Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუნესკომ მხარი დაუჭირა მასში პალესტინელების გაწევრიანებას


იუნესკომ (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ) დღეს დააკმაყოფილა პალესტინელების თხოვნა, ამ ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. პარიზში, იუნესკოს წევრთა გენერალურ ასამბლეაზე, რომელშიც 173 დელეგაცია მონაწილეობდა, პალესტინელების მიღებას მიემხრო 107 დელეგაცია, წინააღმდეგი იყო 14, თავი შეიკავა 52-მა. კენჭისყრის შედეგი გამოაცხადა იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის პრეზიდენტმა, კატალინ ბოდიაიმ: „ ქალბატონებო და ბატონებო, გენერალურმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას და გადაწყვიტა პალესტინის მიღება იუნესკოს წევრად“, - განაცხადა კატალინ ბოდიაიმ, რომელიც გაეროში უნგრეთის ელჩია. პალესტინელთა პრეზიდენტის მრჩეველი, საბრი საიდი მიესალმა იუნესკოს გადაწყვეტილებას. პალესტინელების თხოვნა იუნესკოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ არის ნაწილი ძალისხმევისა, რომლის მიზანიცაა პალესტინის სახელმწიფოს აღიარება. გასულ თვეში პალესტინელებმა გაეროს მიმართეს სრულუფლებიან წევრად მიღების თხოვნით. მაგრამ შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვეტოს უფლებას გამოიყენებს გაეროში პალესტინელების სრულუფლებიანი წევრობის დასაბლოკად. იუნესკოში კი ვეტოს უფლება არ მოქმედებს და კენჭისყრის დროს საკმარისი იყო ორი მესამედის უმრავლესობის მიპოვება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა, დღეს ვაშინგტონში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ, იუნესკოს მთავარი დამფინანსებელი, ორგანიზაციის ფონდში აღარ შეიტანს თავის წილს, 60 მილიონ დოლარს. აშშ-ის კანონმდებლობით, მთავრობას ეკრძალება გაეროს ნებისმიერი ორგანიზაციის დაფინანსება, მასში პალესტინის სრულუფლებიან წევრად მიღების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG