Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში წამლებზე ფასდაკლების აქციებია


გორში ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქი შეგხვდებათ. აქ წარმოდგენილია როგორც დიდი სააფთიაქო ქსელების ფილიალები, ისე მცირე კერძო აფთიაქები. ქალაქში გამოკრული აბრები გვამცნობენ, რომ ესა თუ ის აფთიაქი მედიკამენტებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს, მაგრამ მომხმარებელი მაინც შედარებით დაბალ ფასში ეძებს მედიკამენტს. მსხვილი ქსელებიდან გორში წარმოდგენილნი არიან „პეესპე“, „ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“. ამ გლობალურ ქსელებთან კონკურენცია პატარა აფთიაქებს უჭირთ, მაგრამ თავი მაინც გააქვთ. მსხვილი ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფასები დედაქალაქსა და რაიონში ერთნაირია. „პეესპეს“ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი ქეთევან ჯამასპიშვილი ამბობს, რომ მათი უპირატესობა, კონკურენტებთან შედარებით, მუდმივი ფასდაკლებების აქციები და მაღალი ხარისხის მომსახურებაა.

ამასვე ამბობს „ავერსის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ლალი ბრეგვაძე. მისი თქმით, კონკურენცია ფასების წარმოქმნასთან არაფერ შუაშია და სეზონური ფასდაკლებები „ავერსის“ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია.

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კერძო აფთიაქების მფლობელებს. ისინი დაახლოებით ერთი წლის წინ მედიკამენტებზე კატასტროფულად გაზრდილ ფასებს იხსენებენ. მათი აზრით, ცოტა ხნის წინ ბაზარზე „პეესპე“, „ავერსი“ და სხვა მხვილი ბრენდები მონოპოლისტები იყვნენ, მედიკამენტებიც მათ შემოჰქონდათ და ფასებსაც შეთანხმებით ადგენდნენ. აფთიაქ „ხარებას“ მფლობელი მერაბ ხარებაშვილი ამბობს, რომ ახლა ვითარება შეიცვალა და მცირე კომპანიებსაც მიეცათ მედიკამენტების შემოტანის უფლება, რამაც კონკურენცია გაზარდა და ეს ყველაფერი მომხმარებელზე უკეთესად აისახა.

ქალაქის აფთიაქების შემოვლისას ნათელი გახდა, რომ სხვადასხვა მედიკამენტს სხვადასხვა აფთიაქში განსხვავებული ფასი აქვს. ზოგან ერთი მედიკამენტია იაფი, ზოგან კი მეორე, ამიტომ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში რამდენიმე მედიკამენტისთვის სიარული მთელ ქალაქში უწევს, რათა საჭირო წამალი შედარებით იაფად შეიძინოს.
XS
SM
MD
LG