Accessibility links

logo-print
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პროექტი სოფლებში ამბულატორიების გახსნა და პირველადი სამედიცინო მომსახურების დანერგვაა. პროგრამა მოსახლეობისათვის სასარგებლო აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ამბულატორიების გახსნამ მათი პრობლემები სრულად ვერ გადაჭრა. სოფელში ყველაზე მეტად სააფთიაქო ქსელების არარსებობა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა აწუხებთ.

გარდა იმისა, რომ სამედიცინო ამბულატორია ყველა სოფელში არ ფუნქციონირებს, ხოლო სადაც არის, იქაც მხოლოდ პირველადი მოხმარების მედიკამენტებია, მოსახლეობა სხვა პრობლემების წინაშეც დგება. სოფლად მცხოვრებნი ამბობენ, რომ საჭირო პრეპარატების შესაძენი თანხის მოძიებას თან მგზავრობის ღირებულებაც ემატება. ურავლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვასილ მოდებაძე განმარტავს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა რთულია.

სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად მოსახლეობა ბოლო ხანებში მედიკამენტების გაზრდილ ფასებზეც საუბრობს. ქალაქში წამლის შესაძენად ჩამოსვლა განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებს უჭირთ. როგორც ისინი ამბობენ, საჭირო მედიკამენტების შეძენა ხშირ შემთხვევაში დროშიც ფერხდება, რაც განსაკუთრებით იმ სოფლების მოსახლეობას უჭირს, რომლებიც ქალაქიდან ან დაბიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, ეს კიდევ დამატებით პრობლემებს უკავშირდება. საძელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მარტუნ პეტროსიანი ამბობს, რომ ამბულატორიებში არსებული მედიკამენტები სოფლის მოსახლეობისთვის საკმარისი არ არის.
როგორც ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ქვეყანაში არსებული სააფთიაქო ქსელები ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფასდაკლების აქციებს აწარმოებენ, რაც ყველა ადამიანზე ინდივიდუალური დაანგარიშების მიხედვით ვრცელდება. ,,ჯიპისის~ მენეჯერი ახალციხეში თამთა ჩაჩანიძე ფიქრობს, რომ ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მედიკამენტების ყველაზე ხშირი მომხმარებლები პენსიონერები და მოზარდები არიან. სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი რეგიონის სოფლებში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მოხუცები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG