Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 ოქტომბერი, 2011


პოლიტიკური კვლევების ფასი, ანუ რა დაჯდება მიუკერძოებლობა, როცა დონორი ივანიშვილია? - შეკითხვა, რომელსაც გაზეთი ”მთელი კვირა” სვამს, სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის. საქმე კი ეხება ექსპერტთა ერთი ჯგუფის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, ”საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტს”, რომლის მიზანი თანამედროვე ქართული საზოგადოების მენტალობის ტიპისა და ღირებულებათა სისტემის კვლევაა. ინსტიტუტის მუშაობას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ფიქრობს, რომ ივანიშვილი გადაიხდის ფულს, მაგრამ არ მოითხოვს მისი ინტერესების პრიზმაში დანახულ კვლევებს. სხვაგვარად ჩვენი თანამშრომლობა, უბრალოდ, არ შედგება, უთხრა „მთელ კვირას“ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

„რატომ უნდა ვიყო ჩუმად, როცა არც სააკაშვილი მომწონს და არც ივანიშვილი?“- კითხულობს გაზეთ ”კვირის პალიტრის” ფურცლებზე ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას აზროვნების მონოპოლიზების ამბიცია აქვს. ”თუ ჩვენ ერთის აზროვნების მონოპოლია მეორეთი შევცვალეთ, ჭკვიანური არ იქნება. ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში პარლამენტში ადგილების 2/3-ის მიღებას აპირებს, ვეჭვობ, ისეთივე ყაიდის პოლიტიკოსი იქნება, როგორიც სააკაშვილია”, ამბობს ლევან ვეფხვაძე გაზეთ ”კვირის პალისტრასთან” საუბარში.

გაზეთ ”ვერსიის” ერთ-ერთი სტუმარი კი დღეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი. მასთან საუბრის თემა ძირითადად ვენეციის კომისიის ექსპერტთა ვიზიტის შედეგებია. „რომელ იურიდიულ პირებსა და კომპანიებს აუკრძალავს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას?“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანია ვერ უნდა დააფინანსონ 50 პროცენტიანი სახელმწიფო წილის მქონე კომპანიებმა.

”მზად ვართ ამ საკითხს გადავხედოთ და საერთოდ ავუკრძალოთ ამ კომპანიებს პარტიების დაფინანსება. ჩვენი აზრი ასეთია: რომ არ იყოს დამატებითი კითხვები, საერთოდ იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო კომპანიებს არ მივცემთ დაფინანსების უფლებას. ვფიქრობთ იმაზეც, რომ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებსაც ავუკრძალოთ პარტიების დაფინანსება, მათ შორის მმართველი გუნდისაც, ცხადია”, აღნიშნავს მიხეილ მაჭავარიანი გაზეთ ”ვერსიასთან” საუბარში.

”რუსთაველის თეატრში მერაბიშვილის ხალხი მოვიდა” - პუბლიკაციას ამ სათაურით გაზეთ ”ასავალ-დასავალში” წაიკითხავთ. რუსთაველის თეატრი მოკვდა, აღარ არსებობს, ადმინისტრაციაში დღეს მხოლოდ ნაციონალები არიან, - ამბობს ამავე თეატრის მსახიობი ბესო ზანგური. იგი მიიჩნევს, რომ რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში დღეს 37 წელია და რეპრესიები გრძელდება. ამავე აზრს იზიარებს ახალგაზრდა რეჟისორი გურამ ბრეგაძე, რომელიც კითხვაზე, მიეცემა თუ არა მას თეატრში სპექტაკლების დადგმის უფლება, ამბობს: ”არა მგონია. აქ დგამენ ”ქეთო და კოტეს.” ვერ გავიგე, რატომ უნდა თამაშდებოდეს დრამატულ თეატრში მუსკომედიები, როდესაც არსებობს მუსკომედიის თეატრი და ფილარმონია?! მაგრამ ამათ დრამატურგია არ უნდათ. ”ჰამლეტი” რომ წარმოადგინონ, მაშინვე მიხვდებიან, რომ, მაგალითად, კლავდიუსები არიან.”

”საკრებულოს ნაციონალური წევრების საეჭვო ბიზნესზე” სტატიას აქვეყნებს, თავის მხრივ, გაზეთი ” ახალი თაობა”. გაზეთის ყურადღების ცენტრში ამჯერად მოხვდა მუშთაიდის ბაღის გრძელვადიანი იჯარით გაცემის ფაქტი. გაზეთის ცნობით, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკის 49-წლიანი მართვის უფლება კომპანია ”ჯეო გოლდმა” მოიპოვა. კომპანიამ პარკში ხუთი წლის განმავლობაში მილიარდი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობა დადო. ამაში საგანგაშოს გაზეთი ვერაფერს ხედავს, რომ არა ერთი გარემოება: ”ახალი თაობის” თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მოიპოვა დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის მიღმა საკრებულოს ნაციონალი დეპუტატის, ალექსანდრე ნიკოლაიშვილის კერძო ინტერესები იკვეთება. გაზეთის ცნობით, კომპანია ”ჯეო გოლდი” სწორედ ალექსანდრე ნიკოლაიშვილის საკუთრებაა.
XS
SM
MD
LG