Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოსახლეობისთვის წამლები ძვირი და ხელმიუწვდომელია


მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მაღალი ფასები რეგიონების მოსახლეობის ერთ-ერთ პრობლემად რჩება. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა აზრით, წამლებზე ფასები სხვადასხვა აფთიაქებსა თუ ფარმაცევტულ კომპანიებში განსხვავებულია.

იუზა სანიკიძე მეორე ჯგუფის ინვალიდია, მას მესამედ ჩაუტარდა ფეხის ოპერაცია, რეაბილიტაციისთვის ხანგრძლივი მკურნალობა და ძვირად ღირებული მედიკამენტები სჭირდება. როგორც თავად ამბობს, მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატებს თბილისში იძენს, რადგან ადგილობრივ აფთიაქებში მედიკამენტის უქონლობას მაღალი ფასით ხსნიან.

„ოპერაციის შემდეგ მჭირდება 45 დღიანი მკურნალობა ორი ანტიბიოტიკით, რომლებიც ღირს ძალიან ძვირი. ვყიდულობ თბილისში. ერთი ღირს 38 ლარი, მეორე-18. სხვა გამოსავალი არ მაქვს, ვყიდულობ ნაწილ-ნაწილ- 5 დღისას, 10 დღისას, ისიც ახლობლებისა და ნათესავების დახმარებით“, - ამბობს იუზა სანიკიძე.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, იმერეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების წამლები ხელმისაწვდომი არაა, განსხვავებით იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთაგან, სადაც ამბულატორია ფუნქციონირებს. ეკა ფანჩულიძის მშობლები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში ცხოვრობენ. როგორც თავად ამბობს, ადგილობრივ აფთიაქში მედიკამენტების უქონლობისა და ფასთა სხვაობის გამო, იძულებულია მშობლებს ყველა საჭირო წამალი ქუთაისში შეუძინოს.

„არის სოფელში აფთიაქი, მაგრამ ეს არის ძველი, სადაც ფასთა სხვაობაცაა, რადგან კერძოა. პენსიონრები არიან ორივე და წამლები, რაც სამკურნალოდ სჭირდებათ, ძირითადად იქ არაა და ხშირად მიწევს მათთვის პრეპარატების გაგზავნა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა ფანჩულიძემ.

მედიკამენტებს ქუთაისში ყიდულობს და სოფელში ახლო ნათესავებს უგზავნის იზა ასათიანიც. როგორც თავად ამბობს, ყოველთვიურად წამლებისათვის 100 ლარამდე თანხა სჭირდება, რაც მისი ოჯახისთვის ძვირია.

„დედამთილ-მამამთილისთვის ვაგზავნით წამლებს, რადგან სოფელში აფთიაქი საერთოდ არაა. ყველანაირ მედიკამენტს ვუგზავნით, დაწყებული ციტრამონიდან ანტიბიოტიკის ჩათვლით - წნევის დასარეგულირებელ, გულის დაავადებათა სამკურნალოდ, მამამთილისთვის თვალის წვეთებს ვაგზავნი. ბოლოს ორი კვირის წინ გავაგზავნე 75 ლარის წამალი, რაც ჩემთვისაც ძალიან ძვირია და, მით უმეტეს, პენსიონერისთვის“, - ამბობს იზა ასათიანი.
წამლების ფასების გამო განსაკუთრებულ უკმაყოფილებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპენსიო ასაკის ადამიანები გამოთქვამენ. რესპონდენტების თქმით, გაზრდილი პენსიის პირობებშიც 100 ლარი ყველა საჭირო მედიკამენტის შესაძენად არასაკმარისია.

„100 ლარის წამალი არ მყოფნის მე. ერთ თავ წამალში ვაძლევ 1, 3 ლარს დღეში, რომელიც ყოველდღიურად მჭირდება და სხვა წამალი რამდენი მაქვს, გაჩვენებთ. ჯიბე მაქვს სავსე, წამლებზე არ გვყოფნის ჩვენ პენსია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რესპონდენტმა.

წამლებზე ფასების დარეგულირებისთვის მოქალაქეები აუცილებელ პირობად სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ჩარევას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG