Accessibility links

ნინო კალანდაძე: დაზუსტების ეტაპზეა სერჟ სარგსიანის ვიზიტის თარიღი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტის თარიღი ამჟამად დაზუსტების ეტაპზეა. ”არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ რომელიმე მხარე ვინმეზე განაწყენდა რაღაც გამონათქვამების გამო. ჩვენ სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და პრეზიდენტებსაც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. გასულ კვირაში სომხეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მეწყრის შედეგად შექმნილ პრობლემებს საქართველო რამდენიმე საათში მოაგვარებდა, სომხეთს კი, რამდენიმე კვირა დასჭირდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში საქართველოს ვიზიტით ეწვევა სომხეთის პრეზიდენტი, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, 21 ოქტომბერს განმარტა, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში პრეზიდენტის საზღვარგარეთული ვიზიტები დაგეგმილი არ არის.
XS
SM
MD
LG