Accessibility links

logo-print
ლონდონში გრძელდება სასამართლო გარჩევა რომან აბრამოვიჩსა და ბორის ბერეზოვსკის შორის. „ნოვაია გაზეტა“ აქვეყნებს დეტალურ აღწერას სასამართლო პროცესისა, სადაც კითხვებს აბრამოვიჩს უსვამენ. დარბაზი გადაჭედილია, სასამართლოს სპეციალური ოთახების დამატება მოუწია ტელემონიტორებით, რადგან დარბაზში ჟურნალისტების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ადგილები არ იყო.

ამ თემაზე, ბუნებრივია, სხვა გაზეთებიც წერენ. მაგალითად, „ვედომოსტის“ ჟურნალისტი ტვიტერით ავრცელებს უკანასკნელ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ ლონდონის სასამართლოში ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უჩივის და დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარს ედავება. საქმეში არაპირდაპირ ვლადიმირ პუტინის სახელიც ფიგურირებს.

საინტერესოა, რომ „ნოვაია გაზეტა“ ლექციების ციკლს სთავაზობს მკითხველს. ლექტორის როლში მიხეილ ხოდორკოვსკია, რომელიც რუსეთში მიმდინარე პროცესებსა და მსოფლიო პოლიტიკურ გარემოზე წერს „ნოვაია გაზეტას“ მკითხველისთვის საპატიმროდან. პირველი ლექციის სახელწოდებაა ”თანამედროვე სოციალური ლიბერალიზმი რუსეთში”.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილე პარტიებს შვიდ-შვიდ საათიანი უფასო სატელევიზიო საეთერო დროის განაწილებაში ეხმარება. პარტიებმა ტელევიზიები გაინაწილეს ბრმა არჩევანით, ანუ მათ აიღეს კონვერტები და ამ კონვერტებში მოთავსებული ნომრებით გადანაწილდნენ. ამაზე შედარებით ვრცლად „იზვესტია“ წერს.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი „იზვესტიას“ ესაუბრება საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის შესახებ, რომელიც, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, რუსეთში მომავალ არჩევნებში 260-დან 200 დამკვირვებლამდე დავიდა. ტალიავინი პირდაპირ არ ასახელებს დამკვირვებელთა რაოდენობის შემცირების მიზეზებს, ის საუბრობს ჯგუფის შემადგენლობაზე. მისი თქმით, დამკვირვებლები ხდებიან როგორც სტუდენტები, ასევე სხვადასხვა უწყების ჩინოსნები, რომელთაც სადამკვირვებლო ქვეყანასთან გარკვეული შეხება აქვთ. ასევე - მეცნიერები. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, დამკვირვებლების მობილიზებას ეუთო დეცენტრალიზებულად, საკუთარ წევრი ქვეყნების ნებაყოფლობითი მონაწილეობით ახდენს, ანუ ქვეყნები თვითონ წყვეტენ, გაგზავნიან თუ არა დამკვირვებლებს და რამდენს. მათთვის ზედა მარჟა მთლიანი სადამკვირვებლო ჯგუფის ათი პროცენტია.

დაბოლოს, „ვედომოსტიში“ „ლევადა ცენტრის“ კვლევიდან ფრაგმენტები ქვეყნდება. ციფრები რუსეთში მოსახლეობის ზოგად განწყობებს ასახავს. ერთ-ერთი საინტერესო შეკითხვაა, რას ფიქრობენ მოქალაქენი იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს, როცა ხელისუფლების ცვლა არ ხდება ქვეყანაში. „ლევადა ცენტრის“ გამოკითხულთა 25 პროცენტი ამბობს, რომ ეს სტაბილურობისთვის აუცილებელი პირობაა. გამოკითხულთა 54 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს სისტემის ჩაკეტვას, კორუფციას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას იწვევს.
XS
SM
MD
LG