Accessibility links

logo-print
23 ოქტომბერი, კვირა
გასულ კვირას საოჯახო ზეიმი გვქონდა: ჩემი დაბადების დღე აღვნიშნეთ - ოთხმოცდამერვე! ეს ამბავი ტყუილად არ მიხსენებია - მე ფეხბურთის თაყვანისმცემელთა იმ თაობას მივეკუთვნები, რომლებსაც მოედანზე უნახავთ ბორის პაიჭაძე, გაიოზ ჯეჯელავა, ბასა ღოღობერიძე, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი. რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ შემდეგ მოსულ ვლადიმერ ბარქაიაზე, მურთაზ ხურცილავაზე, დათო ყიფიანზე, საშა ჩივაძეზე, მათ შემდგომ თაობაზე.

ჰოდა, გუშინ, ტელევიზიით საქართველოს პირველობის მორიგ მატჩს ვუყურე მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონსა“ და ცხინვალის „სპარტაკს“ შორის. გოლების სიუხვის მიუხედავად (5:1), საყურებელი არაფერი იყო - ეს გახლდათ უსუსური, პრიმიტიული ფეხბურთი, რომელსაც, ჩვენ დროს, ეზოს ფეხბურთს, ველურ ფეხბურთს დაარქმევდნენ.

იმავე ტურში, თბილისის დინამოელებმა, რომლებიც ერთ დროს ბრწყინავდნენ უცხოურ სტადიონებზე, ზუგდიდში ადგილობრივ გუნდთან, 1:2 წააგეს. და ეს არიან დინამოელები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ესპანეთში მწვრთნელი და სამი მოთამაშე შეიძინეს. იქნებ ისინი არ იყიდეს, ვინც საჭირო იყო? როგორ შეიძლება, აქვე არ გაგახსენდეს საქართველოს ნაკრების სავალალო მდგომარეობა, გუნდისა, რომელიც კვლავინდებურად უფროსი ასაკის ლეგიონერებზე არის ორიენტირებული და არ განახლდება შინ გამოზრდილი ახალგაზრდების ხარჯზე! ესენი კი აბა, სად უნდა ნახო, თუკი, ლამის ყველა საბავშვო საფეხბურთო სკოლა ფასიანი გახდა და მძიმე ხარჯად დააწვა მშობლებს, რომელთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.



24 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს პირველად გადავაბიჯე სასამართლოს შენობის ზღურბლს, მაგრამ შემთხვევა განსაკუთრებული იყო. 1997 წელს საქართველოში მიიღეს კანონი საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის თაობაზე. კანონი კი მიიღეს, მაგრამ მისი აღსრულება არავის უფიქრია. თუმცა, აი, ორი თუ სამი წლის წინათ, ჩვენმა თანამემამულეებმა, ძმებმა კილაძეებმა, რომელთაც სტალინური რეპრესიების დროს დედაც დაკარგეს და მამაც, საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს და სტრასბურგიდან მოვიდა პასუხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისაგან დანაპირებების შესრულებას მოითხოვდა. ძმებს ცალ-ცალკე, კომპენსაციის სახით, 4000 ევრო გადაუხადეს. ეს ამბავი გახდა ნიშანი ათასობით ადამიანისათვის, რათა მათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის მიემართათ - ორგანიზაციისათვის, რომელმაც ამგვარი საქმეების გაძღოლა ითავა.

1937 წელს მეც დავზარალდი: მამა დამიხვრიტეს, დედამ ბანაკებში თითქმის რვა წელი გაატარა. ჰოდა, დავიწყე მასალების შეგროვება, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, რა სიძნელეების დაძლევა მომიწევდა ჭეშმარიტების დადგენის გზაზე. მასალები საკმაოდ ვრცელ სიას მოიცავდა: დოკუმენტების ორიგინალები და ასლები, მრავალსაათიანი ძიებანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა თუ სამოქალაქო საქმეების რეესტრში, ნოტარიალური კანტორების მონახულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მშობლების კანონიერ მემკვიდრედ მაღიარებდა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ყველაფერ ამას ორ თვეზე მეტი ხანი დასჭირდა, ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

და აი, დღეს საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში ჩავაბარე ყველა დოკუმენტი. ახლა ისღა დამრჩენია, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდო.

25 ოქტომბერი, სამშაბათი
დილით, ჩვეულებისამებრ, ძაღლთან ერთად იპოდრომის ხეივნებში სასეირნოდ გავედი (საბედნიეროდ, ჩემს სახლთან ახლოს არის და ცოდვა იქნება, კაცმა ასეთი შესაძლებლობით არ ისარგებლო).

დავბრუნდი თუ არა, სატელეფონო ზარი გაისმა.

- რუსეთის საფეხბურთო კავშირიდან გირეკავთ. ნიკიტა პავლოვიჩთან დაგაკავშირებთ.

სიმონიანს, ალბათ, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია, ვიცნობ. ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს მოსკოვშიც და თბილისშიც (განსაკუთრებით, ჩვენი საერთო მეგობრის, მიხეილ პირაევის ოჯახში); მართლაც ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ბევრი მათგანი გავიხსენეთ, მათ შორის მიშა პირაევი, რომელიც თითქმის წელიწადია, რაც გარდაიცვალა.

- გადაწყვეტილება მიღებულია - მითხრა სიმონიანმა, როცა საუბრის საქმიან ნაწილზე გადავიდა. - ფეხბურთის ისტორიის დიდტანიანი გამოცემა უნდა მომზადდეს. გვინდა გთხოვოთ, პირველი ტომისათვის ნარკვევები დაგვიწერო ავთანდილ ღოღობერიძეზე, მიხეილ მესხსა და სლავა მეტრეველზე. დანარჩენებზე მერე დავილაპარაკოთ, ახლა სპონსორების ძიებაში ვართ.

წინადადება სიამოვნებით მივიღე, თუმცა იქვე გამოვთქვი ეჭვი, რომ გაგვიჭირდებოდა ომისშემდგომი მატჩების ფოტოების მოძიება. მოვილაპარაკეთ, რომ მოსკოველები მათ ТАСС-ის ფოტოქრონიკის არქივში დაძებნიან, მე კი ადგილობრივი გაზეთების არქივებს გადავხედავ და თავად ფეხბურთელების საოჯახო ალბომებიდან მოვიპოვებ ფოტოებს.

ვფიქრობ, საინტერესო სამუშაო მელის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თანამემამულეები სათანადოდ წარმოვაჩინო.

26 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დილიდან წვრილად ცრის შემოდგომის წვიმა. მე კი, ჩემს მეგობრებთან ერთად, შორი გზა მაქვს გასავლელი ქალაქის მეორე ბოლოსკენ. მუხათგვერდის სასაფლაოზე მივდივარ, სადაც ორმოცი დღის წინ დავკრძალეთ ჩვენი მეგობარი ალიკა თავაძე.

სპორტის ოსტატი, მრავალი რესპუბლიკური თუ საკავშირო მრავალდღიანი ველორბოლის გამარჯვებული, შემდეგ კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ომარ ფხაკაძის ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი და ველოსპორტის წამყვანი ოსტატების აღმზრდელი ალიკ თავაძე, ბოლომდე რჩებოდა თავისი იდეალის ერთგული - ეს იყო ბავშვებთან მუშაობა. თავისი საგანგებო დანიშნულება განსაკუთრებით მაშინ იწამა, რაც ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში უნდა გაიმართოს. იგი თავს ვალდებულად თვლიდა, ამ დღესასწაულისათვის მოემზადებინა ბიჭები.

არ მინდა ახლა იმ შტამპებს მივმართო, ხშირად რომ იყენებენ მსგავს შემთხვევებში, მაგრამ ალიკა ნამდვილად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მორიგი წვრთნის დროს, ეს 76 წლის „შრომაჰოლიკი“ ბიჭების ჯგუფს ავტომაგისტრალზე მიჰყვებოდა... ველოსიპედით. თუმცა, საყოველთაოდ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჯგუფს ან მანქანით ან მოტოციკლით უნდა გაჰყვე. მაგრამ არც სკოლასა და არც ფედერაციას, ბენზინის ფული არ ჰქონდათ. ხომ არ შეეძლო ალიკ თავაძეს, ბიჭები უმეთვალყურეოდ დაეტოვებინა... და აი, ერთ-ერთ მოსახვევში ველოსიპედი მოუცურდა, იგი გადმოვარდა და თავი დაარტყა. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო უმძიმეს ოპერაციას.

ჩვენ ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით, ხშირად ვურთიერთობდით, ახალ ამბებს ვუზიარებდით ერთმანეთს - ის ყოველთვის საქმის კურსში იყო, რა ხდებოდა თანამედროვე ველოსპორტში. მისი წასვლით მე ერთგული მეგობარი დავკარგე, ქართულმა სპორტმა კი - გამორჩეული სპეციალისტი, რომელიც ყოველთვის წინა ხაზზე იყო - ცხოვრებაშიც და საქმეშიც.

27 ოქტომბერი, ხუთშაბათი
აფხაზეთიდან დევნილ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ჩემი ყურადღება მიიპყრო ოჩამჩირელების საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა, რომლის წევრებს აერთიანებს არა მხოლოდ ნოსტალგია მშობლიური კუთხის მიმართ, არამედ, ასევე, ფეხბურთის სიყვარული და სამართლიანი სიამაყე იმ ოჩამჩირელების გამო, რომელთა სახელებიც სამუდამოდ დარჩება სპორტის ისტორიაში. აბა, როგორ არ უნდა იამაყო, თუკი ამ პატარა ზღვისპირა ქალაქში დაიბადნენ და ეზიარნენ ფეხბურთს ცნობილი მეკარეები: ამირან ტყებუჩავა, ვალტერ სანაია, ვლადიმერ მარღანია, არანაკლებ ცნობილი მოთამაშეები ნიაზბეი ძიაპშიპა, გიგა ნორაკიძე და ვიტალი დარასელია. როგორც თავად ოჩამჩირელები ხუმრობენ, ვერც ერთი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ასეთი რაოდენობის სპორტის ოსტატებით ერთ სულ მოსახლეზე.

უკვე დიდი ხანია, ტრადიციად იქცა დაბადების დღეების, სასიხარულო თუ სევდიანი ამბების ერთად აღნიშვნა. იდეების მთავარი გენერატორი თენგიზ ნორაკიძეა, თავდაუზოგავი და მოუღლელი სპორტის ოსტატი. სწორედ ის იყო ინიციატორი წიგნისა „ოჩამჩირიდან დიუსელდორფამდე“. ეს წიგნი, ზემოხსენებული ექვსი ფეხბურთელის შესახებ 2005 წელს დავწერე და ორჯერ გამოიცა.

დღეს კი თენგიზი სასიხარულო ამბით მოვიდა ჩემთან - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს ჯგუფ „ერთობას“ (ასე ჰქვია ოჩამჩირელ ფეხბურთის მოყვარულთა ასოციაციას) და გამოუყო მათ სივრცე, სადაც თენგიზი საარქივო მასალების შეგროვებას აპირებს. ეს იქნება იშვიათი ფოტოები, სხვადასხვა წლებში გამოცემული წიგნები, ცნობარები, საფეხბურთო მატჩების პროგრამები და მრავალი სხვა. სწორედ ყველაფერ ამაზე უნდოდა ჩემთან მოთათბირება.

სიამოვნებით წავყევი ახალი ოფისის დასათვალიერებლად და დავპირდი, რომ ყველაფერში დავეხმარები.

28 ოქტომბერი, პარასკევი
15 ნოემბერს ცნობილ კალათბურთელს ნოდარ ჯორჯიკიას 90 წელი შეუსრულდებოდა. იგი საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი იყო, ევროპის პირველობის გამარჯვებული, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და მრავალი მედლისა და ჯილდოს მფლობელი.

რამდენიმე თვის წინათ გაჩნდა იდეა, გამოიცეს წიგნი, რომელშიც მისი თანაკლუბელების, მეგობრებისა თუ ჟურნალისტების მოგონებები შევა. ოჯახის ინიციატივით - ცოლისა და ორი ვაჟის მონდომებით, შეიკრიბა მდიდარი საარქივო მასალა და ბევრი იშვიათი ფოტო. მე, როგორც ამ კრებულის შემდგენელს, შესაძლებლობა მომეცა, ნოდარის შესახებ მოგონებები შემეგროვებინა. და აი, ჩვენი ნაშრომი დამთავრებულია - დღეს წიგნი სტამბაში ჩავაბარეთ და გამომცემლები გვპირდებიან, რომ მოგვისწრებენ პრეზენტაციისათვის, რომელიც იუბილეს დღესაა დანიშნული.

29 ოქტომბერი, შაბათი
მალე წელიწადი გავა, რაც ფინანსური პრობლემების გამო აღარ გამოდის უძველესი და უმსხვილესი რუსულენოვანი გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“ (საბჭოთა პერიოდში მას „ზარია ვოსტოკა“ ერქვა). ბოლო წლების განმავლობაში, მე ამ გაზეთთან ვთანამშრომლობდი. რედაქცია ჩემთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი არ ყოფილა, ეს იყო კოლეგებთან და მეგობრებთან შეხვედრისა და ურთიერთობის ადგილიც. რაც ეს დავკარგე, სახლში „ჩავჯექი“, ერთგვარ სატელეფონო ცნობარად ვიქეცი - სპორტის ისტორიის საკითხებში.

შაბათის პირველივე ზარმა საგონებელში ჩამაგდო. ახალგაზრდა კოლეგა დათო ჭელიძე მეკითხებოდა, რომელ წლებში იყო მირონ ბარამია საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის ხელმძღვანელიო? სანამ პასუხზე ვფიქრობდი, ვკითხე, რა მასალას ამზადებ-მეთქი. მითხრა, რომ აპირებენ წიგნის გამოცემას პირობითი სახელწოდებით „ქართული სპორტის ოქროს წიგნი“. მე ველოსპორტის ნაწილი მაქვს ჩაბარებულიო, დაამატა დათომ და იქვე მთხოვა, მირონის გარდაცვალების თარიღი დამეზუსტებინა.

- რას ამბობ, დათო?! მირონი ცოცხალია! აგერ უკვე 15 წელია, შვეიცარიაში ცხოვრობს და პენსიაზე გასვლამდე ძალზე აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ფედერაციასთან. მისი ქალიშვილი მარინა კი დღეს საკმაოდ გავლენიანი სახეა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში.

ყურმილი დავკიდე და გავიფიქრე: ნეტავ ქართულ კალათბურთზე ვინ წერს? სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ 2006 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი „ქართული კალათბურთი“, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა შევიდა. გამომცემლებთან დარეკვა უხერხულად და უადგილოდ მივიჩნიე. თან ვიფიქრე: იმდენი ხანია, აღარ ვჩანვარ ადგილობრივ პრესაში, იქნებ, დათოსი და მირონის არ იყოს, გამომცემლებს ეჭვიც კი გაუჩნდათ - ვარ კი ცოცხალი?

ასეთია ცხოვრება... როგორც ჩანს, დადგა დრო, გზა ახალგაზრდებს დავუთმოთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG