Accessibility links

ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევი იმარჯვებს


ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ლიდერობს ალმაზბეკ ატამბაევი, თუმცა, მისი მეტოქეები უარს ამბობენ დამარცხების აღიარებაზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაცხადა, რომ, თითქმის ყველა ხმის დათვლის შედეგებით, ატამბაევს ერგო ხმების 63-მდე პროცენტი. ატამბაევი არის ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გადადგა კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, მან პირობა დადო, რომ შეეცდება, დიალოგით მოაგვაროს უთანხმოებები: „ვისურვებდი, რომ ამიერიდან ყირგიზეთში მივეჩვიოთ მოლაპარაკებას - როგორც ეს ევროპაში ხდება. ამიერიდან, ყველა საკითხი მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ, უნდა მოვილაპარაკოთ, რათა აღარ განმეორდეს რევოლუციები, რომ გვყავდეს მშვიდობიანი, მშვიდი ქვეყანა“, - განაცხადა ატამბაევმა, რომლის ორი მთავარი მეტოქეც ირწმუნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა. ეუთოს სადამკვირვებლო მისია მიუთითებს დარღვევებზე საარჩევნო ხმების დათვლისას, თუმცა აქებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მიესალმა ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და მას "დემოკრატიული და მშვიდობიანი" უწოდა.
ატამბაევის ორივე მეტოქე არჩევნებში, ადახან მადუმაროვი და კამჩიბეკ ტაშივევი ყირგიზეთის სამხრეთიდან არიან. ამ არეალში მოხდა შარშან ეთნიკური დაპირიპირება ყირგიზებსა და უზბეკებს შორის. დღეს, პოლიციის ცნობით, ტაშიევის ორასამდე მომხრემ მთავარი მაგისტრალი გადაკეტა, სხვებმა ქალაქ ჯალალაბადში გამოსვლა მოაწყვეს. ძალადობის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG