Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გამართა


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

1 ნოემბერს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული და უცხოური მედიისათვის პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იხილა. პრესკონფერენციაზე, რომელსაც 200 ჟურნალისტი აშუქებდა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მხოლოდ არჩევნების გზით მოსვლის შემდეგ ის განაგრძობს ურთიერთობათა გაღრმავებას აშშ-სა და ევროპასთან, დაალაგებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და ეცდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

როგორც კი 200-მა ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მკაცრი კონტროლი გაიარა, ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია დაიწყო, რომელიც ზუსტად საათ-ნახევარს გაგრძელდა. ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად ის მიზეზი გაიხსენა, რის გამოც თავისი პირობა დაარღვია და პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს, მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მოხდა:
ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული და ნუ ექნებათ ილუზია სააკაშვილს და მის გარემოცვას, რომ იგივე მოხდება, რაც ადრე...

”იმედი მქონდა, რომ ერთ-ერთი პარტიის ფინანსური დახმარების და გარედან რჩევების მიცემით შევძლებდით მიგვეღწია ქვეყნისთვის სასურველი შედეგისათვის, მაგრამ როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, ჩემთვის ძალიან მძიმე - პოლიტიკაში წასვლის - გადაწყვეტილება მივიღე. მე ვხედავდი, რომ სამშობლოს ვკარგავდი.”

ივანიშვილის პირველი ამოცანა, როგორც თავად თქვა, არჩევნებში გამარჯვებაა, რაშიც ბიზნესმენი დარწმუნებულია, მიუხედავად უკვე შექმნილი დაბრკოლებისა, როგორიც, მაგალითად, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა გახდა. ამოცანა პირველი, არჩევნები და ივანიშვილის პროგნოზი:

”ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული და ნუ ექნებათ ილუზია სააკაშვილს და მის გარემოცვას, რომ იგივე მოხდება, რაც ადრე. სააკაშვილი ვერ მიიღებს ხმების სასურველ რაოდენობას.”

ვნახოთ, რა გეგმები აქვს ივანიშვილს საშინაო პოლიტიკაში -მთავარ აქცენტებს შორისაა კონსტიტუციის შეცვლა, სამართლიანი სასამართლოს შექმნა, მედიის გათავისუფლება, სამუშაო ადგილები...

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

”კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობასთან, უნდა დავიწყოთ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის პროცესი, გავათავისუფლოთ მედია, შევქმნათ საინტერესო საინვესტიციო გარემო და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილები.”

ურთიერთობების გაღრმავება აშშ-სა და ევროპასთან და ურთიერთობების დალაგება რუსეთთან - ძალიან მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს საგარეო პოლიტიკის ის კურსი, რომელსაც ივანიშვილის გუნდი ირჩევს.

პრესკონფერენციაზე ყველაზე მეტი შეკითხვა ივანიშვილის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შესახებ დაისვა. ბიზნესმენმა თქვა,რომ მას რუსეთთან ურთიერთობის დალაგების განსაკუთრებული ფორმულები არ გააჩნია, - მით უმეტეს, 2008 წლის ომის შემდეგ, - თუმცა იმედი აქვს ინტერესთა თანხვედრის, რაც შესაძლოა გახდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობა:
რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ახერხებენ ჩვენზე გაცილებით დემოკრატიული სახელმწიფოები. ჩვენც უნდა შევძლოთ, რომ ეს ურთიერთობები აღვადგინოთ...

”მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ინტერესები დაემთხვევა, რადგან ასეთ სიტუაციაში ყოფნა, როგორშიც დღეს არის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, არც რუსეთისთვის არის სასარგებლო, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში ეს რუსეთს ძალიან შეუშლის ხელს და, გარდა ამისა, არც რუსეთის შიდაუსაფრთხოებისათვის იქნება საინტერესო, რადგან, იცით, როგორი ფეთქებადი რეგიონია კავკასია.”

კონფლიქტების გარდა, ივანიშვილი შეეხო რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივასაც და თქვა, რომ აუცილებელია რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება:

”რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ახერხებენ ჩვენზე გაცილებით დემოკრატიული სახელმწიფოები. ჩვენც უნდა შევძლოთ, რომ ეს ურთიერთობები აღვადგინოთ.”

ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეპლიკა აგვისტოს ომის თემას ეხებოდა. მან თქვა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.

საათნახევრიან პრესკონფერენციაზე ყველა კითხვას, ცხადია, პასუხი ვერ გაეცა. ამას ხელს უშლიდა ისიც, რომ ჟურნალისტები კითხვის დასმას უფრო ცდილობდნენ, ვიდრე პასუხების მოსმენას. ივანიშვილმა განაცხადა, რომ უფრო კონკრეტული შეხედულებების და გეგმების შესახებ მისი მომავალი პარტიის პროგრამაში ჩაიწერება, რომელზეც მისი გუნდი უკვე მუშაობს.

საკმაოდ ხმაურიანი პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მედიაში გამოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები. ისინი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მესიჯების ღიად გამხმოვანებელს უწოდებენ და მასში საქართველოს მტერს ხედავენ. ამაზე ივანიშვილსაც აქვს თავისი პასუხი - მისი თქმით, ივანიშვილის კრემლის აგენტობა ხელისუფლების მოგონილი მითია, რადგან მას ბიზნესმენის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი სხვა არაფერი გააჩნია. სხვაგვარი იყო ოპოზიციური სპექტრის შეფასებები. მათი აზრით, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები იყო ის, რასაც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია ელოდა.

დაბოლოს, ერთი დეტალიც, რითიც ივანიშვილმა პრაქტიკულად დაასრულა თავისი პრესკონფერენცია: პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში, მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG