ეს ამბავი 28 ოქტომბერს თბილისის მერიამ წერილობითი განცხადებითაც დაადასტურა და თქვა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნესცენტრში. მეორე დღეს, ანუ 29 ოქტომბერს, თბილისის მერიამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანია ”ახალ კაპიტალს” და, შესაბამისად, სხვა კონტრაქტორ კომპანიებს, ვისაც აღნიშნული ობიექტის დასრულების სამართლებრივი ინტერესი აქვთ, მშენებლობაში არსებული ხარვეზების მიუხედავად, უფლება აქვთ გააგრძელონ და არ შეაფერხონ ისეთი ტიპის შიდასარემონტო სამუშაოები, რომელთა წარმოება ხელს არ უშლის ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორებას. სწორედ მერიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოჩნდნენ შპს ”ლაით ჯგუფის” წარმომადგენლები ერეკლე მეფის მოედანზე.

„ქართუ ჯგუფმა“ ”ლაით ჯგუფს” დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 31 ოქტომბრის 15:00 საათი განუსაზღვრა ვადა, რის შემდეგაც, როგორც არჩილ კბილაშვილი განმარტავს, ”ახალი კაპიტალი” აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. ის შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის ბრძანებულებას იშველიებს:

”თუ მესაკუთრის შენობაში შედის არაუფლებამოსილი პირი და ეს პირი ნებაყოფლობით არ ტოვებს ამ ფართს, მაშინ პოლიციის ადგილობრივი დაწესებულება, მას შემდეგ, რაც შესაბამისი განცხადებით მიმართავს მესაკუთრე, ვალდებულია გამოცხადდეს ადგილზე, წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას მას, მოითხოვოს მისგან შესაბამისი დოკუმენტი და თუ ის აღნიშნულს ვერ განახორციელებს, მომდევნო ათი დღის ვადაში პოლიცია ვალდებულია მოახდინოს მისი გამოსახლება”, - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

თუმცა, როგორც „ლაით ჯგუფის“ დირექტორმა პაატა ფხაკაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ისინი ”ახალი კაპიტალისათვის” არანაირი დამატებითი საბუთის წარდგენას არ აპირებენ. ის არც იმ მიზნებზე საუბრობს, რისთვისაც როსტომ მეფის სასახლის პირველი სართულის ნაწილს არემონტებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG