Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაცხადა, რომ იუნესკოს შეუწყვეტს დაფინანსებას


იუნესკო
იუნესკო
აშშ-მა გამოაცხადა, რომ გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციას, იუნესკოს, შეუწყვეტს დაფინანსებას. მიზეზი ისაა, რომ იუნესკომ თავის რიგებში პალესტინის თვითმმართველობა მიიღო.

აშშ-ის განცხადება ორგანიზაციისთვის ფონდის მეოთხედის დაკარგვას ნიშნავს. ის ეფუძნება ამ ქვეყნის კანონს, რომ არა აქვს იმ გაერთიანებების დაფინანსების უფლება, რომლებიც პალესტინის თვითმმართველობას, ანუ ავტონომიას, თავის რიგებში მიიღებენ, სანამ ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება არ დადებულა. როცა იუნესკომ კენჭი უყარა პალესტინის ავტონომიის მის რიგებში გაწევრიანებას, ამერიკის პოზიცია ცხადი იყო და რამდენიმე საათში ეს დაადასტურა კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა:
ქალბატონებო და ბატონებო, გენერალურმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას და გადაწყვიტა პალესტინის მიღება იუნესკოს წევრად...

„პალესტინის, როგორც სახელმწიფოს, იუნესკოში წევრობამ აამოქმედა დიდი ხნის იურიდიული შეზღუდვა, რომელიც აშშ-ს ნებას არ აძლევს, დააფინანსოს იუნესკო.“

ნულანდის მიერ ნახსენები იურიდიული აკრძალვა გულისხმობს კანონს, რომელიც 1990-იან წლებში შემოიღეს. იუნესკოში აშშ-ს წლიურად 70 მილიონი დოლარი შეჰქონდა. ეს ორგანიზაციის ბიუჯეტის მეოთხედია. იუნესკო მთელ მსოფლიოში ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მეცნიერებისა და განათლების სფეროების განვითარებას. იუნესკო იცავს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ სხვადასხვა ტიპის საგანძურს ასევე მთელ მსოფლიოში. ახლა, 31 ოქტომბერს, კენჭისყრამ გადაწყვიტა, რომ პალესტინელთა ავტონომია მისი 195-ე წევრი გამხდარიყო. 107 მიემხრო გადაწყვეტილებას, 14 წინააღმდეგი იყო, 52-მა სახელმწიფომ - მათ შორის იყო საქართველო - თავი შეიკავა. იუნესკოს 36-ე გენერალური კონფერენციის თავმჯდომარემ, კატალინ ბოდიაიმ, რომელიც გაეროში უნგრეთის ელჩია, კენჭისყრის შედეგები ასე გამოაქვეყნა:

„ქალბატონებო და ბატონებო, გენერალურმა კონფერენციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტის დამტკიცებას და გადაწყვიტა პალესტინის მიღება იუნესკოს წევრად.“
იუნესკო ემსახურება მეცნიერებას და არა სამეცნიერო ფანტასტიკას. თუმცა ქვეყნების დიდმა რიცხვმა, წევრების ორმა მესამედმა, მაინც მტკიცედ მიიღო რეალობის ფანტასტიკური ვერსია...

მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა შორის იყვნენ, აშშ-თან ერთად, გერმანია, ნიდერლანდი, შვედეთი, ასევე ისრაელი. ვაშინგტონში ვიქტორია ნულანდმა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია გამოხატა და თქვა, რომ ას შვიდი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა კენჭისყრის შედეგი, დასანანია, ნაადრევი, და ზიანს მიაყენებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მცდელობებს.

ისრაელმაც განაცხადა, რომ იუნესკოში თავის საფინანსო წვლილს არ შეიტანს. იუნესკოში ისრაელის წარმომადგენელმა ნიმრონ ბარკანმა კენჭისყრის შედეგებს ტრაგიკული უწოდა:

„იუნესკო ემსახურება მეცნიერებას და არა სამეცნიერო ფანტასტიკას. თუმცა ქვეყნების დიდმა რიცხვმა, წევრების ორმა მესამედმა, მაინც მტკიცედ მიიღო რეალობის ფანტასტიკური ვერსია, როცა მხარი დაუჭირა ამ სამეცნიერო ორგანიზაციაში არარსებული სახელმწიფოს გაწევრიანებას.“

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ეს ნაბიჯი იმასვე ნიშნავს, რომ უარყო საერთაშორისო საზოგადოების მცდელობა, განავითაროს სამშვიდობო პროცესი. პალესტინელთა ავტონომიის პოზიცია საპირისპიროა. პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა თქვა, პალესტინის იუნესკოში მიღება ჩვენი უფლებების, სამართლიანობისა და თავისუფლების გამარჯვებააო. თვითმმართველობის წარმომადგენელმა ღასაან ხატიბმა თქვა:

„ჩემი აზრით, იუნესკოში წევრობის მიღწევა პალესტინელებისთვის მნიშვნელოვანია მათი მცდელობისათვის, პალესტინა აღიარებულ იქნეს სახელმწიფოდ. ეს არის ნაწილი პალესტინელთა სწრაფვისა, მიაღწიონ საერთაშორისო აღიარებას.“

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პრეზიდენტმა აბასმა გაეროს მიმართა თხოვნით, მიიღონ პალესტინელთა ავტონომია გაეროს წევრად. ნოემბრის თერთმეტში საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს. აშშ აპირებს ვეტო დაადოს მას, აცხადებს რა, რომ მშვიდობა მხოლოდ ისრაელსა და პალესტინის თვითმმართველობას შორის მოლაპარაკებით მიიღწევა.

ახლა იუნესკოს, აშშ-ის მხრიდან დაფინანსების გარეშე, საქმიანობის შეზღუდვა მოუწევს. ადრე, 1980-იან წლებში, რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს, ვაშინგტონმა უკვე გამოუცხადა ბოიკოტი ორგანიზაციას. ჯორჯ ბუში უმცროსის დროს, 2003 წელს, ის კვლავ დაუბრუნდა იუნესკოს რიგებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG