Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1000 ჯიხური მცირე თუ მსხვილი ბიზნესმენებისათვის?


კომპანია "ნუგეშის" ჯიხური თბილისში
კომპანია "ნუგეშის" ჯიხური თბილისში
თბილისის ქუჩებში უახლოეს მომავალში 1000-ზე მეტი სავაჭრო ჯიხური დაიდგმება. როგორც თბილისის მერმა გასული თვის შუა რიცხვებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, მათი ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც ქალაქში, ძველი ჯიხურების ნაცვლად, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ელექტრონულ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა და 5 წლიანი იჯარით სავაჭრო ჯიხურით სარგებლობის უფლება მოიპოვოს. სკეპტიკურად უყურებს აღნიშნულ ინიციატივას საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი და ის მცირე მეწარმეების პრობლემების კონკრეტულ მაგალითებს იშველიებს.
ვერ გავიგე, რა ჯდება ის ჯიხური. ვიცოდი, რომ ჯიხური იჯარით უნდა ყოფილიყო და მიწა დროებით უსასყიდლოდ...

ცისანა პატეიშვილმა რამდენიმე ხნის წინ ვაშლიჯვარში მცირე ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა, თუმცა, ის იყო, ჯიხურის გარემონტება დაასრულა, რომ მასთან მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და ჯიხურის გახნა აუკრძალეს. მითხრეს, ეს კომუნისტების დროს დადგმული ჯიხურიაო. მან ცოტა ხნის წინ თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტის შესახებ შეიტყო, რომლის მიხედვითაც ქალაქში ახალი, თანამედროვე ტიპის 1000 ჯიხური უნდა დაიდგას. როგორც ცისანა პატეიშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი აქვს პროექტში მონაწილეობა მიიღოს, მას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.

“საიდან მაქვს შესაძლებლობა, აბა? ვერ გავიგე, რა ჯდება ის ჯიხური. ვიცოდი, რომ ჯიხური იჯარით უნდა ყოფილიყო და მიწა დროებით უსასყიდლოდ. ახლა კი პირიქით არის - მიწა ფასიანია და ჯიხური კიდევ შენ უნდა გააკეთოო. მე სად მაქვს მაგის თავი”, - ამბობს ცისანა პატეიშვილი.

აქ გამორიცხულია ყოველგვარი ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა. თითოეულ თქვენგანს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია დარეგისტრირდეს, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში...
19 ოქტომბერს თბილისის მერი გიგი უგულავა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ეს არის საუკეთესო შანსი იმ თბილისელებისთვის, ვისაც სურს განავითაროს კერძო ბიზნესი, შექმნას სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილებიო, ასე უთხრა გიგი უგულავამ დარბაზში შეკრებილ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

თუკი ტექნიკურ დეტალებს ჩავუღრმავდებით, მაშინ გეტყვით, რომ როგორც თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, თითოეულ ჯიხურზე ცალ-ცალკე ელექტრონული აუქციონი გაიმართება და თითოეულ მათგანზე საწყისი წლიური ფასი 1000 ლარი იქნება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ როგორც თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აუქციონი გამჭვირვალედ გაიმართება და თბილისის მერია გამარჯვებულს მისთვის სასურველი ჯიხურის დიზაინის ესკიზურ პროექტს საჩუქრად გადასცემს:

”აქ გამორიცხულია ყოველგვარი ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა. თითოეულ თქვენგანს ინტერნეტის საშუალებით შეუძლია დარეგისტრირდეს, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში, ივაჭროს და გაიმარჯვოს. ბუნებრივია, თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს თუნდაც ათასივე ჯიხურის აუქციონში, მაგრამ ეს ყველაფერი ტარდება ცალ-ცალკე, რადგან ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ჯიხურები მაინცდამაინც მსხვილმა სუბიექტებმა მიიღონ”, - ირწმუნება გიგი უგულავა.

მიუხედავად გიგი უგულავას დამაჯერებელი ტონისა, დედაქალაქის საკრებულოს წევრი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი თბილისის მერიის ახალ პროექტს ნაკლები ენთუზიაზმით უყურებს და ამბობს, რომ რეალურად საზოგადოებას საქმე ექნება მორიგ მონოპოლიასთან, რადგან, მისი თქმით, თავად ჯიხურების ფასი იმდენად მაღალია, რომ მცირემეწარმეების დიდი ნაწილი მის გადახდას ვერ მოახერხებს. მისი მტკიცებით, თითო ჯიხურის ფასი 8000 ლარამდე მერყეობს.

”12 ადამიანი იყო მოსული ჩემთან და მათ მომიტანეს ფურცლები ფასების შესახებ და იყვნენ ძალიან შეშფოთებულები, რადგან სინამდვილეში საქმე გვექნება მონოპოლიასთან, რადგან მცირე მეწარმეების უმრავლესობა ვერ შეძლებს ამ პირობების დაკმაყოფილებას”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სრულიად გეგმაზომიერი და წინასწარ შემუშავებული სტრატეგია აქვს ქვეყანაში მონოპოლიების განმტკიცებისა და ბიზნესში მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფების დამკვიდრებისათვის.

თბილისის მერიის ახალი პროექტის თაობაზე 31 ოქტომბერს საქართველოს პრესის ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. ისინი, მართალია, მიესალმებიან აღნიშნულ ღონისძიებას, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ პრესის გამავრცელებლებისა და გამომცემლების მრავალი მიმართვის თუ წერილის მიუხედავად, მერიამ ვერ (ან არ) გამოძებნა ადგილი გაზეთების, წიგნების თუ ჟურნალების სარეალიზაციო ჯიხურებისთვის. პრესის ასოციაციის დირექტორი ლაშა ტუღუში დაახლოებით ორი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როდესაც თბილისის მერიამ ქალაქის ცენტრალური ტერიტორიებიდან პრესის გამავრცელებელი ჯიხურები აიღო>

”ქალაქში სხვადასხვა ორგანიზაციების ჯიხურები იდგა, ერთ მშვენიერ დღეს კი მათი უმრავლესობა გაურკვეველი დაპირებების მოცემითა და მომავლის იმედით დაგვტოვეს. ამან თავის დროზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ათასივე ადგილზე იდგეს პრესის ჯიხური. ჩვენი ინტერესია, რომ გამოიყოს ისეთი ადგილები, სადაც მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქცია გაიყიდება”, - ამბობს ლაშა ტუღუში.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერიასთან დაკავშირებას და ორ კითხვაზე პასუხის მოძიებას. პირველი - შეესაბამება თუ არა სიმართლეს საკრებულოს წევრის თინა ხიდაშელის განცხადება იმის თაობაზე, რომ მცირე მეწარმეებს ჯიხურების შესაძენად დაახლოებით 8000 ლარის გადახდა მოუწევთ და მეორე - გაითვალისწინებს თუ არა თბილისის მერია პრესის ასოციაციის წინადადებას, ბეჭდური მედიის რეალიზაციისათვის გამოიყოს სპეციალური ადგილები. სამწუხაროდ, როგორც მერიაში გვითხრეს, აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მოძიება ამ ეტაპისათვის ვერ მოხერხდება.
XS
SM
MD
LG