Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევის შედეგები: მთავარი მოთხოვნა უსაფრთხოება


ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მთავარ პრობლემად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებენ. ადგილობრივი თემების დონეზე, უსაფრთხოების და სხვა საჭიროებების შესახებ სპეციალური კვლევა ჩატარდა. აგვისტოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ მოთხოვნად უსაფრთხოების გარანტიების შექმნა მიიჩნევა. ყველაზე საშიშ ზონად გორის რაიონის სოფელი კირბალი სახელდება, სადაც ბოლო წლებში რუსი მესაზღვრეების მიერ, ეგრეთ წოდებილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ადამიანების დაკავების 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ კირბალს ტყის მასივი და ღრომის ხეობა ესაზღვრება, რომელსაც რუსი და ოსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება სწორედ ამ ტყეში ხდება ხოლმე. ბოლო შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, როცა შეშის დასამზადებლად წასული ღვთისო თაყაძე მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. კირბალელების თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი ადამიანი, საკუთარი რისკის ფასად ტყეში მაინც გადის.

გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებში სპეციალური კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიომ“ პარტნიორი ორგანიზაციების „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა“ და „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ დახმარებით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია „გორის საინფორმაციო ცენტრში“ გაიმართა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, უსაფრთხო გარემო მაინც არ არსებობს. ფიზიკური საფრთხეების გამო, მთავარ პრობლემებად სოფლების გაუკაცრიელება, გარე დახმარებების შეწყვეტის ფონზე სიღარიბის დონის მატება, სუსტი კერძო სექტორი, შემცირებული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი და ეკონომიკური ზრდის დაბალი ალბათობა დასახელდა. ყველაზე მწვავე პრობლემად გამყოფ ხაზთან სიახლოვე, კონფლიქტის განახლების საფრთხე და რუსი სამხედროების დისლოკაცია სახელდება. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი და მისი ესკალაცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამწვავებაზეა დამოკიდებული. ამ კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. მაგალითად, თუ ნიქოზი-მერეთის მიმართულებით მოსახლეობა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიციური საგუშაგოების დამატებას ითხოვს, ფლავისმანი- ბერშუეთის მიმართულებით მოსახლეობა გამყოფი ხაზის გადაღმა მოძრაობის წახალისებას უჭერს მხარს. კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენელი ნათია ნადირაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა და ერთიანი დინამიკა არ ჩანს.

წითელუბან-ლამისყანის მიმართულებით 52 ნათესაური და 72 მეგობრული კავშირებია შენარჩუნებული. ამ სოფლებში გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კონფლიქტის მოგვარება ვაჭრობის აღდგენითა და ხელშეწყობითაა შესაძლებელი. „უსაფრთხო მსოფლიოს“ პროგრამის მენეჯერის ჯეფ გროუტენის აზრით, მთავარ პრობლემად ადგილობრივი თემების არაინფორმირებულობა რჩება. მისი აზრით, როგორც ცენტრალურმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლებას რეკომენდაციებიც გაუგზავნეს. ერთ-ერთი რეკომენდაცია ოსური მხრიდან ადმინისტრაციული ხაზის ქართული სოფლების სიღრმეში გადმოწევას ეხება. როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური აბრების დამონტაჟება და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ეგრეთ წოდებული საზღვრები მათი სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრითაა გადმოწეული. არასამთავრობოები ხელისუფლებას პრევენციული ზომების გატარებას ურჩევენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ინციდენტების რაოდენობა გაიზრდება.
XS
SM
MD
LG